Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შუამავალი ფირმა დაგვიკავშირდა, პირადად არ გვქონია კომუნიკაცია - სანქცირებული Shelbit-ის წარმომადგენელი იურისტი

„შელბითის“ აქტივობების შესახებ არაფერი ვიცოდით - ამბობენ იურიდიულ კომპანიაში, რომელიც აშშ-ის სანქცირებულ სავაშ კაივანპურს საქართველოში მომსახურებას უწევდა
„შელბითის“ აქტივობების შესახებ არაფერი ვიცოდით - ამბობენ იურიდიულ კომპანიაში, რომელიც აშშ-ის სანქცირებულ სავაშ კაივანპურს საქართველოში მომსახურებას უწევდა

რადიო თავისუფლებამ დამატებითი დეტალები გაარკვია აშშ-ის მიერ ირანთან უკანონო კავშირების ბრალდებით სანქცირებული სავაშ კაივანპურის საქართველოში რეგისტრირებულ კომპანია „შელბითთან“ დაკავშირებით.

მან 2025 წელს მინდობილობა გაუფორმა ქართული იურიდიული კომპანია PB Service-ის იურისტებს. ამ კომპანიამ დაარეგისტრირა „შელბითი“ სამეწარმეო რეესტრში და ამავე კომპანიამ მოახდინა მისი ლიკვიდაცია 2026 წლის ზაფხულში.

კომპანიის დირექტორმა დღეს რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ „შელბითის“ აქტივობების შესახებ არაფერი იცოდნენ, კაივანპურთან პირადად კომუნიკაციაც კი არ ჰქონიათ და მისი მონაცემები მესამე მხარემ - მათმა პარტნიორმა უცხოურმა ფირმამ - გადასცათ.

რა ხდება

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ირანის მიერ სანქციების გვერდის ავლისა და ფულის გათეთრებისთვის გამოყენებული კრიპტოვალუტის ქსელის წინააღმდეგ ახალი სანქციები 2026 წლის 8 აგვისტოს დააწესა.

ამ სანქციების სიაში მოხვდა საქართველოში რეგისტრირებული კომპანია, „შპს შელბითი“ (Shelbit) და მისი მფლობელი, სავაშ კაივანპური.

„შელბითი“ საქართველოს სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2025 წლის 29 აპრილს და იურიდიულ მისამართად მიუთითა „საქართველო, თბილისის, ომარ ხიზანიშვილის ქუჩა #264, თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“.

  • კომპანიის ერთპიროვნულ მესაკუთრედ და დირექტორად მითითებულია დომინიკის მოქალაქე - სავაშ კაივანპური.
  • იგი 47 წლისაა და, მართალია, დომინიკის თანამეგობრობის მოქალაქეა, თუმცა დუბაიში ცხოვრობს.
  • დაბადებულია ირანში.
  • დომინიკაში პასპორტი აღებული აქვს 2021 წელს, 10 წლის ვადით.
  • OFAC-ის თანახმად, დომინიკის გარდა, აქვს ავღანეთის მოქალაქეობაც.

მას საქართველოში, კომპანიის სამეწარმეო რეესტრსა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრაციის მიზნით, საქართველოს მოქალაქეებზე - კომპანია PB Service-ის იურისტებისთვის, - ჰქონდა მინდობილობა გაცემული.

რას ამბობენ იურისტები

PB Service-ის მმართველი პარტნიორი რატი (იესე) აბაშმაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში 10 აგვისტოს ამბობს, რომ ზოგადად, კომპანიას კლიენტები ძირითადად ოთხი არხიდან მიმართავენ:

  1. ინტერნეტით - ვებსაიტზე პოულობენ და სწერენ;
  2. არიან ძველი კლიენტები;
  3. „ნეთვორქინგით“ - წინა კლიენტების რეკომენდაციით;
  4. „მეოთხე არხი, რითაც ეს კლიენტი ჩვენთან მოვიდა, შემდეგია: ჩვენ გვყავს დაახლოებით 25-30 პარტნიორი უცხოეთში, რომლებიც ჩვენთან „გვიგზავნიან“ კლიენტებს; გვიგზავნიან ნიშნავს, რომ ჩვენ ვაკეთებთ მათთვის საქმეს; თუ ვინმეს უნდა კომპანიის რეგისტრაცია, ვარეგისტრირებთ“.

