„ოდისეა“ (აშშ, 2026, რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი)
მიუხედავად იმისა, რომ კრისტოფერ ნოლანის კინოს თაყვანისმცემელი არ ვარ და მის მიმართ დამკვიდრებულ თითქმის უპირობო აღტაცებას ვერ ვიზიარებ, ყოველთვის პატივს ვცემდი მის მუშაობის მეთოდს - გადაღებამდე ნოლანი სწავლობს მომავალ ფილმში მოთხრობილი ამბის ისტორიულ კონტექსტს, პირველწყაროებს, მათ თარგმანებს, ისტორიულ თუ ფილოსოფიურ კვლევებს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს გადაღებას. ამ მხრივ ნოლანი აგრძელებს კლასიკოსი პერფექციონისტი რეჟისორების (მაგალითად, ვისკონტის) ტრადიციას, სანამ კამერას ჩართავს, მასალა თითქმის მეცნიერული სიზუსტით აქვს შესწავლილი... და მხოლოდ შემდეგ, როცა სცენარზე მუშაობას იწყებს, თავს უფლებას აძლევს, უარი თქვას ყველაფერზე, რაც „მისი არ არის“, რაც არ აღელვებს, ანდა რაც ეწინააღმდეგება ფილმის კონცეფციას.
სწორედ ამიტომ გამიკვირდა, რომ ინტერვიუებსა და სტატიებში, რომლებიც „ოდისეაზე“ მუშაობას ეხებოდა, არაერთი კლასიკოსი, ისტორიკოსი და ფილოლოგი იყო მოხსენიებული, სხვადასხვა გამოცემა და თარგმანი, მაგრამ არსად შემხვედრია ჰანა არენდტის სახელი. არადა, სწორედ მან შემოგვთავაზა თავის დროზე ჰომეროსის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე წაკითხვა. მართალია არენდტი თავის ანალიზში უპირველესად „ილიადაზე“ მსჯელობს, მაგრამ სწორედ ამ ტექსტიდან გამოჰყავს ჰომეროსული სამყაროს ის ეთიკური პრინციპები, რომლებიც „ოდისეაში“ გრძელდება. არენდტისთვის „ოდისეა“ არ არის მხოლოდ შინ დაბრუნების ამბავი. შინ დაბრუნება მასთან გამოცდილებით გამდიდრებული დაბრუნებაა. ნოლანისთვის კი დანაშაულის გრძნობისა და ფსიქოლოგიური ტრავმის გზაა.
კრისტოფერ ნოლანიც თანამედროვე კითხვას სვამს, მაგრამ სრულიად სხვა პასუხამდე მიდის. თუკი არენდტისთვის ჰომეროსი ომის ტრაგედიას ისე გვიჩვენებს, რომ არცერთ მხარეს არ ანიჭებს მორალურ უპირატესობას (ასეთი მიდგომა ევროპული პოლიტიკური აზროვნების დასაბამად განიხილება), ნოლანისთვის ომი, უპირველესად, დანაშაულის ისტორიაა. შესაბამისად, ნოლანის სამყაროში მორალური ბუნდოვანება მნიშვნელოვნად მცირდება. კრისტოფერ ნოლანის „ოდისეა“, ჰოლივუდის ეს ახალი პაციფისტური მანიფესტი, არის მკვეთრი, ცხადი, ყოველგვარ „მაგრამ“-ს მოკლებული კინოეპოსი ომის წინააღმდეგ. ითაკა არ არის უბრალოდ „სახლი“, რომლითაც უნდა დასრულდეს მოგზაურობა. ესაა შინაგანი მთლიანობის სიმბოლო, რომელიც უნდა აღდგეს. ომის შემდგომ გმირს დანაშაულის გრძნობა კლავს და არა ნება ღმერთებისა, რომლებიც ნოლანმა გამომწვევად, პრინციპულად, მე ვიტყოდი, „ყველას ჯინაზე“ დახოცა თავის ფილმში... თუ არ ჩავთვლით ათენას, რომელიც აქ ყველაზე სუსტი პერსონაჟია, ზენდეას სტანდარტული გამომეტყველებით (მე მგონი, ზენდეა მზერას უკვე აღარ იცვლის).
დანაშაულის გრძნობის ასეთი გამძაფრება, ფაქტობრივად მთელი კინოეპოსის აგება არა ტროას ომის გმირებზე, არამედ იმის დანაშაულზე, ვინც ომობდა, აბსოლუტურად „ნოლანის სტილშია“. სადღაც წავიკითხე, კრისტოფერ ნოლანთან ოდისევსმა არ აპატია თავის თავს როლი, რომელიც... ჰიროსიმის დაბომბვაში მიუძღვისო. კი, ნამდვილად ასეა. ჰოლივუდის ეს ახალი „ოდისეა“ უფრო ოპენ-ოდისევსის თავგადასავალია, ვიდრე ჰომეროსის ოდისევსისა, ნოლანის „ოპენჰაიმერის“ ერთგვარი გაგრძელებაა.. მაგრამ ამის გამო კი არ უნდა გავკიცხოთ ავტორი (რასაც, სამწუხაროდ, ბევრი აკეთებს), არამედ პირიქით, უნდა მივესალმოთ მისი არჩევანის თავისუფლებას, რადგანაც ნოლანი არ ცდილობს ჰომეროსის მუმიფიცირებას. ის უკავშირებს ჰომეროსს თავის იდეებს და ცდილობს დატოვოს „ოდისეადან“ მთავარი - ამბავი საკუთარ სახლში დაბრუნებაზე და ამბავი კაცზე, რომელიც სახლში შესვლამდე აღმოაჩენს, რომ უკვე სხვა ადამიანია.
და მაინც, რატომ შეჩერდა არჩევანი 3 000 წლის წინ დაწერილ ტექსტზე? რატომ დაიხარჯა ამდენი ფული დეკორაციებზე, ვარსკვლავებზე, IMAX კამერებზე, თუკი ნოლანი იგივეს გაიმეორებდა, რაც თავის წინა ფილმებში გვითხრა, ფაქტობრივად თვითციტირებას მიმართავდა… და არა მარტო “ოპენჰაიმერიდან”. ტრავმული მოგონებების აღდგენის მცდელობა „მემენტოს“ გაგახსენებთ, შინ დაბრუნების იდეა - „ვარსკვლავთშორისს“...
აზარტია ეს? ამბიცია? ავანტიურა? „კაიე დიუ სინემას“ რეცენზენტი თავის კრიტიკულ წერილში გვახსენებს ჟან-ლუკ გოდარს, რომელსაც „ოდისეას“ ეკრანზე გადატანა შეუძლებლად მიაჩნდა (აქვე გავიხსენოთ გოდარის შედევრი „ზიზღი“).. ვფიქრობ, როგორი განსხვავებულიც არ უნდა იყოს ჰომეროსის და კრისტოფერ ნოლანის დამოკიდებულება ოდისევსის თავგადასავლის მიმართ, მათ საერთოც ბევრი აქვთ - ერთმანეთისგან 28 საუკუნე აშორებთ, მაგრამ გამოხატვის ტექნიკა აახლოებთ - უყვართ იერსახეების განმეორება, კომბინაციები და რეკომბინაციები გარკვეული რიტმის მისაღწევად. აქედან იბადება არასწორხაზოვანი თხრობა, ფლეშბეკები, დროის და სივრცის ლაბირინთებში შეღწევის ვნება და თავსატეხის კულტი (რომელიც ნოლანთან გაძლიერებულია ხოლმე სამეცნიერო ტერმინოლოგიით)... ფილმის კონსტრუქცია თითქოს ჰგავს სუდარას, რომელსაც პენელოპა ქსოვს. ეგაა, რომ ჰანა არენდტისა არ იყოს, თუკი „ილიადაშიც“ და „ოდისეაშიც“ ჰომეროსის არასწორხაზოვნება ფორმისა და შინაარსის იდეალურ ერთიანობას ქმნის, ნოლანისთვის სირთულე და ლაბირინთი მხოლოდ ფორმაშია. მისი პოზიცია კი მარტივია და მკაფიო - „ყველა ომი ცუდია!“. უფრო მეტიც, თავისი წინა ფილმებისგან განსხვავებით „ოდისეაში“ ნოლანი თავად ზღუდავს კინოს ენას - სახიერება, დეტალები, მეტაფორები, „კამერის დრამატურგია“ ფილოსოფიური თეზისის სამსახურს ეწირება. ამიტომ ფილმი უფრო ჰყვება თავის აზრს, ვიდრე აჩვენებს მას.
არ ვარ დარწმუნებული, რომ სიყალბეს მოკლებულია ფილმის ავტორების გადაწყვეტილება, დააკისრონ თანამედროვე პაციფიზმის ტვირთი არქაულ მეომარს, რომლის „გაცისკროვნება“ არანაირად არ მზადდება ოდისევსის ბიოგრაფიაში, იმ 10 წელიწადში, რომელიც მან ომში გაატარა...
გზააბნეული ოდისევსი ბრუნდება სახლში, ცივსისხლიანად ანადგურებს მტერს და ხოცვა-ჟლეტიდან რამდენიმე წუთში სიტყვით მიმართავს პენელოპეს და ტელემაქეს იმის შესახებ, თუ როგორ იშლებიან ცივილიზაციები ომების გამო... ეს, ალბათ, თავად კრისტოფერ ნოლანის, „ოპენჰაიმერის“ ავტორის სიტყვაა, რომელსაც სახეშეცვლილ ოდისევსს ათქმევინებს. ჰომეროსის მზაკვარი, სასტიკი, ამაყი ოდისევსი კრისტოფერ ნოლანმა უემოციო, ჩაფიქრებული რაინდით, მელანქოლიური ვეტერანით შეცვალა, პოსტტრავმული სტრესული აშლილობით და სინანულით... მეტ დეიმონი ხანდახან მონიკა ვიტის პერსონაჟებს გაგახსენებთ ანტონიონის ფილმებში - მათსავით ჩაფიქრებულია სამყაროს ამაოებაზე და ადამიანთა სისასტიკეზე. ხანდახან კი, უბრალოდ, უსიცოცხლოა.
მეორე თემა, რომელიც ნოლანს და ჰომეროსს აკავშირებთ, დროის ძლევამოსილებაა. დრო ჰომეროსთან ყველას და ყველაფრის წარმმართველია. პენელოპა, რომელიც სუდარას ქსოვს, ჰპირდება სასიძოებს, რომ გაჰყვება მათ სამუშაოს დასრულებამდე. რაოდენ ლამაზი კინემატოგრაფიული სახეა! მთელი „სასპენსია“, რომელსაც, წარმომიდგენია, თუნდაც იგივე გოდარი რა კარგად გამოიყენებდა, „ოდისეას“ ეკრანიზაცია რომ გაებედა. კინემატოგრაფიული დრო გაიწელებოდა და გვექნებოდა ე.წ. „ცაიტ-ლუპის“ ეფექტი, ანუ დროის დინება ახლო ხედით იქნებოდა წარმოდგენილი. მაგრამ ჰოლივუდის ჟანრული და ვიზუალური კლიშეები ნოლანს უბრალოდ არ აძლევს დროსთან ასეთი სარისკო თამაშის უფლებას.
კრისტოფერ ნოლანის ფილმებში დრო ყოველთვის რაღაცნაირი მტრული, დამანგრეველი ძალაა. ნოლანი კითხულობს, რამდენი მსხვერპლია კიდევ საჭირო იმისათვის, რომ ხელახლა აღმოაჩინო ის, რაც დაკარგულია. ეს კითხვა თავისთავად მოითხოვს მიახლოებას, ჩაცქერებას, დაკვირვებას, მაგრამ, როგორც „კაიე დიუ სინემას“ კორესპონდენტი წერს: ნოლანის „მთავარი პრობლემა ისაა, რომ მას არ შეუძლია მიუახლოვდეს ყველაზე ელემენტარულ, ყველაზე მწარე სიმართლეს ისე, რომ არ გამოიყენოს ჩახლართული ნარატივები, კვანტური მონტაჟი, დროგამოშვებით კი, თეფშების ხმამაღალი დარტყმები (მუსიკალური ეფექტები).... ის მაყურებელს უბლოკავს დროის აღქმის რეალურ, მგრძნობიარე გამოცდილებას“.
კრისტოფერ ნოლანი დაძაბულობის შექმნის ოსტატია. კირკეს კუნძულის სცენები მართლაც ძალიან ჰგავს გოიას „შავ სურათებს“ (ოდისევსის პოსტტრავმული სინდრომის სახეები). დღევანდელ ამერიკულ კინოში ნოლანს თითქმის ვერავინ გაუწევს კონკურენციას არა მარტო შიშის ატმოსფეროს, არამედ ამ რაღაც არქაული, „ადრეისტორიული“ გარემოს შექმნაში. გამოჩნდნენ კრიტიკოსები, რომლებსაც არ მოსწონთ „ოდისეას“ კოსტიუმები. დეკორაციების მიმართაც გამოითქვა პრეტენზიები, თითქოს გარემო „დროს ვერ ასახავდეს“... სინამდვილეში, სწორედ გარემოს ეს „უდროობა“ ქმნის პირველ რიგში იმის განცდას, რომ ჩვენ ვუყურებთ მოგზაურობას ფიქრებში, ომის ხანძრის ჩაქრობის ეტაპებს „საკუთარ თავში“. გარემოს („ადრეისტორიული დეკორის“) მნიშვნელობას ისიც აძლიერებს, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავებს, რომლებსაც ვხედავთ ფილმში, ბევრი არც არაფერი აქვთ სათამაშო. ისინი, როგორც ნოლანის სხვა ფილმებში, განასახიერებენ უფრო ფუნქციას, ვიდრე პროტაგონისტს. „ოდისეა“ არ არის ფსიქოლოგიური ფილმი პერსონაჟების ხასიათის ცვლილებით. ამის დრო კრისტოფერ ნოლანს არა აქვს. და არც სურვილი. დავაკვირდი და, თუ არ ვცდები, 5 წამზე დიდხანს „ოდისეაში“ არც ერთი საშუალო ხედი არ გრძელდება. ეს აიხსნება ხოლმე იმით, რომ „ნოლანი თანამედროვეა“, რომ გრძნობს ახალ რიტმებს, რომ სურს, ტიკ-ტოკის თაობა კინოთეატრებში მოიყვანოს („ოდისეამ“ ეს მართლაც გააკეთა) .. სინამდვილეში მგონია, რომ ესაა კონცენტრაციის და დუმილის ფობია, იმის შიში, რომ მაყურებელს, შესაძლოა, დაძაბულობის განცდა გაუქრეს და სიჩუმეში, უბრალოდ, მოეწყინოს. როგორც კი იქმნება სიცარიელის საშიშროება, ნოლანი მიმართავს საფირმო ხმაურებს და „აძლიერებს ფონოგრამას“. ეს ვითომ ვირტუოზული ნოლანის მონტაჟი „ოდისეას“ გადააქცევს მოჭრილი კადრების თაიგულად. მთრთოლვარე ტილოდ, რომელშიც ლუდვიგ იორანსონის „ბრინჯაოს ხანის ინსტრუმენტების“ პათეტიკური ხმაური ახშობს საუბარს. უფრო მეტიც, მუსიკას აქ საერთოდ არ გააჩნია ის ეპიკურობა, რასაც ასე ძლიერ მოითხოვს დაკარგულ სახლში დაბრუნების სიუჟეტი.
გასაგებია, ნოლანი არასდროს დაუშვებდა, რომ მის ფილმში პერსონაჟებს ძველი ბერძნულით ესაუბრათ. მაგრამ ჰომეროსის ენის ასეთი რადიკალური მოდერნიზაცია (მათ შორის „უხამსი ენის“ მშვიდობიანი თანაარსებობა ცივილიზაციის დაცემის შესახებ პრეტენზიულ დისკუსიებთან) „ოდისეას“ კი არ განაახლებს, არამედ ქმნის კონფლიქტს ტექსტსა და გამოსახულებას შორის. მთელი ეს ძვირადღირებული დეკორაცია, რომელიც „ადრეისტორიულ“ თუ „ზეისტორიულ“ სამყაროს გამოხატავს, უბრალო რეკვიზიტად აღიქმება ნოლანის პერსონაჟების დიალოგებისა და მონოლოგების ფონზე. არ ვიცი, რამდენად გააზრებული აქვს ავტორს ეს დისონანსი. შეიძლება გამოსახულების და ტექსტის ორგანულობა არც აღელვებდეს, რადგანაც საბოლოოდ ყველაფერი ემსახურება თანამედროვე ბლოკბასტერის ლოგიკას - მაყურებელი ერთი წამითაც არ უნდა მოდუნდეს.
მოგონება დასკვნის ნაცვლად
ამბობენ, რომ „ოდისეას“ განსაკუთრებული წარმატება 4DX კინოთეატრებში აქვს. ცხადია, ნოლანს ფილმი ამ ფორმატისთვის არ გადაუღია, თუმცა პარადოქსი ისაა, რომ მისი კინემატოგრაფიული ენა - უწყვეტი მოძრაობა, ხმოვანი შეტევები, ფიზიკური ზემოქმედებისკენ მიმართული მონტაჟი ასეთი ატრაქციონების ჩვენებას განსაკუთრებით კარგად ერგება. 4DX თითქოს მხოლოდ ამძაფრებს იმ თვისებებს, რომლებიც თავად ფილმში უკვე არსებობს.
ასეთ „კინოდარბაზში“ მოვხვდი პირველად გასული საუკუნის 90-იან წლებში, პარიზის დისნეილენდში, სადაც ჩემი იმხანად 12 წლის ძმისშვილი წავიყვანე. უნდა გამოვტყდე, მაგრად მეზარებოდა ეს ექსკურსია, მით უმეტეს, რომ დისნეილენდში შესასვლელი ბილეთი წარმოუდგენლად ძვირი მომეჩვენა. ნიკას, ჩემს ძმისშვილს, ერთ-ორ საათში დაღლა შევატყვე. მე კი აღმოვაჩინე, რომ თანდათან მომწონდა იქაურობა - იმდენად მოვიხიბლე, რომ ბავშვს იქით ვეხვეწებოდი ცოტა ხნით კიდევ დარჩენას დისნეის სამოთხეში. ყველაზე მეტად მომეწონა „მოძრავი კინოთეატრი“, სადაც „საშინელებათა“ ფილმს უჩვენებდნენ. მოძრავმა სავარძლებმა (მიწისძვრის ეფექტისთვის) და ეკრანიდან ნასროლმა ბოთლებმა არა მარტო ნიკა, არამედ მეც კარგა მაგრად შემაშინა. ამ ატრაქციონმა თითქმის წაშალა ასაკობრივი ზღვარი ბიძასა და ძმისშვილს შორის. ორივე „გაგვაბავშვა“... ალბათ სწორედ ასე აღიქვამდნენ კინოს ძმები ლიუმიერების და ჟორჟ მელიესის სეანსებზე. კინოს პიონერები ადამიანებს ბავშვობაში აბრუნებდნენ.
ასე რომ, ნუ ეხუმრებით „ოდისეის“ გადაქცევას დისნეილენდად. კრისტოფერ ნოლანმა გადაწყვიტა ფილმით (რომელსაც, სხვათა შორის, ასაკობრივი შეზღუდვა აქვს, ამიტომ მას „მთელი ოჯახით“ ვერ ნახავთ), ბავშვობასთან, უფრო სწორად, „ბავშვობის სახლთან“ დაგვაახლოვოს.
საბოლოოდ, მას მერე, რაც ჯერ „გვაფილოსოფოსებს“, შემდეგ კი ბავშურ განცდებს დაგვიბრუნებს, „ოდისეა“ ტრადიციულ ფასეულობებს უბრუნდება - ოჯახს, ერთგულებას, მამისა და შვილის (ვაჟის!) მემკვიდრეობას. ნოლანის „ოდისეას“ ხომ სრულიად მკაფიო და ცალსახა გზავნილი აქვს. დიდი ხნის განშორების შემდეგ ოჯახის მთლიანობა აღდგება, მამა-ავტორიტეტი შვილს ქვეყანას უტოვებს, თვითონ კი, თავის ერთგულ ცოლთან ერთად... ისევ „კაიეს“ კორესპონდენტს დავესესხები - „პენსიონერებისთვის განკუთვნილ მდიდრულ, გრანდიოზულ კრუიზში“ აღმოჩნდება.
ფორუმი