ამერიკის შერთებული შტატების და საუდის არაბეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყში იერიში მიიტანეს ირანთან კავშირის მქონე დაჯგუფებების ობიექტებზე.
შეერთებული შტატების არმიის ცენტრალური სარდლობის(CENTCOM) ინფორმაციით, 28 ივლისს წერტილოვანი დარტყმები განახორციელეს „ტერორისტებზე”, რომლებსაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი იყენებს თავდასხმებისთვის აშშ-ის შეიარაღებულ ძალებსა და საუდის არაბეთის ენერგეტიკის ინფრასტრუქტირაზე.
CENTCOM-ის თანახმად, აშშ-ის და საუდის არაბეთის გამანადგურებლებმა ერაყის აღმოსავლეთში დაბომბეს „ტერორისტების” მრავალრიცხოვანი ლოგისტიკის ობიექტები და იარაღის საწყობები, რაც იყო პასუხი ირანის გუშაგთა კორპუსის მითითებით, დრონებით ბოლო 72 საათში განხორციელებულ 30-ზე მეტ შეტევაზე. CENTCOM-ი ირწმუნება, რომ ამერიკულ ძალებზე შეტევები წარუმატებელი იყო
შეერთებული შტატები ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა და მის მიერ მართული ძალებისგან მოითხოვს თავდასხმების შეწყვეტას, რათა თავიდან აიცილონ ამერიკის მხრიდან შემდგომი სამხედრო მოქმედებები.
საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან ერთად ოპერაცია ჩაატარა თავდაცვის მიზნით მას შემდეგ, რაც ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა 28 ივლისს ერაყიდან დრონებით შეტევა მიიტანეს საუდის არაბეთის ნავთობობიექტებზე. სამეფოს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, დრონები მოიგერიეს.
- ერაყში მოქმედებენ შიიტების გასამხედროებული დაჯგუფებები, რომლებსაც ახლო აღმოსავლეთში სხვა პროირანულ დაჯგუფებებთან ერთად კურატორობას უწევს ირანის ისლამური რევოლიციის გუშაგთა კორპუსი.
ძირითადად პროირანული დაჯგუფებებისგან შემდგარი „სახალხო მობილიზაციის ძალების“(PMF) მიერ 29 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ისა და საუდის არაბეთის ერთობლივი ავიადარტყმების შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა და 32 დაიჭრა.
ერაყის აღმოსავლეთზე დარტყმის შესახებ CENTCOM-ის განცხადებამდე ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ 28 ივლისს ირანის ძალებმა იორდანიაში ამერიკულ სამხედრო ბაზას შეუტიეს.
CENTCOM-ის თანახმად, 28 ივლისს საღამოს ირანის ძალებმა სცადეს ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ ჯარებზე მოულოდნელი თავდასხმა და ამ მიზნით ისროლეს რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა, რომლებიც მოგერიებულია.
მანამდე, რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-ს და ირანს შეჩერებული ჰქონდათ ივლისის პირველი ნახევრიდან განახლებული ურთიერთშეტევები.
ფორუმი