Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქომ რუსეთის ელჩი საგარეოში დაიბარა, სამ რუს ექსპერტზე ძებნა გამოაცხადა

გარეკანზე: აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტები, ილჰამ ალიევი და ვლადიმერ პუტინი
გარეკანზე: აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტები, ილჰამ ალიევი და ვლადიმერ პუტინი

2026 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში აზერბაიჯანსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური დაძაბულობის მორიგი რაუნდი დაიწყო.

ბაქომ 17 აგვისტოს „ანტი-აზერბაიჯანული განცხადებების“ გამო რუსეთის სამთავრობო მედიაში დასაქმებული სამ ადამიანზე ძებნა გამოაცხადა, რასაც იმავე დღეს მოსკოვის მხრიდან აზერბაიჯანული სათვისტომოს ხელმძღვანელის გაძევება მოჰყვა.

რუსეთის ელჩი საგარეოში დაიბარეს

მოგვიანებით, 18 აგვისტოს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაიბარეს რუსეთის ელჩი მიხაილ ევდოკიმოვი და მასთან შეხვედრისას „სერიოზული პროტესტი“ დააფიქსირეს.

საგარეო უწყების თანახმად, რუს დიპლომატთან გამოხატეს „სერიოზული შეშფოთება“ რუსეთის საინფორმაციო სივრცეში „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, მისი ხალხისა და ქვეყნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გაკეთებული პროვოკაციული, შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი განცხადებების“ გამო.

„ხაზგასმით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის შესაძლებლობების განხილვა და მისი ხალხისა და ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობისკენ მოწოდება მიუღებელია“, - ნათქვამია განცხადებაში.

რამ გამოიწვია ბაქოს გაღიზიანება

„კერძოდ, ყურადღება გამახვილდა ჩვენი ქვეყნისა და ქვეყნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებზე, რომლებიც 2026 წლის 13 აგვისტოს, „Чистота понимания-ს“ პროექტის ფარგლებში გასულ გადაცემაში გაკეთდა“, - წერს საგარეო უწყება. ეს პროექტი მიჰყავს სემიონ ურალოვს, რომელზეც წინა დღით ძებნა გამოაცხადეს.

„გარდა ამისა, რუსულ მხარეს შეახსენეს 7 აგვისტოს Sputnik რადიოთი გასული გადაცემა, სადაც გაკეთდა აბსურდული განცხადებები აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის „რუსეთის ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში“ შეყვანასთან დაკავშირებით“;

„ასევე 16 აგვისტოს Spas TV არხზე აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაკეთებული პროვოკაციული განცხადებები“, - განაცხადეს აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში.

„აღინიშნა, რომ მიუხედავად აზერბაიჯანული მხარის მიერ ზემოაღნიშნული საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული არაერთი მოწოდებისა და იმ ფაქტის მიუხედავად, რომ საკითხი სხვადასხვა პოლიტიკურ დონეზე იქნა განხილული, მსგავსი რიტორიკის სულ უფრო მკაცრი ფორმით გაგრძელება სერიოზული შეშფოთების საგანია“, - აცხადებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ვისზე გამოაცხადა ბაქომ ძებნა

წინა დღეს, 17 აგვისტოს აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ სამ რუს სამთავრობო ექსპერტსა და ჟურნალისტზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

რუსეთის ეს მოქალაქეები არიან:

  • ტელეარხ „Москва 24“-ის ჟურნალისტი და წამყვანი ივან კნიაზევი,
  • პოლიტიკური კონსულტანტი და მედიაექსპერტი სემიონ ურალოვი და
  • რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის მრჩეველი ალექსეი ჩადაევი, რომელიც ტელეჟურნალისტად მუშაობს.

როგორც პროკურატურამ განაცხადა, 2026 წლის 14 ივლისს მათ სემიონ ურალოვის იუტუბ-არხზე, გადაცემაში „Чистота понимания“, „მოახდინეს აზერბაიჯანის კონსტიტუციური წყობილების იძულებით შეცვლის, მისი ტერიტორიული მთლიანობის დაშლისა და ეროვნული სიძულვილისა და მტრობის გაღვივების მოწოდება“.

17 აგვისტოსვე რუსეთიდან აზერბაიჯანში გააძევეს ბახტიარ ჰასანოვი, - მოსკოვში მოქმედი „აზერბაიჯანის ეროვნულ-კულტურული სათვისტომოს“ თავმჯდომარე.

ბაქო-მოსკოვის ურთიერთობები

რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა დაიძაბა 2024 წლის ბოლოს - მას მერე, რაც კატასტროფა განიცადა "აზერბაიჯანის ავიახაზების" კუთვნილმა თვითმფრინავმა, რომელიც ჩამოაგდეს საზენიტო ცეცხლით, რუსეთის თავზე.

  • ოქტომბრის დასაწყისში დუშანბეში გაიმართა შეხვედრა რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის.
  • მოლაპარაკებისას პუტინმა აღიარა, რომ აზერბაიჯანის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის მოქმედების შედეგად და კომპენსაციების გაცემის პირობა დადო.
  • რუსეთის პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა.
  • 2025 წლის 24 ოქტომბერს პუტინმა და ალიევმა ტელეფონით ილაპარაკეს;
  • მხარეების შემდეგი პერიოდის განცხადებების თანახმად, უთანხმოებები გარკვეულია.

2026 წლის ზაფხულში მოსკოვის კრიტიკა გამოიწვია ბაქოს პოზიციამ უკრაინის ომთან დაკავშირებით.

13 ივლისს ყარაბაღიდან ალიევმა კვლავ გამოუცხადა უკრაინას მხარდაჭერა და განაცხადა: „არასდროს შეეგუოთ ოკუპაციას. სწორედ ამას აკეთებს უკრაინა... აზერბაიჯანის პოზიცია უცვლელი რჩება. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“.

6 აგვისტოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი უკრაინის დედაქალაქ კიევს ეწვია და შეხვედრები გამართა უკრაინელ ლიდერებთან, მათ შორის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG