27 ივლისს რუსეთის ჯარებმა შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლია. დანგრეული და დაზიანებულია სახლები.
ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ივან ფედოროვის ცნობით, მართვადმა საავიაციო ბომბმა ქალაქ ზაპოროჟიეში კერძო სახლი დაანგრია. დაიღუპა 67 წლის კაცი. მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 22 წლის ბიჭი. დრონებით შეტევის შედეგად ზაპოროჟიეში დაზიანებულია მრავალბინიანი სახლი. დაიჭრა ორი ადამიანი - შუა ხნის ქალი და მამაკაცი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მუშაობა დაასრულა ქალაქ ჩერნიგოვში, სადაც 26 ივლისს საღამოს რუსული დრონებით შეტევისას დარტყმა იყო სავაჭრო ცენტრზე. შენობაში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის ცხრა წლის გოგო და დაშავდა 25.
27 ივლისს დრონებით შეტევა იყო რუსეთზეც. როსტოვის ოლქის გუბერნატორ იური სლიუსარის ცნობით, ქალაქ დონის როსტოვში დაიღუპა ორი და დაიჭრა ხუთი ადამიანი. გუბერნატორის თანახმად, დაშავებულებს შორისაა მოზარდი, რომლის მდგომარეობა მძიმეა.
სლიუსარის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად ხანძრები გაჩნდა კერძო საწარმოსა და საწყობების ტერიტორიებზე და რამდენიმე კერძო სახლში. დაზიანებულია მრავალბინიანი სახლი.
როსტოვის მცხოვრებთა მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებით, დრონებით შეტევა იყო სავაჭრო პორტზე. ეს ინფორმაცია თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაადასტურა დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ. მისი მონაცემებით, კვამლია პორტის მეოთხე სატვირთო რაიონში.
მიუხედავად იმისა, რომ როსტოვის პორტი მდინარე დონზე მდებარეობს, საზღვაო პორტად ითვლება, რადგან აზოვი-შავი ზღვის აუზის სისტემაში შედის. როსტოვის პორტიდან, რომელიც საერთაშორისო ნაოსნობას ემსახურება, რეისები სრულდება შავი და ხმელთაშუა ზღვების ქვეყნებიკენ. პორტს ოთხი სატვირთო რაიონი აქვს.
27 ივლისს უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ განაცხადა რუსეთის ბელგოროდის ოლქის ხელისუფლებამაც. მისი ინფორმაციით, ქალაქ ბელგოროდში, სადაც მრავალბინიანი და კერძო სახლებია დაზიანებული, სულ მცირე 12 ადამიანი დაშავდა.
- რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტულს“ უწოდებს უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევებს სამრეწველო და სხვა ობიექტებზე რუსეთის ტერიტორიასა და ანექსირებულ ყირიმში.
- უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც უნდა იგრძნონ და მას ომის დასრულება უნდა აიძულონ.
უკრაინამ პრიორიტეტული სამიზნეების ჩამონათვალი განაახლა
26 ივლისს, უკრაინის თავდაცვის ძალების მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ რუსეთის სიღრმეში დრატყმების „სანქციები“ გარკვეული პრიორიტეტების შესაბამისად სრულდება და დისტანცია 3000 კილომეტრზე მეტია.
ზელენსკის ინფორმაციით, შეხვედრაზე შეათანხმეს ოპერაციის გაგრძელების საკითხი და პრიორიტეტული სამიზნეების ჩამონათვალი განაახლეს.
პუტინი „დარწმუნებულია“, რომ უკრაინა მიწებს დასავლეთშიც დაკარგავს
26 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სანქტ-პეტერბურგში, სამხედრო-საზღვაო ფლოტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება.
პუტინმა ისევ გაიმეორა რუსული პროპაგანდის ნარატივი, რომ „ისტორიული სამართლიანობის“ აღდგენა უწევთ, რადგან დონბასი ყოველთვის რუსეთის იყო.
პუტინი „დარწმუნებულია“, რომ უკრაინა დაკარგავს დასავლეთ მიწებსაც: „იმასაც, რაც პოლონეთს ეკუთვნოდა, უნგრეთს ეკუთვნოდა, რუმინეთს ეკუთვნოდა. ადრე თუ გვიან, ხვალ და ზეგ თუ არა, ერთ, ორ, ათ, თხუთმეტ (წელიწადში) ისტორიულად ყველაფერი თავის ადგილზე დადგება“.
რა გზით მოხდება ეს, პუტინს არ უთქვამს.
ფორუმი