აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადიდან იმპორტირებულ რიგ საქონელზე 50-პროცენტიანი საბაჟო ტარიფების დაწესება სამი დღით გადაავადა. მან ამის შესახებ სამშაბათს საღამოს გამოაცხადა - შუაღამემდე ცოტა ხნით ადრე, სანამ ტარიფები ძალაში შევიდოდა.
ტრამპის თქმით, ქვეყნებმა შეთანხმებას მიაღწიეს. თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კანადა დათანხმდა გარკვეულ სავაჭრო დათმობებზე წასვლას, ხოლო დამატებითი დღეები საჭირო იყო ამ დებულებების საბოლოო შეთანხმებისთვის.
კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ თავის მხრივ განაცხადა, რომ „მიღწეულია არსებითი პროგრესი, თუმცა წინ ჯერ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი სამუშაოა“.
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისში განაცხადეს, რომ შეთანხმება მოიცავს „ამერიკული საქონლისთვის ბაზარზე ყოვლისმომცველ წვდომას, ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულებებს, ციფრული ვაჭრობის შეთანხმებასა“ და სხვა დებულებებს. კანადას აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
მანამდე აშშ-ის ადმინისტრაციამ კანადა ამერიკული ავტომობილების, ალკოჰოლისა და რძის პროდუქტების მიმართ დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. ტარიფების დაწესების შესახებ განცხადებისას ტრამპმა მიუთითა 1930 წლის „ტარიფების შესახებ კანონის“ 338-ე მუხლზე. ის სახელმწიფოს მეთაურს უფლებას აძლევს, 50%-მდე ოდენობის ჯარიმები დააწესოს იმ სავაჭრო პარტნიორების მიმართ, რომლებიც ამერიკული საქონლის დისკრიმინაციაში იქნებიან მხილებულნი. ეს აღნიშნული კანონის გამოყენების პირველი ცნობილი შემთხვევა გახდა მისი არსებობის თითქმის ასწლიანი ისტორიის განმავლობაში.
ახალ ტარიფებს უნდა მოეცვა დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ღირებულების იმპორტი. შეზღუდვებში მოყოლილი საქონლის სიაში შევიდა როგორც ყოველდღიური მოხმარების საგნები (მაგალითად, ღვინო და ყინულის ჰოკეის ჯოხები), ისე სამრეწველო პროდუქცია, კერძოდ ცემენტი.
ფორუმი