სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ მასალაში არ არის ნახსენები უკრაინა, რომლის წინააღმდეგაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს წამოიწყო, თუმცა ნახსენებია რუსეთის ის სასაზღვრო ოლქები და ანექსირებული დონეცკი, რომლებიც ამ ომის დროს დაზარალდნენ:
„მან [ფარცხალაძემ] ხაზგასმით აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებების დაწყებიდანვე ის და მისი გუნდი აქტიურად ეხმარებოდნენ რუს სამხედრო მოსამსახურეებსა და მშვიდობიან მოსახლეობას ДНР-ში [რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკი], კურსკის, ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქებში“.
ამის შემდეგ მასალაში მოყვანილია ოთარ ფარცხალაძის ციტატა, რომელშიც საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ამბობს:
„დღეს, როდესაც რუსეთი ებრძვის დასავლურ ზეწოლას საკუთარი იდენტობის, ტრადიციების, ენისა და კულტურის შესანარჩუნებლად, მე მზად ვარ, დავეხმარო სამშობლოს ლიდერის მიერ დასახული ყველა მიზნის მიღწევაში“.
რუსეთის სამთავრობო სააგენტოზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ფარცხალაძემ „ნებაყოფლობით გადაწყვიტა მეორე სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა რუსეთის მხარეს“:
„დარწმუნებული ვარ, რომ მტრის დამარცხების სიმბოლოს, ისევე, როგორც მაშინ, კვლავ რუსი და ქართველი აღმართავენ. ჩვენმა თანამოაზრეებმა და მხარდამჭერებმა, რომლებიც ჩვენი ხალხებისა და ქვეყნების გაერთიანებას, ასევე ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვას ემხრობიან, შექმნეს საერთაშორისო ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“, - განაცხადა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ.
- 2023 წლის 14 სექტემბერს საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე აშშ-მა დაასანქცირა. ვაშინგტონის განცხადებით, ის თანამშრომლობდა FSB-ის ოფიცერ ალექსანდრ ონიშჩენკოსთან, ხოლო რუსეთის სპეცსამსახური ფარცხალაძეს „ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად“ იყენებდა;
- მმართველი პარტიის იმდროინდელმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომელიც ახლა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, 2023 წლის 18 სექტემბერს არაკონსტიტუციური უწოდა ბანკების გადაწყვეტილებას, რომლითაც ფარცხალაძეს ანგარიშები გაუყინეს;
- სანქცირებიდან რამდენიმე დღეში, 2023 წლის 19 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ასრულებდა, გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა მიეცა;
- 28 სექტემბერს იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა: „მინდა გაკვირვება გამოვხატო, რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება. ჩემთვის გაუგებარია. ღიად ვამბობ ჩემს აზრს. ნათქვამია, ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი...“
- 17 ოქტომბერს იმდროინდელმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდა, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. ის ამ დროს უკვე იყო რუსეთის მოქალაქე;
- 2025 წლის 19 სექტემბერს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა. მიზეზად უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერა და დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელებაში მონაწილეობა დასახელდა;
- 2025 წლის 29 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგამოძიებო სამსახურებმა ფარცხალაძის ბრალეულობა გამოკვეთეს კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში;
- 2026 წლის 18 თებერვალს პროკურატურამ ფარცხალაძეს თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზეც წარუდგინა ბრალდება.
ფორუმი