Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრელ ჟურნალისტსა და აქტივისტ მეზეშს საქართველოს ატოვებინებენ

ლასლო რობერტ მეზეში
ლასლო რობერტ მეზეში

5 აგვისტოს თბილისში დაკავებულ უნგრელ ჟურნალისტსა და აქტივისტს, 26 წლის ლასლო რობერტ მეზეშს, საქართველოს ატოვებინებენ.

ადვოკატის თქმით, იგი საქართველოს „ნებაყოფლობით“, გაძევებამდე დატოვებს.

მისმა მეგობარმა და ადვოკატმა თორნიკე ჯანელიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სამშობლოში - უნგრეთში - მეზეში რამდენიმე საათში დაბრუნდება.

„მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავად დატოვოს ქვეყანა. მოტივაციაზე, დეტალებზე მას შემდეგ ისაუბრებს, რაც ის დაბრუნდება უნგრეთში“, - ამბობს ჯანელიძე.

ლასლო რობერტ მეზეში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ჰყავთ დაკავებული. ადვოკატის ცნობით, თუკი ის ქვეყანას დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში საკუთარი სურვილით დატოვებს, მიგრაციის პოლიციის თანამშრომლები აეროპორტში მიიყვანენ და საქმეს სასამართლო აღარ განიხილავს.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ საზღვრის პოლიცია უნგრელ ჟურნალისტს ჯარიმას და ქვეყანაში გარკვეული ვადით შემოსვლის აკრძალვას დაუწესებს.

ლასლო რობერტ მეზეში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 5 აგვისტოს, 18:30 საათისთვის დააკავეს.

„აღნიშნული პიროვნება საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე და დარღვეული აქვს ქვეყანაში ყოფნის ვადები“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას შსს-ს პრესსამსახურში.

შსს-ში ამბობენ, რომ „მიმდინარეობს პირის დაკავების პროცედურა“ - „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

რა წერია ამ მუხლში

ამ კანონის 64-ე მუხლი ეხება „საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების საფუძვლებს“.

კანონის თანახმად, „საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელი შეიძლება“ დააკავონ და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში გადაიყვანონ.

64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შინაარსი კი ის არის, რომ „საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელი შეიძლება“ დააკავონ, „თუ არსებობს მისი მიმალვის საფრთხე“.

კიდევ რა წერია კანონში

ამავე კანონის თანახმად, უცხოელი, დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა, წარედგინება სასამართლოს მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

„დაკავებული უცხოელი დროებითი განთავსების ცენტრში შეიძლება მოთავსდეს სამი თვით“, - წერია ამავე მუხლის მე-5 პუნქტში, ხოლო თუ შსს-მ ვადა გაახანგრძლივა - მაქსიმუმ ცხრა თვით.

ვინ არის ლასლო მეზეში

ლასლო მეზეში ხშირად ჩანს თბილისში მიმდინარე საპროტესტო, პროევროპულ დემონსტრაციებზე.

2025 წლის სექტემბერში თბილისის მერ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირებისას, ის ერთ-ერთი იყო, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იგი იყო უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკის მოწინააღმდეგე და მხარს უჭერდა პეტერ მადიარს, რომელმაც 2026 წლის გაზაფხულზე უნგრეთის არჩევნებში გაიმარჯვა.

  • 2024 წლის 29 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვიქტორ ორბანი თბილისს ეწვია და „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მიულოცა, ლასლო მეზეში მას პროტესტით დახვდა.
  • „მივედი ჭიშკართან და დავუყვირე ბატონ ორბანს, ამაყი ხარ საკუთარი თავის, რომ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას ახდენ?“ - ამბობდა ის.

როგორც წინა თვეების განმავლობაში ფეისბუკპოსტებში წერდა, მეზეშს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. კერძოდ, იგი სხვადასხვა პერიოდში, სხვა სიმპტომებთან ერთად, აღწერდა უძილობას, ჰიპოგლიკემიას (სისხლში შაქრის დაბალ დონეს) და არითმიას. 1 თებერვალს მას გული წაუვიდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG