მელითაურს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის დარღვევას ედავებოდნენ - 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე, რაც სამართალდამცველისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
მოსამართლემ ის სამართალდამრღვევად მიიჩნია 166-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო 173 მუხლის დამრღვევად არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება საკრებულოსთან დაკავებული სხვა პირების საქმის განხილვა.
მანამდე მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 5-ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა იმავე საქმეზე დაკავებულ ვასილ ბერიძეს. ის დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ამასთან სასამართლო სხდომაზე დასწრებაზე უარი განაცხადა და ადვოკატის მომსახურებაზეც უარი თქვა თორნიკე ტიკარაძემ. ის სხდომის მიმდინარეობისას სასამართლოს დაკავების ოთახში იმყოფებოდა, საიდანაც წერილი გამოგზავნა და თქვა, რომ არ სურს მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში, რომლის "გადაწყვეტილებაც წინასწარ ცნობილია".
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ, ტიკარაძე პატიმრობიდან გაათავისუფლა, საქმეზე სხდომა კი 31 ივლისს 14:00 საათზე დანიშნა
დაკავებულები ორ ჯგუფად დაჰყვეს და მათ საქმეებს ორი მოსამართლე განიხილავს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის პარალელურად ხმაური იყო, მანდატურებმა სხდომაზე დასწრების მსურველთა ნაწილს დარბაზში შესვლის უფლება არ მისცეს - სხდომათა დარბაზის ზომის სიმცირისა და დამსწრეთა სიმრავლის გამო.
აქტივისტების გულშემატკივრებს სასამართლოს შენობა იძულებით დაატოვებინეს.
რა მოხდა საკრებულოსთან თავისუფლების მოედანზე
თბილისის საკრებულოსთან 26 ივლისს, აქციის მიმდინარეობისას 10 ადამიანი დააკავეს: თორნიკე თოშხუა, მარიამ მეყანწიშვილი, ია მელითაური, ნატო ბოლქვაძე, სანდრო სეხნიაშვილი, ლაშა დგებუაძე, ვასო ბერიძე, მარინე ნანავა, თორნიკე ტიკარაძე და შაკო ბაღდოშვილი.
შსს-ს ცნობით, დაკავებულებს ,,შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში”.
თბილისში, საკრებულოსთან ჯერ აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს. თოშხუა, რომელიც ერთხელ უკვე იყო დაკავებული სისხლის სამართლის წესით და ციხე სულ რამდენიმე კვირის წინ დატოვა, საკრებულოსთან იყო ბანერით, რომელზეც ეწერა: "ბიძინა ყ***? კი თუ არა".
თოშხუას დაკავების შემდეგ, უწყვეტი პროტესტის მონაწილეები მისთვის სოლიდარობის ნიშნად საკრებულოსთან მივიდნენ, მათ ნაწილსაც ხელში მსგავსი შინაარსის ბანერები ეჭირა, პოლიციამ კიდევ 9 დემონსტრანტი დააკავა.
ყველა მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.
გუშინ, 27 ივლისს, იმავე ადგილას იმავე შინაარსის პლაკატის გამო პოლიციამ დააკავა დემონსტრანტი ნოდარ წიწრიაშვილი.
ფორუმი