უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს ქვეყანა რუსული დრონებითა და რაკეტებით მორიგი დარტყმის ქვეშ იყო.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, შეტევის ძირითადი მიმართულება იყო ოდესის ოლქი. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაშავდა სულ მცირე ხუთი ადამიანი. დაზიანებულია სახლები, სავაჭრო ცენტრები, საწყობები და ენერგოობიექტები.
სამშენებლო მასალების კომპანია „ეპიცენტრის“ ინფორმაციით, დარტყმის შედეგად ქალაქ ოდესაში ხანძრები გაუჩნდა კომპანიის ორ ჰიპერმარკეტს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ოფიციალური არხებით გავრცელებული ცნობით, ოდესის პორტ „იუჟნიში“ დაარტყეს საწვავით დატვირთულ ტანკერს, ხუთ რეზერვუარს, სამხედრო დანიშნულების საქონლის ათ საწყობს და საპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებს, ხოლო ოდესიდან 28 კილომეტრში ელექტროქვესადგურს, რომელიც პორტ „იუჟნის“ ამარაგებს.
დრონებით შეტევა იყო უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის ცენტრზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მნიშვნელოვნადაა დაზიანებული მრავალბინიანი სახლი. დაშავდა 17 ადამიანი.
უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის მონაცემებით, ენერგოობიექტებზე მორიგი დარტყმის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ოდესის, ნიკოლაევის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ზაპოროჟიეს და დონეცკის ოლქებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა გამოიყენეს 8 რაკეტა და 143 დრონი. თავდაცვის ძალებმა სამი რაკეტა და 109 დრონი მოიგერიეს. საჰაერო თავდასხმის ობიექტებით პირდაპირი დარტყმა იყო 22 ადგილას.
ფორუმი