„როსატომის“ კუთვნილი გემი „იანინა“ შავ ზღვაში უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი დრონის თავდასხმის შედეგად ჩაიძირა. ამის შესახებ სახელმწიფო კორპორაციის ხელმძღვანელმა, ალექსეი ლიხაჩოვმა განაცხადა.
მისი თქმით, გემს ნოვოროსიისკიდან 130 მილის დაშორებით დაესხნენ თავს. „ეს იყო სრულიად ჩვეულებრივი სამოქალაქო კონტეინერმზიდი გემი, რომელიც საერთაშორისო წყლებში მიცურავდა და გადაჰქონდა სამოქალაქო საქონელი - გაყინული საკვებიდან დაწყებული სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალებით დამთავრებული“, თქვა ლიხაჩოვმა.
ეკიპაჟის 17-ვე წევრი გადაარჩინეს. 16 ადამიანი ღამით გადაარჩინა ხომალდ Delphinus-ის ეკიპაჟმა, ხოლო კიდევ ერთი შაბათს დილით შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ავიაციამ იპოვა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა კონტეინერმზიდ „იანინას“ განადგურება.
„წუხელ საშუალო დისტანციის დარტყმები განხორციელდა, დარტყმები დაფიქსირდა შავი და აზოვის ზღვების წყლებში. ასევე დარტყმა მიაყენეს სანქცირებულ რუსულ კონტეინერმზიდ გემ „იანინას“, რომელიც რუსეთის დროშით დაცურავდა და 100 000 ტონაზე მეტი ტვირთამწეობა ჰქონდა,“ დაწერა ზელენსკიმ.
ფორუმი