სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა მიიღო პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მთავრობის გადადგომა, რაც საკონსტიტუციო პროცედურაა, რომელიც 2026 წლის ივნისში არჩეული ახალი პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ ავტომატურად ტარდება.
ახალი მთავრობის ფორმირებამდე ნიკოლ ფაშინიანის მინისტრთა კაბინეტი მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით გააგრძელებს მუშაობას.
2 აგვისტოს სომხეთის მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადაება ვიდეომიმართვით გაავრცელა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
ფაშინიანის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კონსტიტუციით გათვალისწინებული სტანდარტული პროცედურაა, რომელიც ახალი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის დაწყებას უკავშირდება.
„დღეს დაიწყო სომხეთის მეცხრე მოწვევის ეროვნული კრების სხდომა. სომხეთის კონსტიტუციის 158-ე მუხლის შესაბამისად, ახალი პარლამენტის მუშაობის პირველ დღეს მთავრობა გადადგომის შესახებ აცხადებს. მე ხელი მოვაწერე შესაბამის განცხადებას პრეზიდენტის სახელზე და ვთხოვე მთავრობის გადადგომის მიღება“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
მისივე თქმით, ახალი კაბინეტის ფორმირებამდე აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები დროებით განაგრძობენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას.
ფაშინიანის თქმით, კონსტიტუციის 149-ე მუხლის თანახმად, სომხეთის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრად დაუყოვნებლივ დანიშნავს იმ კანდიდატს, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა წარადგენს.
სომხეთის პალამენტში უმრავლესობას ფლობს ნიკოლ ფაშინიანის "სამოქალაქო შეთანხმება", რომელმაც 2026 წლის 6 ივნისის არჩევნებში ხმების 49,7% მიიღო.
ფორუმი