Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქო ერევანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულების გზაზე სიახლეებს აანონსებს

ფოტოზე: სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი
ფოტოზე: სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი აცხადებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში უახლოეს პერიოდში ახალი ნაბიჯებია მოსალოდნელი.

მისივე თქმით, მხარეები აგრძელებენ მუშაობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების აღდგენის მიმართულებით, - მათ შორის დაასახელა „ტრამპის მარშრუტი“.

4 აგვისტოს ბაქოში, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე იგნაციო კასისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბაირამოვმა განაცხადა:

„ველოდებით, რომ მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ, სომხეთის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. აზერბაიჯანმა სამუშაოების თავისი ნაწილი ძირითადად უკვე შეასრულა“.

მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ორმხრივი მოლაპარაკებები ეფექტიანი აღმოჩნდა და ამჟამად ორ ქვეყანას შორის „დე ფაქტო მშვიდობის“ პირობები უკვე შექმნილია.

ბაირამოვის განცხადებით, მხარეები ნდობის განმტკიცებისკენ მიმართულ ნაბიჯებსაც დგამენ და მნიშვნელოვანია, რომ სამშვიდობო დღის წესრიგის წინსვლა პირდაპირი დიალოგის გზით გაგრძელდეს.

სომხეთის კონსტიტუციის საკითხი

4 აგვისტოს აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჰიკმეთ ჰაჯიევმა განაცხადა, რომ ბაქო სომხეთიდან იღებს სიგნალებს, თითქოს უახლოეს მომავალში ქვეყნის ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესი დაიწყება.

„შესაძლებელია, სომხეთში რეფერენდუმიც ჩატარდეს. მას შემდეგ, რაც სომხეთის კონსტიტუციის პრეამბულიდან აზერბაიჯანის მიმართ არსებული მოთხოვნები მოიხსნება, სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო ხელმოწერისთვის დაბრკოლებებს ვეღარ დავინახავთ“, - განაცხადა ჰაჯიევმა.

  • აზერბაიჯანი მოლაპარაკებების დასრულების წინაპირობად ასახელებდა სომხეთის კონსტიტუციიდან დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე მითითებების ამოღებას, რაც, ბაქოს თქმით, შეიცავს „ტერიტორიულ პრეტენზიებს“ აზერბაიჯანის მიმართ;
  • ბაქო კვლავაც ინარჩუნებს ამ მთავარ წინაპირობას;
  • სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ასევე გამოდის საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივით - ეს მისი გუნდის საარჩევნო დაპირებაც იყო, თუმცა „სამოქალაქო კონტრაქტს“ X მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გააჩნია;
  • ფაშინიანის შეფასებით, დამოუკიდებლობის დეკლარაცია კონფლიქტის გამომწვევ დოკუმენტად იქცა და მისი ჩანაცვლება, პირველ რიგში, თავად სომხეთის ინტერესებში შედის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG