Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტ ტრამპის ცნობით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს განახლდება

დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავში პასუხობს მედიის შეკითხვებს. 2026 წლის 2 აგვისტო
დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავში პასუხობს მედიის შეკითხვებს. 2026 წლის 2 აგვისტო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინფორმაციით, ირანთან მოლაპარაკებები ორშაბათს, 3 აგვისტოს განახლდება. ეს ტრაპმა ჟურნალისტებს 2 აგვისტოს, დღის ბოლოს უთხრა პრეზიდენტის თვითმფრინავში, რომლითაც უქმე დღეების შემდეგ ნიუ-ჯერსის რეზიდენციიდან ვაშინგტონში დაბრუნდა.

ირანს ოფიციალურად არ დაუდასტურებია მოლაპარაკების განახლებისთვის მზადყოფნა და თარიღი.

2 აგვისტოს საღამოს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაყჩი ტელეფონით ესაუბრა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ფაისალ ბინ ფარჰან ალ-საუდს და პაკისტანის არმიის მეთაურ ასიმ მუნირს. პაკისტანი აშშ-სა და ირანს შორის შუამავლის მისიას ასრულებს.

ირანთან მოლაპარაკების განახლების თარიღის დასახელებამდე ერთი დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ გადადო ირანზე მორიგი მასშტაბური დარტყმა ახლო აღმოსავლეთში მოკავშირე ქვეყნებისა და თავად ირანის თხოვნით, რადგან მომავალი შეთანხმების ძირითადი პირობები შეთანხმებულია და ეხება როგორც ჰორმუზის სრუტეს, ისე ირანის ბირთვულ პროგრამას.

2 აგვისტოს პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ირანზე მორიგი შეტევისგან თავის შეკავება საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და კატარმა სთხოვეს.

შეკითხვას, რა არის ბოლო ვადა ირანთან შეთანხმების მისაღწევად, აშშ-ის პრეზიდენტმა კონკრეტული პასუხი არ გასცა.

დონალდ ტრამპს ადრე არაერთხელ უთქვამს, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმება ახლოსაა, თუმცა შემდეგ შეერთებული შტატები კვლავ იწყებდა ირანზე დარტყმებს.

ირანთან მოლაპარაკების შესახებ პრეზიდენტ ტრამპის განცხადების შემდეგ, 3 აგვისტოს აზიის ბირჟებზე Brent-ის მარკის ნავთობი 4%-ზე მეტით გაიაფდა და ერთი ბარელის ფასმა დაახლოებით 84 აშშ დოლარი შეადგინა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG