Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილს კითხვები აქვს „ასავალ-დასავალის“ იმ რესპონდენტის გარდაცვალებაზე, რომელიც მას აქებდა და კობახიძეს კი აკრიტიკებდა

ირაკლი კობახიძე (მარცხნივ) და ირაკლი ღარიბაშვილი (ფოტო არქივიდან)
ირაკლი კობახიძე (მარცხნივ) და ირაკლი ღარიბაშვილი (ფოტო არქივიდან)

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი 1 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში კითხვას სვამს „ასავალ-დასავალის“ იმ რესპონდენტის „გარდაცვალების რეალურ მიზეზზე“, რომელიც 2 თებერვალს გამოქვეყნებულ ინტერვიუში მას აქებდა, მოქმედ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს კი აკრიტიკებდა.

სწორედ ბოლო წერილშია ახსნილი, რატომ ახსენა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველ საჯარო მიმართვაში „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე და ტელეკომპანია „ობიექტის“ დამფუძნებელი, პოლიტიკოსი ირმა ინაშვილი. სწორედ ჩუბინიძემ ჩაწერა ინტერვიუ ლაზარე ჯორბენაძესთან, „მოგვიანებით [კი] ეს კრიტიკული ბრალდებები ხშირად მეორდებოდა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერშიც“.

რა ეწერა ამ ინტერვიუში?

2 თებერვალს „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებული სტატია, რომლის შესახებაც ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს და დიტო ჩუბინიძის რესპონდენტია ღარიბაშვილის მიერ ნახსენები ლაზარე ჯორბენაძე. ის ამტკიცებდა, რომ „დავით-გარეჯი გაყიდულია“:

„პრემიერმა კობახიძემ შარშან ხელი მოაწერა საიდუმლო შეთანხმებას და აზერბაიჯანს გადასცა დავით-გარეჯის ის ნაწილი, რომლის გადაცემასაც [მიხეილ] სააკაშვილი ალიევს [აზერბაიჯანის პრეზიდენტს] დაჰპირდა“.


ამონარიდები „ასავალ-დასავალის“ 2-8 თებერვლის ნომრიდან, რომლის შესახებაც ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს.
ამონარიდები „ასავალ-დასავალის“ 2-8 თებერვლის ნომრიდან, რომლის შესახებაც ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს.

ლაზარე ჯორბენაძე ირწმუნებოდა, რომ მას ასეთი დოკუმენტი ნანახი აქვს. მისივე სიტყვებით, „როცა ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი დააკავეს, ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანული მხარე 250 მილიონ დოლარს სთავაზობდა, მაგრამ ირაკლიმ ქართული მიწის გაყიდვას ხელი არ მოაწერა“.

  • დავით-გარეჯის საკითხზე - საქართველოს საზიანოდ საზღვრის მონაკვეთების შეთანხმების მცდელობის საქმე პროკურატურაში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 2020 წლის აგვისტოში გაგზავნილი წერილის საფუძველზე დაიწყო. მაშინ ის პრემიერის თანამდებობას იკავებდა.
  • გამოძიების დაწყებიდან 2 თვეში და საპარლამენტო არჩევნებამდე 25 დღით ადრე დააკავეს აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი სახელმწიფო კომისიის ორი წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა;
  • საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ნატალია ილიჩოვამ და ივერი მელაშვილმა წინასწარ პატიმრობაში 4 თვე გაატარეს და 2021 წლის 28 იანვარს ოც-ოცი ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. მოქალაქეებმა ეს თანხა რამდენიმე საათში შეაგროვეს.

კარტოგრაფების საქმეზე რადიო თავისუფლების მასალები წაიკითხეთ აქ.

რატომ საუბრობს ღარიბაშვილი ამ ინტერვიუზე?

ექსპრემიერის თქმით, „12 თებერვალს, კობახიძისა და მდინარაძის დავალებით შემომიგზავნეს 2026 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ასავალ-დასავალის“ სტატია“.

„გადმომცეს პრეტენზიული გზავნილი, რომელშიც გამოთქმული იყო აბსოლუტურად ცრუ აღქმაზე დაფუძნებული ეჭვი - ხომ არ ვიდექი მე ხსენებული სტატიის უკან... ახლა უკვე ჩემთვის სურათი ნათელია და პასუხი ყველა საკითხზე არის გაცემული თუ რატომ ჩამიწერეს წერილის პირველ პუნქტად, რომ „დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილისნაირმა მხარდამჭერებმა“ სერიოზული ეჭვები გააჩინეს და ძალიან დააზიანეს კობახიძე-მდინარაძის გუნდის ინტერესები“.

ღარიბაშვილი: “სურათი ნათელია”

ექსპრემიერი აცხადებს, რომ მისთვის „სურათი ნათელია და პასუხი ყველა საკითხზე არის გაცემული“.

„მთელი ეს ისტორია, ალბათ, საჯაროდ მოსაყოლი არც იქნებოდა, სრულიად შემთხვევით რომ არ გამეგო, რომ დიტო ჩუბინიძის ხსენებული სტატიის რესპონდენტმა, სტატიის გამოქვეყნებიდან გარკვეული ხნის შემდეგ, თავი მოიკლა… პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ - წერს ირაკლი ღარიბაშვილი 1 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში.

  • 17 აგვისტოს „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც კორუფციული ბრალდება აღიარა და 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა საპროცესო შეთანხმებით, გუნდს და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა;
  • მისი თქმით, „ბიძინა ივანიშვილის დავალებით“ მას გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მისთვის უცნობი კორუფციული დანაშაულის „აღიარება“ შესთავაზეს, რადგან პოლიტიკაში დაბრუნების 1%-იანი „რისკი“ გადაეზღვიათ;
  • 18 აგვისტოს გავრცელებულ წერილში მან თქვა, რომ წერილის გამგზავნი მამუკა მდინარაძე იყო - მდინარაძე სხვადასხვა დროს იკავებდა ვიცე-პრემიერის, მინისტრის, სუსის ხელმძღვანელის, საპარლამენტო ლიდერის თანამდებობებს;
  • ამავე წერილში ღარიბაშვილმა თქვა, რომ ყველაფერი გააკეთა“ გუნდთან და ძვირფას ადამიანებთან „დაპირისპირების“ თავიდან ასაცილებლად. სწორედ ასე ახსნა მან მისთვის კორუფციის შესახებ წაყენებული ბრალის აღიარება, რის გამოც მას საპროცესო შეთანხმებით 5-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი;
  • 18 აგვისტოს, როცა მამუკა მდინარაძე ჯერ კიდევ იკავებდა მინისტრის თანამდებობას, რადიო თავისუფლებას რეგიონული განვითარების სამინისტროში უთხრეს, რომ „სრული აბსურდი, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა“;
  • 24 აგვისტოს დილას საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახალი, კორუფციის შესახებ ბრალდება პირადად წარუდგინეს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - გამოძიების თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, კორუფციისთვის მსჯავრდადებული ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენებით, - მან გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტენდერში გამარჯვებული ბიზნესმენისგან, ზურაბ ტუკვაძისგან ქრთამად მიღებული 1,5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ პირადად გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს;
  • 27 აგვისტოს, მოულოდნელად, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა და თანამდებობის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ამის შესახებ ესაუბრა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს: „მირჩევნია გავიწიო“, „ჩემთვის ასე სჯობდა“;
  • ამავე დღეს მან ჟურნალისტების კითხვის პასუხად უარყო ღარიბაშვილის გავრცელებული ინფორმაცია წერილის გაგზავნასთან დაკავშირებით: „არავისთვის არასდროს გამიგზავნია წერილი. პირდაპირ გეუბნებით, მსგავსი საკითხებით მე არასდროს ვყოფილვარ დაკავებული“;
  • 31 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ის სამინისტრო, რომელშიც მინისტრის თანამდებობას ის მანამდე იკავებდა და ასევე, აღარ შეიქმნებოდა უწყება, რომლის ხელმძღვანელიც ის უნდა გამხდარიყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG