ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის(FIFA) პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსთვის მხარდაჭერის გამოცხადებით დასრულდა FIFA-ს მმართველი საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელიც 5 აგვისტოს გაიმართა მაროკოს დედაქალაქ რაბატში.
საგანგებო სხდომა მოიწვიეს კონფლიქტის გამო, რომელიც გამოიწვია ინფანტინოს გეგმამ (FIFA Forward Enterprise) ფედერაციის ეგიდით საერთაშორისო ტურნირების(უმთავრესი მსოფლიო ჩემპიონატია) ნაწილობრივი პრივატიზაციისა და კერძო ინვესტორებისთვის გადაცემის შესახებ.
ამ წინადადებას მოჰყვა მოწოდებები ჯანი ინფანტინოს გადადგომის შესახებ და კრიტიკა არაერთი საფეხბურთო ფედერაციის მხრიდან. ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირი (UEFA) დაიმუქრა, რომ FIFA-ს მიერ დაფინანსებულ ტურნირებს ბოიკოტს გამოუცხადებდა, თუ ორგანიზაცია თავის გეგმაზე უარს არ იტყოდა. ინფანტინოს დაუპირისპირდა FIFA-ს გენერალური მდივანი მატიას გროფსტრემიც.
1 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ჯანი ინფანტინომ გეგმაზე უარი თქვა.
რაბატში 5 აგვისტოს გამართული სხდომის შემდეგ, რომელშიც FIFA-პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო და გენერალური მდივანი მატიას გროფსტრემიც მონაწილეობდნენ, ორგანიზაციამ გვიან ღამით თავის საიტზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ გენერალურმა მდივანმა და მმართველი საბჭოს წევრებმა სრული მხარდაჭერა დაუდასტურეს ჯანი ინფანტინოს, როგორც ორგანიზაციის არჩეულ ხელმძღვანელს, ინფანტინომ კი სრული მხარდაჭერა დაუდასტურა გენერალურ მდივანს და FIFA-ს ადმინისტრაციას.
ოფიციალური განცხადების მიხედვით, სხდომაზე აღიარებული იყო FIFA Forward Enterprise-თან დაკავშირებული შეცდომები, პროცესი სხვაგვარად უნდა წარმართულიყო და რომ შეცდომები იყო მას შემდეგაც, რაც ამ წინადადების შესახებ ინფორმაციამ მასმედიაში გაჟონა.
FIFA აცხადებს, რომ აღარ მოითმენს თავდასხმებს ორგანიზაციის კეთილსინდისიერებაზე, სათანადო მართვასა და დადგენილი პროცედურების დაცვაზე და ყველა ზომას მიმართავს სახელისა და რეპუტაციის დასაცავად.
FIFA-ს წევრ ასოციაციებს გაეგზავნა წერილი, რომ შეცდომებისთვის ბოდიშს იხდიან და მსგავსი რამ აღარ განმეორდება. BBC-ს ცნობით, წერილს ხელს ინფანტინო და გროფსტრემი აწერენ.
- შვეიცარიელი ჯანი ინფანტინო FIFA-ს პრეზიდენტია 2016 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც კორუფციული სკანდალის გამო თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა 2015 წელს არჩეულმა იოზეფ ბლატერმა.
- FIFA-ს წესდებით, კონგრესი პრეზიდენტს ოთხი წლის ვადით ირჩევს. ერთსა და იმავე პირს პრეზიდენტობა შეუძლია მაქსიმუმ სამი ვადით(სულ 12 წელი).
- FIFA-ს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნები 2027 წლის მარტში ჩატარდება და ინფანტინო ბოლო, მესამე ვადით არჩევისთვის ბრძოლას აპირებს.
ფორუმი