როგორც ის იხსენებს, სწორედ ამ გზით აღმოჩნდა სავაშ კაივანპური PB Service-ის კლიენტი:

„თუ არ ვცდები, ეს იყო შვეიცარიული კომპანია, რომლის კლიენტიც არის აღნიშნული პიროვნება, რომელთანაც ჩვენ საერთოდ არ გვქონია არანაირი მიმოწერა“, - ამბობს ის.

„ჩვენ ამ პარტნიორთან გვქონდა კომუნიკაცია - ვკითხეთ, რა იყო საჭირო, - მინდობილობა, - შემდგომ თანხის გადახდა და ა.შ.. გამოგვიგზავნეს [დეტალები], თვითონ დააორგანიზეს ყველაფერი“.

„პირდაპირი კომუნიკაცია არ გვქონია“

რატი აბაშმაძე ხაზს უსვამს: „ამ პიროვნებასთან არცერთი პირდაპირი კომუნიკაცია არ გვაქვს, არც „მესიჯი“, არც „იმეილი“. ხდებოდა შუამავლის მეშვეობით. არც კლიენტს ვიცნობთ, თავისთავად, არც ის გვეცოდინებოდა, რომ ასეთ რაღაცებში ყოფილა გარეული“.

კომპანიის იურისტის განმარტებით, რადიო თავისუფლებაზე სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, 10 აგვისტოს, დაუკავშირდნენ აღნიშნულ პარტნიორ კომპანიას და შეატყობინეს მომხდარის შესახებ.

კითხვაზე, თუ რა არის ამ შუალედური უცხოური კომპანიის დასახელება/საიდენტიფიკაციო ნომერი, კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ინფორმაციის გაზიარებამდე პარტნიორებისგან ნებართვა უნდა მიიღონ.

მათივე ცნობით, მანამდე ამავე კომპანიიდან 5-6 კლიენტი ჰყავდათ.

რადიო თავისუფლების კითხვაზე რატი აბაშმაძე ამბობს, რომ სახელმწიფო უწყებებს - მათ შორის ეროვნულ ბანკს - კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

„არც ვიცოდით, რა აქტივობა ჰქონდათ“

კომპანიის წარმომადგენლის ცნობით, 2026 წელს იმავე შუალედურმა კომპანიამ მისწერათ, რომ „შელბითის“ ლიკვიდაცია სურდათ. „მეტი არაფერი. ახსნა-განმარტება არ მოუწერიათ, უბრალოდ მოითხოვეს ლიკვიდაცია. ჩვენც ფასი ვუთხარით და დადასტურების შემდეგ დავიწყეთ ლიკვიდაციის პროცესი“.

კომპანიაში ამბობენ იმასაც, რომ „შელბითს“ არ მოუთხოვია საბანკო ანგარიშის გახსნა: „როცა დაარეგისტრირეს კომპანია, არც საბანკო ანგარიში არ გაუხსნიათ. კომპანიას რეალურად რა აქტივობები ჰქონდა, არც ვიცოდით. ვიცოდით, რომ საერთოდ არააქტიური იყო - ლიკვიდაციაც რომ დავიწყეთ, შემოსავლების სამსახურში არანაირი ისტორია არ ჰქონია ამ კომპანიას“.

„არ ყოფილა სებ-ის რეგულირებული სუბიექტი“

9 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ეროვნული ბანკი (სებ-ი) წერს:

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ სანქცირებულ სუბიექტს - შპს „შელბითს“ (SHPS SHELBIT) - ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არ მოუმართავს და შესაბამისად ის არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტს“.

სებ-ის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (იგივე VASP-ის) საქმიანობა „წარმოადგენს მკაცრად რეგულირებად სფეროს“ და „ნებისმიერი პირი, რომელიც ახორციელებს ამ ტიპის საქმიანობას, უნდა გაიაროს სავალდებულო რეგისტრაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG