Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა და საბერძნეთმა ხელი მოაწერეს 3 მილიარდი ევროს თავდაცვით შეთანხმებას - "აქილევსის ფარი"

გენერალ-მაიორი ამირ ბარამი, ისრაელის თავდაცვის სამინისტროს გენერალური დირექტორი და გენერალ-მაიორი იოანის ბურასი, საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვითი ინვესტიციებისა და შეიარაღების გენერალური დირექტორი შეთანხმების ხელმოწერისას. 2026 წლის 31 აგვისტო, თელავივი.
გენერალ-მაიორი ამირ ბარამი, ისრაელის თავდაცვის სამინისტროს გენერალური დირექტორი და გენერალ-მაიორი იოანის ბურასი, საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვითი ინვესტიციებისა და შეიარაღების გენერალური დირექტორი შეთანხმების ხელმოწერისას. 2026 წლის 31 აგვისტო, თელავივი.

„დღეს საბერძნეთთან ხელი მოეწერა უსაფრთხოების შეთანხმებას - ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ უმსხვილეს გარიგებას, რაც არის „აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის“ ალიანსის პირდაპირი გაგრძელება, რომელიც ათი წლის წინ ჩამოვაყალიბეთ საბერძნეთთან და კვიპროსთან ერთად“, - განაცხადა 31 აგვისტოს ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელმა და საბერძნეთმა ორშაბათს ხელი მოაწერეს დაახლოებით 3 მილიარდი ევროს ღირებულების შეთანხმებას - „აქილევსის ფარი“, რომლის თანახმადაც, ისრაელი საბერძნეთს აუშენებს ისრაელის სისტემებზე დაფუძნებულ მრავალშრიან საჰაერო თავდაცვის კომპლექსს. მასში შევა შორი მანძილის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა „დავითის შურდული“ და SPYDER-ის ხმელეთი-ჰაერის ტიპის, სწრაფი რეაგირების სარაკეტო სისტემა, რომელსაც აწარმოებს კომპანია Rafael-ი და BARAK MX-ის სისტემა, რომელსაც აწარმოებს კომპანია Israel Aerospace Industries. გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის კომპლექსში შევა მრავალდანიშნულებიანი რადარები ცის დაზვერვისთვის და ეროვნული სამეთაურო და კონტროლის სისტემა, რომელიც შეაკავშირებს საჰაერო თავდაცვის სრულ სპექტრს.

ისრაელის მთავრობის ოფიციალური ვებსაიტის ცნობით, ეს არის ყველაზე დიდი თავდაცვითი საექსპორტო ხელშეკრულება ისრაელი-საბერძნეთის ურთიერთობების ისტორიაში და ერთ-ერთი უმსხვილესი - ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში.

პროგრამა, რომელსაც საბერძნეთში „აქილევსის ფარად“ იცნობენ, იცავს ტერიტორიას როგორც ბალისტიკური რაკეტებისგან, ისე მტრის უპილოტო საფრენი აპარატებისგან.

დიდ შეთანხმებასთან ერთად ხელი მოეწერა 26 მილიონი ევროს ხელშეკრულებასაც, რომლითაც საბერძნეთი კომპანია Rafael-ისგან იყიდის „დრონების გუმბათის“ სისტემებს, სტრატეგიული ობიექტების უპილოტო საფრენი აპარატებისა და დრონებისგან დასაცავად, რითაც გააძლიერებს არსებულ თავდაცვის საშუალებებს.

საბერძნეთსა და ისრაელს შორის მიმდინარე მთავრობათაშორისი დიალოგის ფარგლებში, ისრაელი გააფართოებს საბერძნეთთან სამრეწველო თანამშრომლობას, ცოდნისა და ტექნოლოგიის გადაცემის ჩათვლით.

საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, „აქილევსის ფარის“ ზუსტი ბიუჯეტია 3 მილიარ 35 მილიონი ევრო. პროგრამის განხორციელების ეტაპზე გათვალისწინებულია საბერძნეთის თავდაცვისა და ტექნოლოგიური კომპანიების ჩართულობაც. საბერძნეთის 19 კომპანია უკვე მონაწილეობს შესაბამის პროცედურებში. საბერძნეთის მონაწილეობა 25%-ს აჭარბებს. პროგრამით, საბერძნეთში დაგეგმილია საექსპორტო პოტენციალის მქონია საწარმოო ბაზის შექმნა.

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა ნიკოს დენდიასმა განაცხადა:

„ჩვენ ვცხოვრობთ რადიკალური ცვლილებების დროში. თანამედროვე კონფლიქტებმა უკვე შეცვალა სამხედრო თავდაცვისა და შეკავების პარამეტრები.

ტექნოლოგიებმა, ბალისტიკურმა რაკეტებმა, სატელიტურმა კომუნიკაციებმა, უპილოტო საფრენმა სისტემება, კიბერ-საფრთხეებმა, ჰიბრიდულმა ომმა და მათმა დამაკავშირებელმა ოპერატიულმა ველმა, დიდი ხანია სრულად მოძველებულად აქცია არსებული თავდაცვითი დოქტრინები.

ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვახორციელებთ შეიარაღებული ძალების საფუძვლების სრულ რეფორმას, წარსულის დისფუნქციურობისა და ჩვენი მასზე მიჯაჭვულობის ბოლომდე გააზრებით.

საბერძნეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელიც ასეთ მოდელს ამკვიდრებს.

ყველაფრის სწრაფად შეცვლა არის რევიზიონიზმისა და მუდმივად მზარდი საფრთხეებისგან სახელმწიფოებრივი გადარჩენის აუცილებელი პირობა“.

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი ნიკოს დიასი ახორციელებს „რეფორმა 2023“-ის დღის წესრიგს, რომელიც ითვალისწინებს სამეთაურო სტრუქტურის რეორგანიზაციას, აქტიური რეზერვის 150 ათასამდე გაზრდას მომდევნო სამ წელიწადში, თანამედროვე ციფრული პლატფორმების, სიმულატორებისა და გადამზადების განახლებული პროგრამებით.

სამხედრო ბანაკებისა და ობიექტების შერწყმით, მილიონობით ევროს დაზოგვა.

საბერძნეთში თითქმის ყოველ ახალ სახელმწიფო შესყიდვაზე ბერძნული კომპანიებისთვის მოქმედებს „25% პლუს“ მონაწილეობის პრინციპი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG