Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის უზენაესმა ლიდერმა რეგიონის მუსლიმურ ქვეყნებს აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა

მოჯთაბა ხამენეი (არქივი)
მოჯთაბა ხამენეი (არქივი)

ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ კვირას რეგიონის მუსლიმურ ქვეყნებს მოუწოდა გაერთიანდნენ შეერთებული შტატებისა და ისრაელის წინააღმდეგ. მისი წერილობითი მიმართვა ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებიდან ექვსი თვის თავზე გავრცელდა.

ხამენეი, რომელიც ხელისუფლებაში იმყოფება მას შემდეგ, რაც მისი მამა აიათოლა ალი ხამენეი აშშ-ის და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დასაწყისში, 28 თებერვალს იქნა მოკლული მის სამყოფელზე თავდასხმისას, დანიშვნის შემდეგ საჯაროდ ჯერ არ გამოჩენილა და ხელისუფლებას მისი მონაწილეობით არანაირი ვიდეო ან აუდიომასალა არ გავრცელებია.

„ისლამური ერების პრობლემების გადაჭრის გზა სიტყვის ერთიანობაში, მეგობრობასა და სიკეთის გზაზე თანამშრომლობაშია“, — განაცხადა მან კვირას, როდესაც შიიტმა მუსლიმებმა წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღე აღნიშნეს.

„ნებისმიერი პირი, ნებისმიერ პოზიციაზე, ვინც აკეთებს იმას, რაც მუსლიმებს შორის განხეთქილებას იწვევს და მუსლიმურ საზოგადოებაში კონფლიქტს ქმნის, შეგნებულად თუ შეუგნებლად, განზრახ თუ უნებლიეთ, ემსახურება ისლამის მტრების მიზნებს“, — დასძინა მან საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უზენაესმა ლიდერმა რეგიონის ქვეყნების მმართველებს მოუწოდა, „დაინახონ თავიანთი ნამდვილი მტერი, გაიგონ მისი ზრახვები და დაუპირისპირდნენ მას“, თქვა მან აშშ-სა და ისრაელზე მინიშნებით.

ომის დაწყების შემდეგ ირანმა საპასუხო იერიშები მიიტანა ახლო აღმოსავლეთში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე, მათ შორის საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, იორდანიაში, ქუვეითში, კატარსა და ბაჰრეინში.

მას შემდეგ ამ ქვეყნებთან ურთიერთობები გაუარესდა.

ისლამური რესპუბლიკის უზენაესმა მეთაურმა მოწოდება გამოთქვა გასულ პარასკევს ირანის ეკონომიკის ეტაპობრივი "დედოლარიზაციისა" და ეკონომიკური წარმოების გაძლიერებისკენ ზრდის მხარდასაჭერად აშშ-ის მრავალთვიანი საზღვაო ბლოკადისა და მძიმე სანქციების ფონზე, რაც მოსახლეობის საარსებო წყაროებს დიდი ზარალს აყენებს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG