გასული ღამის განმავლობაში და გამთენიისას აფეთქებები იყო მოსკოვის შემოგარენში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ განაცხადა.
სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლების მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეოკადრების მიხედვით, ხანძრები გაჩნდა მოსკოვის ოლქის რამდენიმე რაიონში, მათ შორის ქალაქ ჩეხოვში და პოდოლსკის მახლობლად.
რუსული და უკრაინული წყაროების ცნობით, მოსკოვის ოლქში სამიზნეებს შორის იყო ქარხნები და საწყობები.
რა თქვა ადგილობრივმა ხელისუფლებამ
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა 28 ივლისს დილის რვა საათისთვის სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ 27 ივლისის 20:30-დან 28 ივლისის 06:30 საათამდე „მოსკოვის რეგიონის მიმართულებით მიფრინავდა 390-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი“ და მათი „დიდი ნაწილი განეიტრალებულია შორეულ მისადგომებთან“. სობიანინს არ დაუსახელებია მოუგერიებელი დრონების რიცხვი.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ვორობიოვის თანახმად, საჰაერო თავდაცვის ძალებმა „რამდენიმე ათეული დრონი გაანადგურეს პოდოლსკის, კოლომნის, რამენსკოეს და დომოდედოვოს ტერიტორიების თავზე".
ვორობიოვის ცნობით, ქალაქ ჩეხოვში დრონი მოხვდა მრავალბინიან სახლს, ხოლო ქალაქთან მდებარე სოფლებში, ვაულოვოსა და დუბნაში დამწვარი და დაზიანებულია ორი კერძო სახლი.
სხვა წყაროები
დამოუკიდებელი რუსული გამოცემა ASTRA თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე წერს, რომ დრონებით შეტევის შედეგად მოსკოვის ოლქის ქალაქ ჩეხოვში ხანძარი გაჩნდა რეგენერაციის ქარხნის ტერიტორიაზე. ეს ქალაქის ადმინისტრაციამაც დაადასტურა.
ქარხანა დაკავებულია ავტომობილების ძველი საბურავების გადამუშავებით და რეზინის სხვადასხვა პროდუქციის წარმოებით.
ASTRA-ს ცნობით, ჩეხოვში რეგენერაციის ქარხნიდან 800 მეტრშია ქარხანა „გიდროსტალკონსტრუქცია“, რომელიც ჰიდრომექანიკურ დანადგარებს და მეტალის კონსტრუქციებს აწარმოებს, მათ შორის ენერგეტიკის ობიექტებისთვის. მონიტორინგის უკრაინული არხის, Exilenova+-ის ინფორმაციით, დრონებით შეტევა იყო ამ ქარხანაზეც.
სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლების მიერ გავრცელებული კადრების მიხედვით, ხანძარი გაჩნდა მოსკოვის ოლქის ქალაქ პოდოლსკთან მდებარე სოფელ კოლედინოშიც. ზოგიერთი რუსული ტელეგრამ-არხი წერდა, რომ შეტევა იყო კომპანია Wildberries-ის საწყობებზე.
კოლედინოში ხანძრის ფაქტი დაადასტურა მონიტორინგის უკრაინულმა არხმა Exilenova+-მა, თუმცა დაადგინა, რომ ეს არ არის Wildberries-ის ობიექტი.
დამოუკიდებელი რუსული გამოცემის, ASTRA-ს ცნობით, დრონებით შეტევის შედეგად კოლედინოში ხანძარი გაუჩნდა ლოგისტიკის კომპანია 3PL-ის საწყობს. მის გვერდითაა ონლაინ-გაყიდვების უმსხვილესი რუსული კომპანიის, Wildberries-ის საწყობები.
თავად კომპანიამ 28 ივლისს დილით სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ Wildberries-ის კოლედინოს ლოგისტიკის კომპლექსი „საშტატო რეჟიმით მუშაობს".
- ივლისის მეორე ნახევრიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა Wildberries-ის ლოგისტიკის ცენტრებს დაარტყეს რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის მოსკოვის ოლქსა და პეტერბურგში.
- რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტულს“ უწოდებს უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევებს სამრეწველო და სხვა ობიექტებზე რუსეთის ტერიტორიასა და ანექსირებულ ყირიმში.
- უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც უნდა იგრძნონ და მას ომის დასრულება უნდა აიძულონ.
26 ივლისს, უკრაინის თავდაცვის ძალების მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ რუსეთის სიღრმეში დარტყმების „სანქციები“ გარკვეული პრიორიტეტების შესაბამისად სრულდება და დისტანცია 3000 კილომეტრზე მეტია.
ზელენსკის ინფორმაციით, შეხვედრაზე შეათანხმეს ოპერაციის გაგრძელების საკითხი და პრიორიტეტული სამიზნეების ჩამონათვალი განაახლეს.
ფორუმი