Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თორნიკე თოშხუას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თორინიკე თოშხუა პლაკატით. 2026 წ. ივლისი
თორინიკე თოშხუა პლაკატით. 2026 წ. ივლისი

სამოქალაქო აქტივისტი, თორნიკე თოშხუა თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

თორნიკე თოშხუას, რომელიც თბილისის საკრებულოსთან 30 ივლისს მეორედ დააკავეს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

თორნიკე თოშხუას აქციაზე “ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი” ბანერი ეჭირა ხელში.

თოშხუა ამავე მიზეზით 26 ივლისსაც დააკავეს. მაშინ სასამართლომ ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 6000 ლარით დააჯარიმა.

თბილისის საკრებულოსთან 26 ივლისს, აქციის მიმდინარეობისას 10 ადამიანი დააკავეს: თორნიკე თოშხუა, მარიამ მეყანწიშვილი, ია მელითაური, ნატო ბოლქვაძე, სანდრო სეხნიაშვილი, ლაშა დგებუაძე, ვასო ბერიძე, მარინე ნანავა, თორნიკე ტიკარაძე და შაკო ბაღდოშვილი.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს „შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში”.

თბილისში, საკრებულოსთან ჯერ აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს. თოშხუა, რომელიც ერთხელ უკვე იყო დაკავებული სისხლის სამართლის წესით და ციხე სულ რამდენიმე კვირის წინ დატოვა, საკრებულოსთან იყო ბანერით, რომელზეც ეწერა: "ბიძინა ყ***? კი თუ არა".

თოშხუას დაკავების შემდეგ, უწყვეტი პროტესტის მონაწილეები მისთვის სოლიდარობის ნიშნად საკრებულოსთან მივიდნენ, მათ ნაწილსაც ხელში მსგავსი შინაარსის ბანერები ეჭირა, პოლიციამ კიდევ 9 დემონსტრანტი დააკავა.

ყველა მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG