Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ ილაპარაკა ტრამპთან თავისი "კარგი შეხვედრის" დეტალებზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, თეთრი სახლი, 2026 წლის 27 ივლისი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, თეთრი სახლი, 2026 წლის 27 ივლისი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ "კარგი" უწოდა შეხვედრას, რომელიც მან 27 ივლისს თეთრ სახლში გამართა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან.

ცენტრალური საკითხი, ზელენსკის თქმით, იყო კიევის მიერ ლიცენზიის მოპოვება ამერიკული გადამტაცი რაკეტების საწარმოებლად, Patriot-ის სისტემისთვის, ასევე რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების გააქტიურების საშუალებები.

"კარგი შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან ოვალურ ოფისში" - წერს ზელენსკი ტელეგრამით. მან შეხვედრის ფოტოც გამოაქვეყნა.

"გმადლობთ ყველაფრისთვის, რასაც ერთად ვაკეთებთ, რათა დავიცვათ უკრაინელთა სისოცხლე და მივაღწიოთ მშვიდობას. პრეზიდენტ ტრამპს უწინარესად ჩვენი სამძიმარი ვუთხარი ლინდსი გრემის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. იგი უკრაინის ჭეშმარიტი მეგობარი იყო" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკი წერს, რომ გადამტაცების წარმოებისთვის ლიცენზიის მიღების გარდა, მან ტრამპთან განიხილა "გარკვეული სხვა იდეები, რომლებიც შესაძლოა გამოსადეგი იყოს".

"ვილაპარაკეთ დიპლომატიაზეც - მნიშვნელოვანია გააქტიურდეს დიპლომატიური პროცესი. ჩვენი გუნდები ათანხმებენ სამომავლო კომუნიკაციის დეტალებს. შეერთებული შტატების მადლობელი ვარ მტკიცე მხარდაჭერისთვის" - დასძენს ზელენსკი.

ტრამპის და ზელენსკის შეხვედრა გაიმართა დახურულ კარს მიღმა, პრესის გარეშე. იუწყებიან, რომ მან საათ-ნახევარს გასტანა. მოლაპარაკების დროს და შემდეგ ჟურნალისტებისთვის არ გაკეთებულა განცხადებები.

დახურული ხასიათი ჰქონდა ტრამპის შეხვედრას ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთანაც, რომელიც თეთრ სახლში ზელენსკის შემდეგ მივიდა.

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა სოციალურ ქსელში Х დაწერა, რომ ტრამპის შეხვედრები ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან "გაიმართა დადებით და პროდუქტიულ ატმოსფეროში".

შეხვედრების შემდეგ სამი ლიდერი გეგმავდა რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის დაკრძალვის ცერემონიაზე მისვლას.

ზელენსკი იმედოვნებს, რომ აშშ-ში ტურნეს დროს ტრამპთან და კონგრესის წევრებთან შეხვედრებით გაააქტიურებს აშშ-ის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, ამ ქვეყანაში რუსეთის სრული მასშტაბით შეჭრის შემდეგ მიმდინარე ომის ფონზე. იუწყებოდნენ, რომ განხილულ თემებს შორის იქნებოდა Patriot-ის ტიპის რაკეტების საკითხი - ვაშინგტონში ჩასვლის შემდეგ ზელენსკიმ თქვა, რომ მისთვის პირველი რიგის ამოცანაა ანტისარაკეტო თავდაცვის გაძლიერება და უკრაინის ქალაქების დაცვა რუსეთის ხშირი თავდასხმებისგან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG