Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1910 და 2010: ორი ცვლილება და „გზა არათავისუფლებისკენ“

სალომე ასათიანის პოდკასტი

1910 და 2010: ორი ცვლილება და "გზა არათავისუფლებისკენ"
please wait

No media source currently available

0:00 0:32:58 0:00
გადმოწერა

„1910 წლის დეკემბერში - ან დაახლოებით ამ დროს - ადამიანის ბუნება შეიცვალა“.

ეს ვირჯინია ვულფის სიტყვებია - ერთ-ერთი იმ გამონათქვამებს შორის, რომლებსაც მუდმივად ციტირებენ, თუმცა შეიძლება არც იცოდნენ ვისი ფრაზაა, ან რა კონტექსტიდან მოდის. ვულფი ხელოვნებაში მოდერნიზმის, უფრო ზოგადად კი მოდერნული ეპოქის გამოძახილზე წერს - დროისა და ადამიანის გამოცდილების ფრაგმენტაციაზე, ტექნოლოგიურ რევოლუციაზე, ურბანიზაციაზე. და ამბობს - „ეს ცვლილება უცაბედი და მკაფიო არ ყოფილა, თუმცა თავისთავად ცვლილება ნამდვილად მოხდა. და რადგან პირობითობას ვერ ავცდებით, მოდით ის დაახლოებით 1910 წლით დავათარიღოთ“.

ამ ფორმულირებას ჩვენს დროში უცვლელად გაიმეორებს ამერიკელი ისტორიკოსი, ტიმოთი სნაიდერი. „2010 წლის აპრილში - ან დაახლოებით ამ დროს - ადამიანის ბუნება შეიცვალა“, წერს ის წიგნში, რომელზეც ამ ეპიზოდში გიყვებით. ეს წიგნი 2018 წელს დაიბეჭდა, და მას „გზა არათავისუფლებისკენ: რუსეთი, ევროპა, ამერიკა“ ჰქვია.

ტიმოთი სნაიდერი
ტიმოთი სნაიდერი

ტიმოთი სნაიდერს მკითხველი სხვა წიგნით უფრო იცნობს - ელეგანტური საერთაშორისო ბესტსელერით „ტირანიის შესახებ“, რომელშიც ეს ვეტერანი ისტორიკოსი 20 გაკვეთილით გვასწავლის ავტორიტარიზმთან ბრძოლის გზებს. მაგრამ ჩემთვის სნაიდერის ბევრ და მნიშვნელოვან პუბლიკაციას შორის „გზა არათავისუფლებისკენ“ ყველაზე ძვირფასია. აქ იგი ისეთი სიზუსტით ხედავს დღევანდელ, მღელვარე პოლიტიკურ სურათს, თითქოს ეს წიგნი მომავლიდანაა დაწერილი - როცა მოვლენები უფრო დაწრეტილია და მათი ანალიზიც უფრო იოლადაა შესაძლებელი.

ამბავი ასეთია - საბანკო სიხარბით გამოწვეული, 2008 წლის ფინანსური კრიზისისა და დასავლეთის საზოგადოებებში გაზრდილი სიბრაზის პარალელურად, გლობალურ პოლიტიკაში მოხდა სხვა, უფრო შეუმჩნეველი და ავისმომასწავებელი ცვლილებაც. მანამდე პოლიტიკური პედაგოგიკა ძირითადად ერთი მიმართულებით მოედინებოდა - პოსტ-საბჭოთა სივრცეს ვაშინგტონი და ბრიუსელი ასწავლიდნენ ლიბერალურ დემოკრატიას, რადგან მეფობდა მიამიტური რწმენა, რომ ისტორია გარდაუვალი პროგრესისკენ მოძრაობს - და კომუნიზმის დანგრევასაც დემოკრატია უნდა მოჰყოლოდა, გარდაუვალად. მაგრამ პოსტსაბჭოთა რუსეთში დემოკრატიის ნაცვლად ავტორიტარიზმი დაცემენტდა - ამ ქვეყნის მმართველებმა გაიაზრეს, რომ მათთვის დემოკრატიული რეფორმები შეუძლებელიც იყო და არახელსაყრელიც. რუსებს არ უნდა ელაპარაკათ განათლებაზე, პენსიებზე, ჯანდაცვაზე, სოციალურ დაცვაზე, ინფრასტრუქტურაზე; არ უნდა ეფიქრათ, რომ სადღაც, სხვანაირი მთავრობების პირობებში ხალხი გაცილებით უფრო მდიდარია და უფრო თავისუფალი. და საამისოდ დაფუძნდა არა პროგრესის, არამედ მარადიული ფანტომების პოლიტიკა - მითები დიად წარსულზე და ვერაგ მტრებზე, რომლებიც რუსეთის გარყვნას და განადგურებას ცდილობენ.

მოსწავლისა და მასწავლებლის, ანუ რუსეთის და დასავლეთის როლები თანდათან ბუნდოვანი გახდა - თავისი დახშული, ფაქტობრიობის უარყოფაზე მიმართული პოლიტიკა რუსეთის 2010-იანი წლებიდან აქტიურად გააქვს საზღვრების მიღმაც, მათ შორის დასავლეთშიც, და არცთუ წარუმატებლად. ეს ხდება აქტიური დეზინფორმაციული ომით, მილიონობით ტროლით და ბოტით, დასავლელი ულტრამემარჯვენე ძალების მხარდაჭერით, ფინანსური ბერკეტებით და „კომპრომატებით“. „რუსეთმა დაიწყო თავისი ევროპელი მეზობლების შეცდენა და დაშინება, რათა მათ უარი ეთქვათ საკუთარ ინსტიტუციებსა და ისტორიაზე. თუ რუსეთი ვერ გახდებოდა დასავლეთი, მაშინ დაე დასავლეთი დამსგავსებოდა რუსეთს“ - ასე აყალიბებს ტიმოთი სნაიდერი თავისი წიგნის მთავარ, დამზაფვრელ სათქმელს, და წიგნში დიდ ადგილს უთმობს რუსულ იდეებს, უწინარესად რელიგიური ფაშისტის, ივან ილინის მოსაზრებებს, რომლებითაც დღევანდელი პროპაგანდა იკვებება, თანაც მსუყედ.

ამ მანკიერი დეზინფორმაციული ფრონტის ყველაზე ცხელი ხაზი სექსუალობაზე გადის - „გზა არათავისუფლებისკენ“ ზედმიწევნით ნათლად გვაჩვენებს როდის, როგორ და რატომ გადათარგმნა კრემლმა გეოპოლიტიკა სექსუალობის დრამაში. როგორ უწოდა ჯერ სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით მოსკოვის „ბალოტნაიას“ მოედანზე გამოსულ რუსებს, შემდეგ მაიდანზე თავმოყრილ უკრაინელებს „ჰომოდიქტატურის“ აგენტები; მერე კი საკუთრივ ევროკავშირს გამოაცალა პოლიტიკური მნიშვნელობა, ტყუილებით წარმოებული შფოთვით - თითქოს დასავლეთთან დაახლოება „გარყვნილებას“ გვიქადის.

თავისი პოლიტიკური მაქინაციების ეფექტიანობა მოსკოვმა მკაფიოდ დაინახა 2014 წელს - უკრაინის ყირიმის ანექსირებისა და დონბასში შეჭრის ფონზე. როცა იმუშავა განზრახ გავრცელებულმა დამაბნეველმა მესიჯებმა - რომ „უკრაინის საზოგადოება ნაციონალისტებით იყო სავსე - მაგრამ უკრაინა ნაცია არ იყო. უკრაინის სახელმწიფო იყო რეპრესიული, მაგრამ ეს სახელმწიფო არ არსებობდა. რუსებს იქ უკრაინულ ენაზე ლაპარაკს აიძულებდნენ - მაგრამ თან არც უკრაინული ენა არსებობდა“. სნაიდერი წერს - „ბევრ ევროპელსა და ამერიკელს კანონიერი წესრიგის დაცვაზე მეტად გაუადვილდა რუსული პროპაგანდის აჩრდილებზე აყოლა - ისინი დროს კარგავდნენ იმაზე კამათში, საერთოდ მოხდა თუ არა შეჭრა; იყო თუ არა უკრაინა ნამდვილი სახელმწიფო; თავად ხომ არ იყო ის რაიმე ფორმით პასუხისმგებელი იმაზე, რომ მის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ამან გამოაჩინა დიდი სისუსტე, რომელიც რუსეთმა მალევე გამოიყენა - ევროკავშირშიც და შეერთებულ შტატებშიც“.

„გზა არათავისუფლებისკენ“ სწორედ ამ სისუსტის ანალიზითაა უნიკალურად ღირებული. სნაიდერი უკომპრომისოდ აკრიტიკებს დასავლეთის პოლიტიკურ მითებს "გარდაუვალი პროგრესის“ შესახებ, და ამ თავმომწონე ზღაპრებითვე ხსნის ევროკავშირის უუნარობას მოიგერიოს რუსეთის აბსურდული მოსაზრება, თითქოს ეს ბლოკი ქვეყნებს „სუვერენიტეტს“ ართმევს - მაშინ, როცა ამ კავშირის უპრეცედენტო მონაპოვარი სწორედ სახელმწიფოთა სუვერენიტეტზე დაფუძნებული ერთიანობაა. წიგნის ბოლო, მწვავე თავში ისტორიკოსი გადაგვანაცვლებს შეერთებულ შტატებში - და ამავე მითებით ახსნის დონალდ ტრამპის, და მისი მოძრაობის, „მაგას“ აღზევებას.

ოლიგარქებს ერთმანეთთან ბევრად მეტი აქვთ საერთო, ვიდრე თავიანთ მოსახლეობებთან - გვაფრთხილებს სნაიდერი ამ წიგნში, რომელსაც მალე, იმედია, ქართულადაც წავიკითხავთ. იმისთვის, რომ მკაფიოდ დავინახოთ ჩამუქებული გზა არათავისუფლებისკენ - რომელზეც საქართველოს ხელისუფლებაც აქტიურად მიგვიძღვის; და დავინახოთ ამ გზიდან გადასახვევი, თუ გამოსავალიც - მოქალაქე, რომელიც თავად ფიქრობს, ინფორმაციას ამოწმებს, უარს ამბობს ფაქტების ჩანაცვლებაზე მისთვის სასურველი ემოციით; ანუ ადამიანი, რომელიც მითოლოგიზებულ აწმყოშიც და ისტორიაშიც ჯიუტად და მაინც სიმართლეს ეძებს.

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG