Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EU-მ დაასანქცირა რუსული ელექტროკომპანია Интер РАО, საქართველოში "თელასის" და "თელმიკოს" არაპირდაპირი მფლობელი

მოკლედ

  • ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ 23 ივლისს დამტკიცებული სანქციების 21-ე პაკეტში მოხვდა რუსული ელექტროკომპანია „Интер РАО“, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს ქართულ ენერგოსექტორთანაც.
  • შვილობილი კომპანიების გამოყენებით რუსული "ინტერ რაო" საქართველოში "თელასის,""თელმიკოს" და "ხრამიჰესების" მფლობელია.
  • Интер РАО-სთან საქართველოს 75,9 მილიონი დოლარი აქვს გადასახდელი არბიტრაჟში წაგებული საქმის გამო.
  • სანქცირების შემდეგ, Интер РАО-ს მიერ პირდაპირ ან ირიბად კონტროლირებულ კომპანიებთან ტრანზაქციების შესრულება შეიძლება აეკრძალოთ ევროკავშირის ბანკებსა და კომპანიებს.

„ინტერ რაო“ 19 მლნ. მომხმარებლით, რუსეთის ერთ-ერთი ენერგოგიგანტია, რომლის შემოსავალი 2023 წელს 1,36 ტრილიონ რუბლი იყო. მას რუსეთის მთავრობა აკონტროლებს. თავის მხრივ "ინტერ რაოც" ფინანსურად ეხმარება უკრაინის დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებელ რუსეთის ხელისუფლებას - წერია სანქციების არგუმენტაციაში.

კომპანია Интер РАО“ საქართველოშიც ყველაზე მსხვილი ენერგომოთამაშე, რომელიც ამ სექტორს არაპირდაპირ, შვილობილი კომპანიების საშაულებით აკონტროლებს. რუსული კომპანია საქართველოში აქტივების სამართავად ორ შვილობილ კომპანიას იყენებს: Inter RAO Gardabani Holdings-სა და Silk Road Holdings-ს.

Inter RAO Gardabani Holdings -ი ორ ქართულ ჰიდროელექტროსადგურს, ხრამი-1-ს და ხრამი-2-ს ფლობს. 2016 წლის დეკემბრამდე, მის საკუთრებაში იყო გარდაბნის ძველი თბოსადგურიც.

Silk Road Holdings-ის საკუთრებაშია ენერგეტიკული კომპანიების, "თელასის" და "თელმიკოს" 75 - 75%.

Silk Road Holdings-ს "თელასის" დარჩენილი 24.892%-იანი წილის შესაძენად, რომელსაც ახლა ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი კომპანია „ბესტ ენერჯი ჯგუფი" ფლობს, სატენდერო შეთავაზება აქვს გამოცხადებული. შეთავაზებების მიღების ვადა 31 ივლისს იწურება, რის შემდეგაც განაცხადების განხილვა 7 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება, აქციების შეძენა კი 21 აგვისტოსთვის უნდა დასრულდეს.

ვინაიდან Интер РАО-ს შვილობილი Silk Road Holdings ნიდერლანდებშია რეგისტრირებული, წილების შესყიდვას შესაძლოა, ნიდერლანდების შესაბამისი ორგანოს ნებართვა დასჭირდეს. შედეგად, ტრანზაქცია შეიძლება შეფერხდეს ან საერთოდ დაიბლოკოს.

ამ ეტაპზე, ქართული ენერგოკომპანიებისთვის ცალკე სანქციები დაწესებული არ არის, თუმცა, აქტივების გაყინვის შესახებ ევროკავშირის წესები, ჩვეულებისამებრ, ვრცელდება იმ კომპანიებზეც, რომლებსაც სანქცირებული სუბიექტი პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებს ან მათი წილის უმრავლესობას ფლობს.

2025 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, "თელასმა" 76 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო, ხოლო "თელმიკომ" 53.7 მილიონი ლარის წმინდა ზარალი დააფიქსირა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG