Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის ოლქში 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად

კიევის ოლქზე რუსეთის მასირებული შეტევის სამიზნეებს შორის იყო სავაჭრო კომპანია Rozetka-ს ლოგისტიკის ცენტრი. 2026 წლის 5 აგვისტო
კიევის ოლქზე რუსეთის მასირებული შეტევის სამიზნეებს შორის იყო სავაჭრო კომპანია Rozetka-ს ლოგისტიკის ცენტრი. 2026 წლის 5 აგვისტო

რუსეთის მასირებულ შეტევას დიდი მსხვერპლი მოჰყვა კიევის ოლქში. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 5 აგვისტოს დილით დადასტურებულია, რომ დაიღუპა 14 და დაშავდა 22 ადამიანი.

კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, ყველაზე დიდი მსხვერპლი ბროვარის რაიონშია, სადაც 9 ადამიანი დაიღუპა. კიდევ 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ბუჩის რაიონში და 1 - ფასტოვის რაიონში.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, კიევის ოლქის ბროვარის, ფასტოვის და ბუჩის რაიონებში მასშტაბური ხანძრები გაჩნდა ლოგისტიკის კომპლექსებში, საწყობებში და საწარმოებში.

რუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე და კიევის ოლქზე რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევა გასულ ღამით დაიწყეს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს და ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, დედაქალაქში დაიღუპა 1 ადამიანი და 26 დაშავდა. რამდენიმე რაიონში დაზიანებული და დანგრეულია სახლები, მასშტაბური ხანძრები გაჩნდა საწყობებში. ადგილობრივ ხელისუფლებას არ დაუკონკრეტებია, რა ინახებოდა ამ საწყობებში.

განახლება: 5 აგვისტოს დილით ცნობილი გახდა, რომ რუსეთის დარტყმის სამიზნეთა შორის იყო უკრაინის სავაჭრო ცენტრების ქსელის, „ეპიცენტრის“ საწარმოო და ლოგისტიკის ობიექტები. კომპანიის ინფორმაციით, დაიღუპა მისი ერთი თანამშრომელი და სამი დაიჭრა.

„ეპიცენტრის“ მონაცემებით, კიევში რუსული რაკეტებით ერთდროულად იყო დარტყმა კომპანიის ლოგისტიკის ორ ძირითად კომპლექსზე. სრულად განადგურებულია საწყობების ორი მსხვილი კომპლექსი და უკრაინაში კერამიკული ფილების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი ქარხნის, Epicentr Ceramic Corporation-ის ყველა ღუმელი. კომპანია იძულებულია ქარხნის მუშაობა შეაჩეროს. „ეპიცენტრის“ თანახმად, წარმოების სრულად აღდგენას დაახლოებით ორი წელი დასჭირდება.

ექსპრეს-გადაზიდვების კომპანია Нова пошта-ს ინფორმაციით, კიევში განადგურებულია კომპანიის დამახარისხებელი ცენტრი, სადაც 3 ადამიანი დაიღუპა და 8 დაიჭრა.

სავაჭრო კომპანია Rozetka-ს ცნობით, კიევის ოლქის ბროვარის რაიონში რუსულმა რაკეტებმა გაანადგურეს კომპანიის უმსხვილესი გამანაწილებელი საწყობი, სადაც დღეში 100 000-ზე მეტი შეკვეთის დამუშავება ხდებოდა და ეს კომპლექსი აღდგენას აღარ ექვემდებარება.

კომპანია LIQUI MOLY-მ, რომელიც მომხმარებელს ავტომობილების ზეთს და ავტოტრანსპორტისთვის საჭირო სხვა პროდუქციას აწვდის, განაცხადა, რომ რუსეთის დარტყმით გამოწვეულმა ხანძარმა სრულად გაანადგურა კომპანიის ცენტრალური საწყობი.

რა თქვა რუსეთმა

5 აგვისტოს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავისი ოფიციალური არხებით გაავრცელა ცნობა, რომ ქალაქ კიევში და კიევის ოლქში რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყეს „სატრანსპორტო-ლოგისტიკურ და გამანაწილებელ ცენტრებს“, რომლებიც „ჩართული არიან სხვადასხვა იარაღის და სამხედრო დანიშნულების ტვირთების შენახვასა და მიწოდებაში და უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებასა და განაწილებაში“.

ობიექტების ჩამონათვალში, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა, არიან ლოგისტიკის ცენტრი „ჩაიკა“, ექსპრეს-გადაზიდვების კომპანია Нова пошта-ს ტერმინალი და ლოგისტიკის ცენტრი, სატრანსპორტო-ლოგისტიკური ცენტრი „ტრანს-ლოგისტიკი“, კომპანია „ეპიცენტრის“ ლოგისტიკის ცენტრი, სატრანსპორტო-ლოგისტიკური ცენტრი „რაბენ უკრაინა“ და ლოგისტიკის ცენტრი „ბროვარი“.

  • 2026 წლის ივლისიდან რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის თავდაცვის ძალების სამიზნეებს დაემატა ონლაინ-გაყიდვების უმსხვილესი კომპანიის, Wildberries-ის საწყობები.
  • 18 ივლისიდან რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის მოსკოვის ოლქში, უკრაინული დრონებით შეტევა იყო Wildberries-ის 15-ზე მეტ ლოგისტიკის ცენტრზე.





ფორუმი

XS
SM
MD
LG