Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სამოქალაქო სიკვდილი“: კრემლი ემიგრაციაში მყოფი რუსებისთვის სამართლებრივ საიქიოს ქმნის

2022 წლის სექტემბერში, როდესაც ალექსანდრ მენიუკოვმა რუსეთი დატოვა, მას მოწმის სტატუსი ჰქონდა მისი ახლო მეგობრის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში; მეგობარს, პოეტს - ბრალად ედებოდა ომის საწინააღმდეგო ლექსების საჯაროდ, ქუჩაში კითხვა. ეს იყო დანაშაული.

მას შემდეგ, რაც იმავე თვეში პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში განცდილი სამხედრო წარუმატებლობის გამო მობილიზაცია გამოაცხადა, რუსეთი ასობით ათასმა მოქალაქემ დატოვა. თუმცა მენიუკოვისთვის - რომელიც ომის წინააღმდეგ განწყობილ რუსებს იურიდიულ კონსულტაციას უწევდა - მოთმინების ფიალა მაშინ აივსო, როდესაც მოსკოვის ბინაში პოლიციის ჩხრეკისას სასტიკად სცემეს.

უკვე ყაზახეთში ყოფნისას მენიუკოვმა ძალ-ღონე არ დაიშურა, რათა პასპორტი ვადის გასვლამდე განეახლებინა. მდგომარეობას ამძიმებდა რუსეთის სხვა მოქალაქეების ნაკადი, რომლებიც საბუთების სასწრაფოდ მოწესრიგებას ცდილობდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ მენიუკოვი ჰუმანიტარული ვიზით პოლონეთში აღმოჩნდა.

ახლა მენიუკოვის და შესაძლოა, ქვეყნის გარეთ მცხოვრები რუსებისთვის ცხოვრება ბევრად უფრო გართულდეს.

ვლადიმირ პუტინის მიერ 4 აგვისტოს ხელმოწერილი კანონის მიხედვით, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის დანაშაულში მხილებულ საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს აეკრძალებათ პასპორტის განახლება ან ისეთი დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმება, როგორიცაა ქორწინების მოწმობა.

ახალი კანონი შესაძლოა შეეხოს აქტივისტებს, რომლებიც უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებში მუშაობდნენ, რიგით რუსებს, რომლებსაც კავშირი აქვთ ე.წ. არასასურველ ორგანიზაციებთან, ან მათ, ვინც საჯაროდ საუბრობს უკრაინაში რუსეთის არმიის კოლოსალურ დანაკარგებზე.

იურისტები, უფლებადამცველები და რუსი ემიგრანტები კანონს „სამოქალაქო სიკვდილს“ უწოდებენ. მათ ეშინიათ, რომ სამართლებრივ და ბიუროკრატიულ ჩიხში აღმოჩნდებიან, საიდანაც თავის დაღწევის შანსი თითქმის არ ექნებათ.

"პოლონეთში ყოფნისას ჩემი პასპორტის მოქმედების ვადა რომ ამოწურულიყო და ეს შეზღუდვები იმ დროს ჩემზეც გავრცელებულიყო, ახალი პასპორტის მისაღებად განაცხადის შეტანის უფლებას არ მომცემდნენ" - ამბობს მენიუკოვი ვარშავიდან მიცემულ ინტერვიუში.

"ეს სისტემა ასე მუშაობს. ახლა კი ეს რუსებისთვის უდიდესი პრობლემა გახდება."

"ფორმალურად მათ შეუნარჩუნდებათ მოქალეობა, თუმცა დაკარგავენ წვდომას სამართლებრივ მომსახურეობაზე. ეს, ფაქტობრივად, მოქალაქეობის არქონას ნიშნავს"- ამერიკული უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის რუსეთის პროგრამის მკვლევარი, ტანია ლოკშინა.

"მიზანია, საზოგადოებას მკაფიო სიგნალი გაუგზავნოს და მოახდინოს ე.წ. მსუსხავი ეფექტი როგორც ქვეყნიდან წასულებზე, ისე მათზე, ვინც სამშობლოში დარჩა" - განაცხადა რუსმა იურისტმა გლებ ბოგუშმა, რომელიც ამჟამად ბერლინში ცხოვრობს.

რუსი მაღალჩინოსნები საკუთარ განზრახვებს არ მალავენ.

"ვინც საზღვარგარეთ წავიდა და ქვეყანას ვნებს, ოპოზიცია კი არა, მოღალატე და დამნაშავეა", - განაცხადა გასულ კვირას სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

გაუქმებული მოქალაქეობა

უკვე თითქმის 20 წელია, რაც რუსეთის ხელისუფლება ეტაპობრივად აფართოებს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომლებსაც განსხვავებული აზრის დასასჯელად, დამოუკიდებელი მედიის ცენზურის, სამოქალაქო ჯგუფების დახურვისა და პოლიტიკური ოპოზიციის გასაჩუმებლად იყენებს.

საუბარია ისეთ ზომებზე, როგორიცაა კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, რომელიც სჯის უცხოური დაფინანსების მიმღებ ფიზიკურ პირებსა და ჯგუფებს. ასევე, კანონი "არასასურველი ორგანიზაციების" შესახებ, რომელიც კრძალავს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველად მიჩნეულ უცხოურ ორგანიზაციებს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებს ყველას, ვინც მათთან თანამშრომლობს, მათ საქმიანობაში მონაწილეობს ან მათთვის თანხებს სწირავს.

2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ კიდევ უფრო დრაკონული ზომები მიიღო.

უკრაინაში რუსეთის არმიის დანაკარგების შესახებ მონაცემების ან რუსეთის სავარაუდო სამხედრო დანაშაულების ამსახველ მასალების გამოქვეყნება ისჯება კანონით "რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის" შესახებ, ხოლო რუსეთის იმ მოქალაქეს, რომელიც მოსკოვის მიერ ანექსირებულ უკრაინის რეგიონებს უკრაინულად მოიხსენიებს, ბრალად რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის შელახვა შეიძლება დაედოს.

ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, ჩამოთვლილი ექვსი დანაშაულიდან თუნდაც ერთ-ერთში მხილებულ, უცხოეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს შესაძლოა, ფაქტობრივად ჩამოართვან, ის რაც ექსპერტთა შეფასებით საერთაშორისო სამართლით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა - მოქალაქის უფლება საკონსულო მომსახურებაზე.

"მიზანი მოქალაქეობის ჩამორთმევა ან მისი გაუქმება როდია, არამედ ახალი კანონის იარაღად გამოყენება. ეს კიდევ ერთი აგურია მინი აპარტეიდის სისტემის მშენებლობაში, რათა მოხდეს ადამიანთა იმ ჯგუფის სეგრეგაცია, რომლებსაც სისტემა მტრებად და არასასურველებად მიიჩნევს"- ამბობს გლებ ბოგუში.

რუსეთის უფლებადამცველი ჯგუფის Первый отдел-ის შეფასებით, პირს, რომელმაც ქვეყანა პოლიტიკური მიზეზების გამო დატოვა და მიმალვაშია, ქვეყნის შიგნით მოქალაქეობა პრაქტიკულად გაუუქმდება.

შეუძლებელი იქნება რუსეთიდან ქორწინების ან დაბადების მოწმობის მიღება. იგივე ეხება ნასამართლობის შესახებ ცნობას.

ამ ზომებით ასევე შესაძლებელი ხდება მოქალაქეთა საბანკო ანგარიშების გაყინვა, უძრავი ქონების გაყიდვის აკრძალვა, ან თუნდაც მათი ნათესავებისთვის გადაფორმება.

"ომი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ"

კანონი უფლებამოსილებას ანიჭებს ოფიციალურ პირებს, კონკრეტული პირის სახელით გახსნან საბანკო ანგარიშები და შემდეგ ეფექტიანად მართონ ისინი: მაგალითად, ჩარიცხონ სახელმწიფო პენსია, რომლის მიღების უფლებაც ამ პირს აქვს, და გადაიხადონ სხვადასხვა ხარჯი, მათ შორის, სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმები.

"ეს მართლაც სამოქალაქო სიკვდილის კანონია, თუ ჩუმად არ იჯდები და ხმას ამოიღებ, ადრე თუ გვიან აუცილებლად სისხლისსამართლებრივ დევნას დაგიწყებენ"- განაცხადა ლოკშინამ, რომლის დამსაქმებელი ორგანიზაციაც (Human Rights Watch) გასულ წელს არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადეს.

რუსი ემიგრანტების სამართლებრივ გაურკვევლობას კიდევ უფრო ამძაფრებს ის გარემოება, რომ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მკაცრდება ისეთი დოკუმენტების მიღება, როგორიცაა ბინადრობის თუ მუშაობის ნებართვა, ან მოქალაქეობის მოთხოვნის პროცედურა.

"ბევრს იმ ქვეყნებშიც კი არ აქვს რეალური მხარდაჭერა, სადაც ამჟამად იმყოფება. რუსეთის ხელისუფლების მიერ დევნილი ადამიანები, საუკეთესო შემთხვევაში, კოლექტიური ეჭვის ობიექტები ხდებიან იმ ქვეყნებშიც, სადაც ცხოვრობენ" - განაცხადა ბოგუშმა.

კანონის მიღება იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც კრემლი ცდილობს, უკრაინის წინააღმდეგ ომი მთელი ძალით გააგრძელოს და, ამავდროულად, რუსული ძალების დანაკარგების მასშტაბები მიაჩუმათოს. ქვეყანაში მწვავდება ეკონომიკური პრობლემებიც, რაც საზოგადოების მზარდი უკმაყოფილების საფუძველია.

ექსპერტების თქმით, ხელისუფლებას მომავალ თვეში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებიც აშფოთებს, სადაც მმართველი პარტიის, "ერთიანი რუსეთის" კანდიდატების არადამაჯერებელი გამარჯვება ეროვნული ერთიანობის შესახებ შექმნილ ნარატივს საფუძველს შეურყევს.

"პუტინი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ როდი ამწვავებს ომს, იგი საკუთარ მოქალაქეებსაც უცხადებს ბრძოლას" - განაცხადა ბოგუშმა.

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG