Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ შეეხება „თელასს“ Inter RAO-სთვის დაწესებული სანქცია - ეროვნული ბანკის განმარტება

„თელასი“ დედაქალაქში ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორია.
„თელასი“ დედაქალაქში ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორია.

საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, რუსული ენერგოკომპანიის, „ინტერ რაოს“ შვილობილი „თელასის“ საბანკო მომსახურებაზე ბანკები რისკების გათვალისწინებით ინდივიდუალურად მიიღებენ გადაწყვეტილებას ისე, რომ არ დაარღვიონ შიდა რეგულაციები და საერთაშორისო სანქციების აღსრულების პირობები.

კონკრეტულად როგორ აისახება ეს პრაქტიკაში, ეროვნული ბანკი არ განმარტავს.

„თელასი“ არ არის შეყვანილი სანქცირებულ პირთა სიაში და წარმოადგენს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას, რომლის შეუფერხებელი ფუნქციონირება აუცილებელია მოსახლეობისა და ეკონომიკისთვის“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

უწყების განმარტებით, „სანქციებთან დაკავშირებული საკითხების შეფასებისას მხედველობაში მიიღება კონკრეტული გარემოებები, მათ შორის განსახორციელებელი ოპერაციების ხასიათი და მიზანი“:

„ბანკები გააგრძელებენ სს „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და ასევე რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად“, - აცხადებენ სებში.

რადიო თავისუფლებას დედაქალაქში ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის, „თელასის“ პრესსამსახურში უთხრეს, რომ „ჩვეულ რეჟიმში“ მუშაობენ. კომპანია თბილისის მოსახლეობის გამრიცხველიანებისა და ტექნიკური მომსახურების ნაწილშია ჩართული. Inter RAO ირიბად ფლობს 75%-იან წილს კომპანია „თელმიკოშიც“, რომელიც მოსახლეობას ელექტროენერგიას აწვდის. კომპანიაში ამბობენ, რომ „საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება“.

საბანკო ასოციაციას ჯერ არ გაუკეთებია განმარტება იმის შესახებ, როგორ იმოქმედებენ საქართველოში არსებული ბანკები და როგორ განმარტავენ ეროვნული ბანკის ამ მითითებას. რადიო თავისუფლება პასუხს ელოდება მათგან.

Интер РАО-ს სანქცირება

  • ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ 23 ივლისს დამტკიცებული სანქციების 21-ე პაკეტში მოხვდა რუსული ელექტროკომპანია „Интер РАО“, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს ქართულ ენერგოსექტორთანაც.
  • შვილობილი კომპანიების გამოყენებით რუსული "ინტერ რაო" საქართველოში "თელასის,""თელმიკოსა" და "ხრამჰესების" მფლობელია.
  • Интер РАО-სთან საქართველოს 75,9 მილიონი დოლარი აქვს გადასახდელი არბიტრაჟში წაგებული საქმის გამო.
  • სანქცირების შემდეგ, Интер РАО-ს მიერ პირდაპირ ან ირიბად კონტროლირებულ კომპანიებთან ტრანზაქციების შესრულება შეიძლება აეკრძალოთ ევროკავშირის ბანკებსა და კომპანიებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG