Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაზე რუსეთის მორიგი შეტევის შედეგად დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან

რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დანგრეული სახლი ლვოვში. 2026 წლის 30 ივლისი
რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დანგრეული სახლი ლვოვში. 2026 წლის 30 ივლისი

უკრაინაში მსხვერპლი, ნგრევა და ხანძრები მოჰყვა რაკეტებით და დრონებით რუსეთის მორიგ შეტევას.

რუსეთის ჯარების სამიზნე იყო დედაქალაქი კიევიც. უკრაინაზე მასირებული შეტევა გასულ ღამით დაიწყო.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, 30 ივლისს დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო, რომ ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაიღუპა დნეპროპეტროვსკის ოლქის კრივოი-როგის რაიონის დაბა რადუშნეში, სადაც სარაკეტო დარტყმის შედეგად სრულად დანგრეულია ორი კერძო სახლი და კიდევ ხუთი დაზიანებულია. მაშველები ნანგრევებში მოყოლილთა ძებნას განაგრძობდნენ.

განახლება: დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსანდ განჟას ინფორმაციით, სარაკეტო შეტევის შედეგად კრივოი-როგის რაიონში დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 6 წლის გოგო და 11 და 17 წლის ბიჭები და დაიჭრა 8, რომელთაგან ერთის, 84 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა. ამავე ოლქის ნიკოპოლის რაიონში რუსული დრონებით შეტევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 30 ივლისს რუსეთის სარაკეტო დარტყმამ კერძო სახლი გაანადგურა დნეპროპეტროვსკის ოლქის კრივოი-როგის რაიონში
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 30 ივლისს რუსეთის სარაკეტო დარტყმამ კერძო სახლი გაანადგურა დნეპროპეტროვსკის ოლქის კრივოი-როგის რაიონში

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დედაქალაქ კიევში ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ქალაქის ორ რაიონში ხანძრები გაჩნდა ბაზრის სავაჭრო პავილიონებსა და ხუთსართულიან არასაცხოვრებელ შენობაში.

კიევის ოლქის ბროვარის რაიონში დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ნაწილობრივ დანგრეულია ორსართულიანი სახლი. კიდევ ორი დაზიანებულია.

ერთი ადამიანი დაიღუპა პოლტავის რაიონში, სადაც ხანძარი გაჩნდა საწყობებში. რა საწყობებია ეს, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურს არ დაუკონკრეტებია.

სარაკეტო შეტევა იყო ქალაქ ლვოვზეც. სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაქსიმ კოზიცკის ინფორმაციით, დაშავდა სულ მცირე 30 ადამიანი. ლვოვის მერის, ანდრი სადოვის ცნობით, ნაწილობრივ დანგრეულია ორი საცხოვრებელი კორპუსი. დაზიანებულია 20-ზე მეტი სახლი, სკოლა და ორი საბავშვო ბაღი.

  • 29 ივლისს ღამით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალური ქსელებით გაავრცელა გაფრთხილება, რომ რუსეთისგან მორიგი მასირებული დარტყმაა მოსალოდნელი და მოქალაქეებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ საჰაერო განგაშის სიგნალებს და თავშესაფრებში გადავიდნენ.
  • რუსეთის მასირებულ შეტევას წინ უძღოდა უკრაინული დრონებით მორიგი შეტევა რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის რიაზანის და პერმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.

350-ზე მეტი დრონი და რაკეტა

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 30 ივლისს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა მასირებული კომბინირებული შეტევისთვის გამოიყენეს 284 უპილოტო საფრენი აპარატი და სხვადასხვა ტიპის 74 რაკეტა, მათ შორის 4 გემსაწინააღმდეგო „ცირკონი“, 9 ბალისტიკური „ისკანდერი“ და 61 ფრთოსანი.

დარტყმის ძირითადი მიმართულებები იყო კიევის და ლვოვის ოლქები. შეტევა იყო დნეპროპეტროვსკის, სუმის, ვინიცის, პოლტავის, ნიკოლაევის და ივანო-ფრანსკოვსკის ოლქებზეც.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, მასირებული შეტევის თავისებურება იყო საჰაერო თავდასხმის სხვადასხვა ტიპის საშუალებების ერთდროულად გამოყენება სხვადასხვა მიმართულებიდან.

30 ივლისის დილის ცხრა საათისთვის დადასტურებული იყო უკრაინის ძალების მიერ 265 დრონის და 55 რაკეტის მოგერიება, მათ შორის ერთი ბალისტიკური „ისკანდერის“ და 54 ფრთოსნის და 11 რაკეტითა და 17 დრონით პირდაპირი დარტყმა 20 ადგილზე. დაზუსტებული არ იყო მონაცემები კიდევ 8 რუსული რაკეტის შესახებ.

რა თქვა რუსეთმა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 30 ივლისს დილით თავისი ოფიციალური არხებით გამოაცხადა, რომ რაკეტებით და დრონებით სამხედრო აეროდრომებს, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებს და სამხედრო დანიშნულების ლოგისტიკის და სატელეკომუნიკაციო ცენტრებს დაარტყეს ქალაქებში, კიევსა და ლვოვში და დნეპროპეტროვსკის, ივანო-ფრანკოვსკის, ჟიტომირის, როვნოს და ვინიცის ოლქებში.

უკრაინის ხელისუფლებას არ გაუვრცელებია ცნობები სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე დარტყმის შესახებ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ოდესის ოლქში, შავ ზღვაში დაარტყეს სამ სატვირთო გემსაც, რომლებსაც სამხედრო დანიშნულების ტვირთი, მათ შორის იარაღი გადაჰქონდათ.

უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლისა და სახლების ნგრევისა და დაზიანების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არაფერი უთქვამს.

  • უკრაინას რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან თავის დასაცავად დამატებითი საშუალებები სჭირდება, პირველ ყოვლისა ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემების, Patriot-ის რაკეტები.
  • 8 ივლისს ანკარაში, ნატოს სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არიან უკრაინას მისცენ Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზია.
  • 28 ივლისს ზელენსკიმ ტრამპთან თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ განიხილეს Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზია.




ფორუმი

XS
SM
MD
LG