Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-სამხრეთი კორეის წვრთნების ხანგრძლივობა ორჯერ შეამცირეს ტრამპის უკმაყოფილების შემდეგ

ამერიკული ვერტმფრენები Apache სამხრეთ კორეაში, ჰამფრისის სამხედრო ბაზაზე. 2026 წლის 19 აგვისტო
ამერიკული ვერტმფრენები Apache სამხრეთ კორეაში, ჰამფრისის სამხედრო ბაზაზე. 2026 წლის 19 აგვისტო

სამხრეთი კორეაში ამ ქვეყნის და აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედროთა ერთობლივი სწავლება Ulchi Freedom Shield, რომლის მიზანი ჩრდილოეთი კორეის შეკავებაა, წინასწარ დადგენილ ვადაზე ადრე დასრულდება.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ერთობლივი წვრთნებით პრეზიდენტ ტრამპის უკმაყოფილება და პენტაგონისთვის მიცემული დავალება მათი შემცირების შესახებ.

19 აგვისტოს სამხრეთი კორეის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ მოკავშირეთა შეთანხმებით, წვრთნები 21 აგვისტომდე გაგრძელდება და შემცირდება საველე სწავლების მასშტაბიც.

Ulchi Freedom Shield-ი 17 აგვისტოს დაიწყო და 27 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო.

ტრამპის უკმაყოფილება

ერთობლივი წვრთნების დაწყების წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ჩრდილოეთი კორეის მეთაურ კიმ ჩენ ინთან მისი „ძალიან კარგი ურთიერთობის“ გათვალისწინებით უკმაყოფილოა არა მხოლოდ იმით, რომ აშშ დიდი ხანია მონაწილეობს სამხრეთი კორეასთან ერთობლივ, ძვირადღირებულ წვრთნებში, რომელთა დიდ ხარჯს აშშ ფარავს, არამედ იმითაც, რომ ეს წვრთნები „სრულიად უადგილო და მტრული სიგნალია“ ქვეყნისთვის (ჩრდილოეთი კორეა), რომელიც მისი პრეზიდენტობის პერიოდში საფრთხეს არ წარმოადგენდა და პატივისცემას იჩენდა.

ტრამპის თანახმად, ამჟამინდელი წვრთნების გაუქმება დაგვიანებულია, მაგრამ პენტაგონის ხელმძღვანელ პიტ ჰეგსეთს დაავალა სამხრეთი კორეასთან ერთობლივი სწავლებების არსებითად შემცირება.

სეულის რეაქცია

სამხრეთი კორეის პრეზიდენტის ოფისში 17 აგვისტოს განაცხადეს, რომ იმედი აქვთ, აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების მეგობრულ ურთიერთობებს მოჰყვება ამ ქვეყნების მნიშვნელოვანი დიალოგი და დისკუსიის დაწყება კორეის ნახევრკუნძულზე მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.

რაც შეეხება კონკრეტულად სამხედრო წვრთნებს, სამხრეთი კორეის პრეზიდენტის ოფისის თანახმად, თავდაცვის საიმედო ერთიანი სისტემის შენარჩუნებისა და ერთობლივი სწავლებების საკითხებში მჭიდრო კოორდინაცია აქვთ და კოორდინირებული მოქმედება გაგრძელდება პრობლემებთან დაკავშირებულ კონკრეტულ საკითხებზეც.

  • ვაშინგტონი მრავალი წელია სეულის უმნიშვნელოვანესი მოკავშირეა.
  • სამხრეთი კორეაში 28 ათასზე მეტი ამერიკელი სამხედროა დისლოცირებული.
  • ხშირად ტარდება ერთობლივი სამხედრო წვრთნები, რომლებსაც ჩრდილოეთი კორეა ყოველ ჯერზე გმობს და თავის ტერიტორიაზე შეჭრისთვის მზადებად აფასებს.

ტრამპი კიმთან შეხვედრას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთი კორეის მეთაურ კიმ ჩენ ინთან შეხვედრას აპირებს ამ ქვეყნის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების განახლების მიზნით. ეს 18 აგვისტოს ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით დაწერა გამოცემა The Wall Street Journal-მა.

წყაროთა თანახმად, ტრამპის და კიმის შეხვედრა შესაძლოა, 2026 წლის ნოემბერში გაიმართოს ჩინეთში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში.




ფორუმი

XS
SM
MD
LG