Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უარი ტაძარში დასვენებაზე 

ზაალ და ლანა ლატარიები - კოლაჟი
ზაალ და ლანა ლატარიები - კოლაჟი

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში აცხადებენ, რომ ზაალ ლატარიასთვის გარდაცვლილი შვილის ტაძარში დასვენებაზე უარი მის უკრაინაში ბრძოლასა და პოლიტიკას არ უკავშირდება.

26 წლის ლანა ლატარია, ორი შვილის დედა რამდენიმე დღის წინ ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა. ის იყო უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცის, ზაალ ლატარიას შვილი.

დაკრძალვაზე ზუგდიდში ჩასულმა მებრძოლმა ფეისბუკზე დაწერა, რომ მას მიცვალებულის ტაძარში დასვენებაზე უარი უთხრეს, თუმცა რატომ არ აუხსნია.

ამ სტატუსს განხილვა მოყვა სოციალურ ქსელში, რადგან ხალხის ნაწილმა ივარაუდა, რომ უარის მიზეზი ზაალ ლატარიას უკრაინაში ბრძოლა გახდა.

უარი ამ მიზეზით არ თქმულა, მიცვალებულის ტაძარში დასვენებისგან სასულიერო პირებმა თავი სხვა - ქალის გარდაცვალების მიზეზის გამო შეიკავეს - უთხრეს რადიო თავისუფლებას ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქიაში, თუმცა არ ჩათვალეს საჭიროდ დეტალებზე ესაუბრათ.

ეპარქიაში გვითხრეს, რომ გარდაცვლილს წესი აუგეს და ჭირისუფალს შეუძლია ის საეკლესიო მსახურებებსა და ლოცვებში მოიხსენიოს.

ლანა ლატარიას ეკლესიიდან გამოსვენებას გამოეხმაურა ქუთაისელი მღვდელი ექვთიმე სარალიძე, რომელიც ვარდიგორის წმინდა სამების ტაძარში მსახურობს. მან ოჯახს შესთავაზა მიცვალებული მის ტაძარში დაესვენებინათ.

„თუ გადაწყვეტენ, უკან არ დავიხევ, გვერდით დავუდგები“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

არსებობს თუ არა რამე წესი, ვინ შეიძლება დაასვენო ტაძარში და ვინ არა? მამა მიქაელი ამბობს, რომ ეს ჭირისუფლის სურვილსა და მღვდლის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

„გამოვიკითხავ ხოლმე გარდაცვლილის შესახებ და ამის მიხედვით ვწყვეტ. როგორც შემიძლია ისე ვეხმარები, რომ ჭირისუფალს დარდი შევუმსუბუქო“, - თქვა მან.

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელი არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) ამბობს, რომ მიცვალებულის ტაძარში დასვენების გაწერილი წესები არ არსებობს.

როდესაც ხალხი თემებად ცხოვრობდა, ტაძარში სამრევლოს წევრებს ასვენებდნენ, რომ მრევლს მისი სულისთვის ელოცა. შემდეგ ეს ტრადიცია სხვებზეც გავრცელდა. არსებობს გამონაკლისებიც, მაგალითად, ტაძარში არ დაასვენებენ თვითმკვლელს, რადგან თვითმკვლელობას მართლმადიდებლობა მიუტევებელი ცოდვად მიიჩნევს და საეკლესიო მსახურებას არ აღასრულებს.

„თუ ადამიანი მონათლულია, ყველა ქრისტიანული წესი შეიძლება აღსრულდეს, თუ ის თავის სიცოცხლეში ქრისტეს არ გმობდა და ქრისტიანობას არ ებრძოდა... თუ წესი აუგე, ტაძარში დასვენებაზე რატომღა ეუბნები უარს?! ამ გოგოს თავი არ მოუკლავს.

აბორტი ცოდვაა, რა თქმა უნდა, თუმცა უამრავი ცოდვა ჰქონიათ ადამიანებს ჩადენილი, მაგრამ გაუსვენებიათ ტაძრიდან. არ ჯობდა, რომ დაესვენებინათ და ჭირისუფალი ეკლესიის მიმართ კეთილად განეწყოთ?!“ - ამბობს მამა შიო.

არქიმანდრიტი გვეუბნება, რომ როდესაც ჭირისუფალს მიცვალებულის ტაძარში დასვენება სურს, ტაძრის წინამძღვარს უთანხმდება. თუ საკითხი საჭოჭმანოა, წინამძღვარი თავის მხრივ ეპარქიის მღვდელმთავარს ეკითხება - საბოლოო სიტყვა მას ეკუთვნის.

„ადამიანის ცხონებას ტაძარში დასვენება-არ დასვენება არ განსაზღვრავს. - ამბობს არქიმანდრიტი შიო - თვითმკვლელობის შემთხვევაშიც კი არავინ იცის დაზუსტებით ღმერთი საბოლოოდ რას როგორ გადაწყვეტს. მაგალითად, ჩემმა ახლობელმა მოიკლა თავი. სანამ გარდაიცვლებოდა ერთი სიტყვა თქვა, მიშველეთო და ამის საფუძველზე აუგეს წესი“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG