102-ე რუსული სამხედრო ბაზის საკითხი რუსეთის პრეზიდენტთან არ განხილულა, მაგრამ თუ "რუსეთი გადაწყვეტს სომხეთის რესპუბლიკიდან სამხედრო ბაზის გაყვანას, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით", - განაცხადა დღეს, 3 სექტემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
"თუ ისინი დარჩენის სურვილს გამოხატავენ, ჩვენ ამის განხილვისთვისაც მზად ვართ", - დაამატა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სამხედრო ბაზას სომხეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა არ აქვს, "მაგრამ არასოდეს წამოგვიწევია ეს საკითხი მთელი ამ დროის განმავლობაში", - თქვა ფაშინიანმა.
ორი დღის წინ, ბიშკეკში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გიუმრიში რუსული სამხედრო ბაზის მომავალზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მოსკოვი არ აპირებს სომხეთისთვის სამხედრო ყოფნის თავსმოხვევას.
„თუ სომხეთი ჩათვლის, რომ რუსეთის სამხედრო ბაზა არ სჭირდება, ჩვენ, სულ მცირე, ხვალვე წავალთ. მზად არის კი სომხეთი ამისთვის? კი ბატონო, ჩვენ არავის არაფერს მოვახვევთ თავს. ხოლო თუ სომეხ ხალხს სურს, რომ მის გვერდით რუსეთის სამხედრო „ფრთა“ ჰქონდეს, ჩვენ დავრჩებით, ვიმუშავებთ და ვითანამშრომლებთ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ფორუმი