Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ასავალ-დასავლის“ რესპონდენტის გარდაცვალების საქმეზე შსს-ში გამოკითხვები ტარდება

ლაზარე ჯორბენაძე
ლაზარე ჯორბენაძე

​პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაზეთ „ასავალ-დასავლის“ რესპონდენტის, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების შესახებ გამოთქმულ ეჭვებზე გაკეთებული განცხადებების გამო დიღმის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მიმდინარეობს. 

ოპოზიციონერი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ ამ საკითხის ირგვლივ მოვლენები ორი მიმართულებით განვითარდება:

  • ამ საკითხს გამოიყენებენ პროპაგანდისტული მიზნით;
  • ახალ ბრალს წაუყენებენ ირაკლი ღარიბაშვილს.

„ყოფილმა პრემიერმა დასვა მძიმე შეკითხვა და ბუნებრივია, რომ ეს ყველას გვაინტერესებს, თუმცა პასუხი ჩვენ არ ვიცით ამ შეკითხვაზე...“ - თქვა ნიკა გვარამიამ გამოკითხვის დასრულების შემდეგ.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ მას საგამოძიებო უწყებიდან დაუკავშირდნენ მედიაში გაკეთებული განცხადების შემდეგ:

„ჯორბენაძის თემაზე მე შეფასება არ გამიკეთებია. მე ვისაუბრე რიჟვაძის საქმეზე, იმიტომ რომ რიჟვაძის საქმე არის ბნელით მოცული. ადამიანმა თვითონ თქვა თავიდან, რომ თვითმკვლელობამდე მიმიყვანესო და მერე გადამალეს, დაიკარგა, რა მოხდა დღემდე პასუხგაუცემელია და კითხვები არსებობს ასევე სხვა საქმეებზეც. მე ამაზე ვისაუბრე და არა ჯორბენაძეზე კონკრეტულად, ადამიანზე, რომელსაც არც ვიცნობდი, არც მისი მოღვაწეობა, არც მისი ინტერვიუ მქონდა ნანახი. მე მისი გვარიც არ ვიცოდი“.

საგამოძიებო უწყებაში დაბარება საზოგადოების დაშინების მცდელობად აღიქვა მწერალმა გიორგი გიგაურმა:

„ღარიბაშვილის მიერ ნათქვამი წერილიდან ფაქტების კონსტატაცია, ანუ მისი აზრების კონსტატაცია და ვამბობდი, რომ ღარიბაშვილს აქვს კითხვები. ღარიბაშვილი არის ქვეყნის ორგზის პრემიერ-მინისტრი, მისი კითხვები არის ლეგიტიმური და ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს ამ კითხვებს“.

საგამოძიებო უწყების თანამშრომლები იმყოფებიან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსაკითხად. სწორედ მის მიერ 1 აგვისტოს გავრცელებული წერილის შემდეგ დაიბარეს ოპოზიციონერები გამოკითხვაზე.

რა ეწერა 1 აგვისტოს გავრცელებულ წერილში?

ამ წერილში ღარიბაშვილმა თქვა, რომ მას 12 თებერვალს ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის დავალებით ციხეში შეუგზავნეს გაზეთ „ასავალ-დასავლის“ 2 თებერვლის ნომერი, რომელშიც ლაზარე ჯორბენაძესთან ინტერვიუა დაბეჭდილი. ჯორბენაძე ამტკიცებდა, რომ „დავით-გარეჯი გაყიდულია“ და მსგავსი დოკუმენტი საკუთარი თვალით აქვს ნანახი. ის ირაკლი კობახიძის საქმიანობას აკრიტიკებდა, ირაკლი ღარიბაშვილს კი დადებითად წარმოაჩენდა.

ფრაგმენტი „ასავალ-დასავლის“ 2 თებერვლის ნომრიდან
ფრაგმენტი „ასავალ-დასავლის“ 2 თებერვლის ნომრიდან

„გადმომცეს პრეტენზიული გზავნილი, რომელშიც გამოთქმული იყო აბსოლუტურად ცრუ აღქმაზე დაფუძნებული ეჭვი - ხომ არ ვიდექი მე ხსენებული სტატიის უკან... ახლა უკვე ჩემთვის სურათი ნათელია და პასუხი ყველა საკითხზე არის გაცემული თუ რატომ ჩამიწერეს წერილის პირველ პუნქტად, რომ „დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილისნაირმა მხარდამჭერებმა“ სერიოზული ეჭვები გააჩინეს და ძალიან დააზიანეს კობახიძე-მდინარაძის გუნდის ინტერესები“, - წერდა ღარიბაშვილი 1 აგვისტოს წერილში.


პროკურატურის გამოძიება

3 აგვისტოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, „გამოკითხულია გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეუღლე, რის საფუძველზეც, ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი“.

ამავე განცხადებით გაირკვა, რომ გამოკითხვაზე იბარებდნენ იმ ადამიანებს, რომლებმაც ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე ისაუბრეს.

რა თქვეს ოპოზიციონერებმა?

  • ხატია დეკანოიძე: „ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ივანიშვილის ყველაზე დიდი ხნის მსახური ხელს ადებს კობახიძე/მდინარაძეს, რომ კლავდნენ ან თვითმკვლელობამდე მიჰყავდათ“;
  • ნიკა გვარამია: „ღარიბაშვილი თავის წერილში თვითმკვლელობით შენიღბულ მკვლელობებში რომ ამხელს კობახიძეს და მდინარაძეს, უინტერესო და დასაიგნორირებელი ვერ იქნება“;
  • ირმა ინაშვილი: „რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ლაზარე ჯორბენაძე აღმსარებელი და მაზიარებელი კაცი იყო და მისი თვითმკვლელობა იმთავითვე ეჭვს იწვევდა და უამრავ კითხვას ბადებდა“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG