Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოთა მირიანაშვილი - ალპინიადის მარადიული ხელმძღვანელი

მთამსვლელი შოთა მირიანაშვილი
მთამსვლელი შოთა მირიანაშვილი

3 სექტემბერს დაკრძალეს მთამსვლელი შოთა მირიანაშვილი. ეს იყო ადამიანი, რომელსაც სტუდენტების თითქმის ყველა თაობა ჰყავს წაყვანილი მთაში ალპინიადაზე.  

ალპინისტების დაუწერელი კანონია, სადამდეც მანქანით მიხვალ, მანქანით მიდი, ფეხით სიარული მერეც გეყოფა, ვერტიკალზე. გაავსებდა შოთა მირიანაშვილი ავტობუსებს სტუდენტებით და მთაში მიჰყავდა, პირველი-მეორე კატეგორიის მწვერვალებზე, სადაც წრიაპი და ძალაყინი არ სჭირდებოდათ. ასი, ორასი, სამასამდე ადამიანი: მეგობრები, „სასტავები“, მარტოსულები, შეყვარებული წყვილები. ათამდე ოჯახი შეიქმნა ასეთ ალპინიადებზე.

შოთა მირიანაშვილი, ბაბუა ალუდაურის ფოტო
შოთა მირიანაშვილი, ბაბუა ალუდაურის ფოტო

სპორტული შარვალი და მზისგან დამცავი კრემი, ნაქირავები საძილე ტომარა და პარალონი... კარავს ყველა ვერ შოულობდა. დღისით ტყე-ღრეში სიარული, საღამოს ცეცხლზე შემომდგარი ქვაბი. ერთად შეყრილი ათასნაირი ხასიათის და ბუნების ახალგაზრდა, ზოგი ჭკუადამჯდარი, ზოგი - ავარდნილი. ადვილი არაა, ამდენი ადამიანი ჩაიბარო და ისეთ ადგილას წაიყვანო, სადაც გათენებას მხოლოდ მტაცებელი ფრინველები ეგებებიან.

„ყველა წლის ალპინიადის სიები ჰქონდა შენახული, ვინ რომელ ათეულში იყო, ვინ ხელმძღვანელობდა. ერთხელ დავითვალეთ და 15 ათასზე მეტი სტუდენტი ჰყავს წაყვანილი. მათგან ბევრი დიდი მთასვლელი გამოვიდა. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ახალგაზრდებს მთაში სიარული შეაყვარა“, - იხსენებს შოთა მირიანაშვილის მეგობარი ბაბუა ალუდაური. პირველად რომ გაჰყვა მირიანაშვილს ალპინიადაზე, 1971 წელი იდგა. მწვერვალზე ასვლა ვერ მოახერხეს, მთაში სხვა ექსპედიციის ოთხი მონაწილე დაიღუპა და მათ ჩამოსასვენებლად მოუხდათ წასვლა. მაშინ პირველად შეეხო მთაში სიკვდილსა და თოკებით ჩამოტანილ ცხედრებს.

„მთა გაჭირვების ატანას გასწავლის, ცოტა შიმშილი უნდა მოითმინო, ცოტა - სიცივე. კაცად უნდა ჩამოყალიბდე. რაც გაქვს, სხვას უნდა გაუყო. ყოველთვის ის უნდა იფიქრო, სხვას შენზე მეტად ხომ არ უჭირს. მთა ცხოვრებას გასწავლის, იქ კარგად ჩანს, ვინ ვინ არის“, - ამბობს ბაბუა ალუდაური.

ჯგუფური ექსპედიცია
ჯგუფური ექსპედიცია

შოთა მირიანაშვილი თავადაც სტუდენტი იყო, მთაში პირველად რომ მოხვდა. მას შემდეგ ძალიან ბევრ მწვერვალზე ავიდა - კავკასიონზე, პამირზე, ტიანშანზე. იყო სსრკ-ის ჩემპიონი ტრავერსების კლასში, სამგზის მეორე და სამგზის მესამე პრიზიორი სასიმაღლო, კლდოვან და ტექნიკურ კლასებში. საქართველოს მთამსვლელთა ნაკრების კაპიტანი და მწვრთნელიც გახლდათ, ალპური კლუბის პრეზიდენტი, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტი.

პროფესიით ფიზიკოსს ათეულობით სამეცნიერო ნაშრომი ჰქონდა დაწერილი და თსუ-ის ნახევარგამტართა ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს დირექტორობდა.

„საბჭოთა პერიოდში ყველგან დადიოდნენ, მერე, როცა ყველაფერი გართულდა, უფრო აღმოსავლეთ საქართველოში აკეთებდნენ ბანაკებს, ხევსურეთში, აბუდელაურის ტბების მიმართულებით, ჭიუხებში, ხდის ხეობაში, გუდამაყარში, - ამბობს მთამსვლელი გიორგი მაჭარაშვილი, - შოთა მირიანაშვილისგან ვისწავლე, რომ მნიშვნელოვანი ის კი არ არის, მთაზე როგორ ახვალ და ჩამოხვალ, მთავარია, თავად ვინ ხარ, რას აიტან და რას ჩამოიტან“.

შოთა მირიანაშვილი, ბაბუა ალუდაურის ფოტო
შოთა მირიანაშვილი, ბაბუა ალუდაურის ფოტო

აღმოსავლეთ კავკასიონზე ათობით მწვერვალია, რომლებსაც სახელი შოთა მირიანაშვილმა დაარქვა, მართალია არაოფიციალურად, მაგრამ დღემდე ამ მწვერვალებს მხოლოდ ასე ეძახიან: ივანე ჯავახიშვილი, დავით აღმაშენებელი, ლადო ასათიანი, გურამ თიკანაძე, თავისუფალი საქართველო… ვერ მოასწრო, მაგრამ ძალიან უნდოდა, ორი მწვერვალისთვის ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელები დაერქმია.

„მაშინ არ შეიძლებოდა მწვერვალებისთვის ქართული სახელების დარქმევა და ამის გამო გაუთავებლად ებრძოდა რუსებს. საზღვრების გადმოწევაზეც ებრძოდა. ეს ახლა კი არ დაიწყეს, მუდმივად ასე იყო. საგანგებოდ მოსაზღვრე რეგიონებში მართავდა ალპინიადებს“, - ამბობს მისი შვილი მირიან მირიანაშვილი.

1955 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ერთ-ერთი მწვერვალისთვის „რუსთავი“ დაერქმია. მანამდე „ბერია“ ერქვა და რადგანაც ბერია ამ დროს უკვე დახვრეტილი იყო, სახელი უნდა შეეცვალათ. მწვერვალზე შოთა მირიანაშვილი და მწერალი გურამ რჩეულიშვილი ავიდნენ.

„მანამდე მწვერვალზე ბერიას პატარა ბიუსტი იდგა. შოთა ჰყვებოდა, რომ წამოვიღეთ ეს ბიუსტი და ჩამოვაცურეთ, ჯერ კიდევ გვეშინოდა უკვე მკვდარი ბერიასიო“, - იხსენებს ბაბუა ალუდაური.

შოთა მირიანაშვილი, ბაბუა ალუდაურის ფოტო
შოთა მირიანაშვილი, ბაბუა ალუდაურის ფოტო

„დიდი ალპინისტი და შესანიშნავი ფიზიკოსი იყო. საქართველო გააცნო ახალგაზრდებს, მიტოვებულ სოფლებს აჩვენებდა. არ არსებობდა ჩოხში ავსულიყავით და გოდერძი ჩოხელის სახლი არ ენახვებინა“, - იხსენებს მთამსვლელი მალხაზ ხუციშვილი, - „შესანიშნავი მეუღლე ჰყავდა, ნანი. ყოველთვის ჩამოჰქონდა მისთვის მთის ყვავილების თაიგული“.

ბოლოს რომ ავიდა მთაში, შოთა მირიანაშვილი უკვე 90 წელზე მეტის იყო. გარდაცვალებამდე ორიოდე თვით ადრე, 2 ივლისს, მას 95 წელი შეუსრულდა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG