Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესმენი კოენი: „პუტინს არ ადარდებს, რომ რუსები იხოცებიან, ამ ადამიანების ბედი მას საერთოდ არ აინტერესებს“

სტივ კოენი
სტივ კოენი

აშშ-ის კონგრესის ოთხმა წარმომადგენელმა, ორივე პარტიიდან - დემოკრატმა სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა, მისმა რესპუბლიკელმა კოლეგამ ტომ ტილისმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ბრაიან ფიცპატრიკმა და დემოკრატმა კონგრესმენმა მარსი კაპტურმა ღია წერილით მიმართეს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს და მოუწოდეს მას, 25 მილიონი დოლარი გამოყოს იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებაზე მუშაობენ.

წერილში აღნიშნულია, რომ „დაახლოებით 20 000 უკრაინელი ბავშვი იძულებით გაიყვანეს რუსეთში ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე“.

ამერიკელი კანონმდებლები ამ კვირაში არდადეგების შემდეგ დაბრუნდნენ კაპიტოლიუმში, რათა დროებითი ბიუჯეტი მიეღოთ და ამით მთავრობის მუშაობის შეჩერება აეცილებინათ თავიდან.

რუსეთ-უკრაინის ომში ძალთა ბალანსის ცვლილების ფონზე (საჰაერო იერიშები ახლა ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე ხორციელდება) „ამერიკის ხმის“ (VOA) რუსული სამსახური კონგრესის რამდენიმე წევრს ესაუბრა კრემლის მიმართ აშშ-ის შემდგომი სტრატეგიის შესახებ.

რესპუბლიკელი კონგრესმენი დარინ ლაჰუდი (Darin LaHood) მიიჩნევს, რომ უკრაინის მიერ საომარი მოქმედებების რუსეთის ტერიტორიაზე გადატანა პუტინის რეჟიმზე ზეწოლის ეფექტიანი საშუალებაა:

„ეს საკითხი გაცილებით ღრმაა. ვფიქრობ, საჭიროა უკრაინელების მხარდაჭერის გაგრძელება, ზელენსკის მხარდაჭერის გაგრძელება, მათთვის საჭირო შეიარაღების მიწოდება და ჩვენი სადაზვერვო სამსახურების გამოყენება, რათა კვლავაც მხარი დავუჭიროთ უკრაინელების ყველა ძალისხმევას. ვფიქრობ, ეს შედეგს გამოიღებს“.

კრემლის წინააღმდეგ მოქმედების საკითხი ახლა აქტუალური ხდება ევროპული ქვეყნებისთვისაც - აშშ-ის მოკავშირეებისთვის ნატოში. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გერმანიამ ოფიციალურად დაადანაშაულა რუსეთი 14 აგვისტოს ლაიფციგის აეროპორტში დრონის გამოყენებით დივერსიის მცდელობაში.

დემოკრატმა კონგრესმენმა რაჯა კრიშნამურთიმ (Raja Krishnamoorthi), რომელიც წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის წევრია, „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „აშშ-მა უნდა იმოქმედოს იმის ვარაუდით, რომ რუსეთი სულ უფრო მეტ მსგავს ოპერაციას განახორციელებს“.

კრიშნამურთის აზრით, „დასავლელმა მოკავშირეებმა წინასწარ უნდა გათვალონ რუსეთის მსგავსი მოქმედებები, დაიცვან როგორც ამერიკული ობიექტები, ისე მთელი აღმოსავლეთი ფლანგი ნებისმიერი ახალი შეჭრისა თუ თავდასხმისგან“.

„უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინელებს... ჰქონდეთ ყველაფერი, რასაც ისინი ითხოვენ, რათა მოიგერიონ ბალისტიკური რაკეტების თავდასხმები, რომლებიც ახლა, თითქოს ჯოჯოხეთური წვიმა, თავზე ეცემა უკრაინას“, - განაცხადა კონგრესმენმა.

სარაკეტო თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებებს შორის, პირველ რიგში, საუბარია ამერიკულ Patriot-ის სისტემებზე, რომლებითაც აშშ-მა და ნატომ უკვე აღჭურვეს უკრაინის შეიარაღებული ძალები.

თუმცა, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ამ კვირაში ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში აღიარა, რომ ამ ეტაპზე ვაშინგტონის შესაძლებლობები Patriot-ის სისტემების მიწოდების თვალსაზრისით შეზღუდულია.

რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებულ ბოლო საჰაერო თავდასხმებზე საუბრისას კონგრესმენმა კრიშნამურთიმ განაცხადა:

„უკრაინელებმა საკმაოდ ეფექტიანად შეუტიეს ნავთობინფრასტრუქტურის ობიექტებს და საომარი მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანეს. და თუ პუტინი ფიქრობს, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, მის ხალხსა და მის ინტერესებს არ შეეხება, კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს“.

„ვფიქრობ, რუსეთის ინფრასტრუქტურასა და ეკონომიკაზე უკრაინის მიერ განხორციელებული წარმატებული თავდასხმები ერთადერთი გზაა იმის მისაღწევად, რომ პუტინმა უარი თქვას საკუთარ გეგმებზე, - თქვა ტენესის შტატის დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენმა (Steve Cohen) „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. - პუტინს არ ადარდებს, რომ რუსები იხოცებიან, ამ ადამიანების ბედი მას საერთოდ არ აინტერესებს. ასე რომ, ერთადერთი იმედი არის ის, რომ პუტინის გამო რუსულ საზოგადოებაში უამრავი პრობლემა წარმოიშობა და ეს ისეთ საზოგადოებრივ აღშფოთებას გამოიწვევს, რომელიც პუტინზე გავლენას მოახდენს“.

„ამერიკის ხმის“ კიდევ ერთი კითხვა შეეხებოდა აშშ-ის კონგრესის მზადყოფნას, მომავალშიც გაუწიოს დახმარება უკრაინას. თითქმის ყველა გამოკითხული კანონმდებელი მხარს უჭერს დახმარების გაგრძელებას, თუმცა, ამ მხარდაჭერის მოცულობასა და ხასიათთან დაკავშირებით, განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს.

„არ უნდა დაგვავიწყდეს: პუტინი თავზე ხელაღებული ავაზაკია. ის დიქტატორია. ის საერთაშორისო დამნაშავეა, - განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა დარინ ლაჰუდმა. - არაფერი, რასაც პუტინი წარსულში აკეთებდა ან ახლა აკეთებს, არ უნდა გვაკვირვებდეს. ჩვენ ეს არაერთხელ გვინახავს. და ეს განგაშის სიგნალი უნდა იყოს არა მხოლოდ ნატოს ქვეყნებისთვის, არამედ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების სისტემისა და კონგრესისთვისაც, რომელმაც [მოსკოვის] წინააღმდეგ ზომები უნდა მიიღოს“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG