Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი აცხადებს, რომ გააუქმა ირანზე დარტყმა, შეთანხმების სწრაფად მიღწევის იმედით

დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი
დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უარი თქვა ახალ მასშტაბურ დარტყმაზე ირანზე - მას მერე, რაც თეირანმა და ახლო აღმოსავლეთის სხვა სახელმწიფოებმა მას დროის გამოყოფა სთხოვეს სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. ტრამპი ამას წერს თავისი სოციალური ქსელით Truth Social.

მისი თქმით, აშშ "სრულ მზადყოფნაში" იყო დარტყმის განსახორციელებლად, მაგრამ მიიღეს სიგნალი, რომ სამომავლო გარიგების ძირითადი პარამეტრები უკვე შეთანხმებულია.

"ამან უნდა მოიცვას ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებელი, სრული და ტოტალური გახსნა და ირანის ატომური საფრთხისთვის ბოლოს მოღება. ამ თხოვნის საფუძველზე, მსოფლიოსთვის სამომავლო სარგებლის მოტანისთვის და ასევე წარმატებული და კეთილდღეობის მქონე ირანის გადარჩენისთვის დავთანხმდი თავდასხმის გაუქმებას - რაც დამოკიდებულია გარიგების სწრაფად დადებაზე" - წერს ტრამპი.

ტრამპის წერს, რომ ამ ძალისხმევაში მას ისრაელიც შეუერთდა. ისრაელის ხელისუფლებას ტრამპის განცხადებაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

გამოცემა Axios-ის თანახმად, ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც გავლენა იქონია ტრამპის გადაწყვეტილებაზე, იყო მიმართვები რეგიონში აშშ-ის მოკავშირეთა მხრიდან. საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა ტრამპთან სატელეფონო საუბარში მას მოუწოდა ესკალაციისთვის უარის თქმაზე. ანალოგიური მოწოდებები, გამოცემის თანახმად, იყო კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, თურქეთისა და პაკისტანის მხრიდან.

Axios-ი ასევე იუწყება, რომ კატარელი შუამავლები კონტაქტს ინარჩუნებდნენ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაყჩისთან, თეთრის სახლის საგანგებო წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან და ომანის წარმომადგენლებთან, და ცდილობდნენ ჰორმუზის სრუტის გახსნის თაობაზე შეთანხმების მიღწევას. გამოცემას წყაროებმა ამცნეს, რომ მოლაპარაკებებზე გარკვეული პროგრესი იყო.

ახლახან აშშ-ის მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავდა ახალი დარტყმების შესაძლებლობას ირანის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე. ისრაელის მე-12-ე ტელეარხის თანახმად, ისრაელის თავდაცვის არმია მაღალი მზადყოფნის რეჟიმში იყო, შესაძლო ერთობლივი ოპერაციის მოლოდინით.

ახალი საბრძოლო ოპერაციის განხილვის საბაბი იყო ჰორმუზის სრუტეში ხომალდებზე გაგრძელებული თავდასხმები და რეგიონში აშშ-ის ძალებზე მიტანილი იერიშები.

ირანი მანამდე გამოდიოდა გაფრთხილებით, რომ უპასუხებდა აშშ-ის და ისრაელის მხრიდან დარტყმებს. ირანის ეროვნული უშიშროების უზენაეს საბჭოსთან კავშირის მქონე სააგენტო Nournews წერდა, რომ ირანის ინფრასტრუქტურაზე დარტყმების განხორციელების შემთხვევაში სამიზნეები შეიძლებოდა გამხდარიყო ნავთობის ობიექტები საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ასევე ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურა კატარსა და ისრაელში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG