„ამ საფეხურს ეტყობა, რომ სიყვარულითაა გაკეთებული - თითქოს პატარა დეტალია, მაგრამ აქ ჩანს საქმისადმი დამოკიდებულება. მთავარია, როგორ გააკეთებ იმას, რის გაკეთებასაც იწყებ“, - არქიტეტორი ლევან კალანდარიშვილი სარეაბილიტაციოდ გამზადებულ ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე ძველი კიბის საფეხურზე მიუთითებს, რომელიც ჯერ აუყრელი ქვაფენილის გვერდით, ტროტუართან ახლოს გდია.
ამ ქუჩაზე, 321 მეტრის სიგრძეზე, მალე ეს რიყის ქვაფენილიც სამფენიანი ასფალტის საფარით ჩანაცვლდება.
"ეს ქუჩა მთელი ჩემი ბავშვობაა, ქალაქის მეხსიერება. ისტორიული უბნის ნაწილი, რომელიც, ისევე როგორც ეს უბანი, მისი სახლები, ქუჩათა ქსელი და ლანდშაფტი, კანონითაა დაცული. ეს ქვაფენილი მაგ ყველაფრის ნაწილია", - გვეუბნება იურისტი ანანო ცინცაბაძე. ის ალექსანდრე ჭავჭავაძის 5 ნომერში გაიზარდა და ვერ წარმოუდგენია აქაურობა ძველი ქვაფენილის გარეშე.
“განსაკუთრებული ქუჩა იყო, რადგან სხვა ქუჩებისგან განსხვავდებოდა. ამიტომ ვერაფრით ვეგუები ასე ხელაღებით იქ ქვაფენილის აყრას. ამ სიმბოლურ ნაწილს რომ თავი დავანებოთ და პრაქტიკულ არგუმენტებს დავუბრუნდეთ, მე როგორც ვიცი, ქვა ეკოლოგიურად ბევრად უფრო სუფთა მასალაა, ვიდრე ასფალტი.
მანქანების მოძრაობის დროსაც, როგორც მსმენია, ნაკლებად ხურდება და მანდ მცხოვრები ადამიანებისათვის შედარებით გრილ და ეკოლოგიურ გარემოს ინარჩუნებდა. ისიც ვიცით, რომ მთაწმინდიდან ჩამონადენი წყლისთვის ეგ ქვაფენილი დრენაჟის ფუნქციას ასრულებდა… ფაქტია, სადაც აყარეს, იქ სულ წყლის დაგუბების პრობლემა დგას და აქაც რომ იგივე მოხდეს, მაგ ქუჩაზე მდგარ ყველა ისტორიული სახლის საძირკველში ჩავა ეგ წყალი” - გვეუბნება ანანო ცინცაბაძე.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პარალელურად, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციისას უნდა შეიცვალოს მოძველებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი და განახლდეს გაზის მილები. მიწისქვეშ უნდა განთავსდეს ელექტროგადამცემი და ინტერნეტკაბელები, დამონტაჟდეს განათების ბოძები და LED სანათები.
„მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი, დამონტაჟდება ბოძკინტები და მოაჯირები“, - თქვა კალაძემ 2 სექტემბერს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
ეს არ არის ერთადერთი ადგილი თბილისში, სადაც შემორჩენილ ქვაფენილს მალე ასფალტი შეცვლის - რეაბილიტაცია აღმაშენებლის გამზირზეც იწყება და თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის მოედნის ჩათვლით (ეს დაახლოებით 1160-მეტრიანი მონაკვეთია) ქვაფენილი ყველგან გაქრება.
აღმაშენებელზე, რამდენიმე ადგილას, ქვაფენილი 2010-2012 წლებშიც დაიგო, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს, ამ მონაკვეთის რეაბილიტაციისას.
“ჩვენიც არის ეს ქალაქი, გვკითხონ რამე”
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე ქვაფენილის აყრის ცნობას ფეისბუკზე, სადაც როგორც წესი ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე ყველაზე ცხოველი დისკუსია იმართება ხოლმე, მოსახლეობის არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მათ, ვინც იქ ცხოვრობს, იმედი მიეცათ, რომ ავტომობილების ქვაფენილზე გადაადგილებისგან გამოწვეული ვიბრაცია და ხმაური ბოლოს და ბოლოს შეწყდება.
ნაწილი კი შეწუხებულია და ფიქრობს, რომ თბილისი ნელ-ნელა „კარგავს თავის სახეს და ხასიათს“ - ქვაფენილი მათთვის ამ ქალაქის მეხსიერების და იდენტობის ნაწილია.
“სულ გაანადგურეს ქალაქის იერი… აღადგინეთ ისევ ქვაფენილი სიგიჟისთვის კი არ არის მანდ დაგებული”.
“ რატომ აკეთებთ, რომ კიდევ უფრო ეფექტურად დაიტბოროს და წყალმა წაიღოს მთელი რუსთაველი და ნახევარი თბილისი?”
“რაღა დროს ქვაფენილია. აზრზე მოდით, დაგვენგრა მანქანები მანდ სიარულით”.
“რაღაც შეიძლება რომ დარჩეს თბილისში თბილისური?!! გადაეცით თბილისის მერს, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა ისტორიული ქუჩაა. არ არის საჭირო ყველაფრის მოსპობა და განადგურება”.
“ძველი უბნის იერსახეც ხომ იცვლება , ეს იერსახეც ხიმ ძეგლია და რატომ სჩადიან ამას , ჩვენც დაგვეკითხონ, მოქალაქეებს , ჩვენიც არის ეს ქალაქი”
“რა ქვაფენილს უკეთესი მოჭიდება და დაცურება აქვს რომელ საუკუნეში ცხოვრობთ? ასფალტს უკეთესი მოჭიდება აქვს ბევრად ვიდრე ქვაფენილს, ქვაფენილი თუ დასველდა საერთოდ ყინულივით არის. თუ არ გესმით ჩატჯიბიტის მაინც ჰკითხეთ. ქვაფენილს აგებდნენ 200 წლის წინა და ეხლა სხვა დროა”, - წერდნენ ისინი.
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა XIX საუკუნის 30-იან წლებიდან არსებობს. 1846 წელს ეწოდა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელი.
რა დანიშნულება აქვს ქვაფენილს ქალაქისთვის დღეს, 21- საუკუნეში, სად უნდა დარჩეს და სად ზედმეტია მისი არსებობა, როგორ უნდა იყოს ის დაგებული და რას უნდა მიექცეს ყურადღება ყოველი ახალი რეაბილიტაციის დროს? არის ქვაფენილი თბილისის იდენტობის ნაწილი? რა ჯობს ქალაქისთვის? - ვკითხეთ არქიტექტორებს, ქალაქმგეგმარელებს, სატრანსპორტო პოლიტიკის სპეციალისტებს.
„აქ, მაგალითად, ჩანს, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ეს ადგილი - გინდ მანქანით ამოდი და გინდ ფეხით, შეიძლება ფეხი მოიტეხო. თავის დროზეც ცუდად არის გაკეთებული. მაგრამ როცა ცვლი, არსებობს სტანდარტი, რომელსაც უნდა მისდიო. იქნება ასე აქაც, ჭავჭავაძის ქუჩაზე? ძნელი სათქმელია...
ლოგიკურად კი ასეა, რომ როცა ქუჩა საფეხმავლოა, იქ, შესაძლოა, ქვაფენილი შენარჩუნდეს, მაგრამ ალბათ, მაინც იქ მცხოვრებ ხალხსაც უნდა ვკითხოთ, სადაც ქვაფენილიანი ქუჩებია. ცხოვრებაში რამდენად კარგია ეგ“, - ასე გვპასუხობს არქიტექტორი ლევან კალანდარიშვილი, რომლის აზრით, ქალაქი სულ ვითარდება, იცვლება და ამ ტენდენციას ვერც ერთი ქალაქი ვერ ჩამორჩება" - უთხრა ლევან კალანდარიშვილმა რადიო თავისუფლებას.
„მთავარია, როგორ აკეთებ“, - ამბობ ის, - „მსჯელობ, აქ როგორი ქვა სჯობს? აქვს მას ისეთი მახასიათებლები, რომლითაც აღმართზე ამავალ მანქანას უკეთეს პირობებს შეუქმნის? გადაწონის ესთეტიკა თუ პირიქით?“
"გზაც მემკვიდრეობაა - დანაშაულია ის გააქრო"
“ჭავჭავაძის ქუჩაზე ქვაფენილის აყრა დანაშაულია, ის ქალაქის ისტორიაა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას არქიტექტორ-რესტავრატორი, ლია ბოკუჩავა, ICOMOS საქართველოს დირექტორი. მისი ორგანიზაცია ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს ქართული წარმომადგენლობაა. ლია ბოკუჩავა მიუთითებს, ჭავჭავაძეზე ძველი ქვაფენილია, რომელიც არაერთ საარქივო ფოტოსა თუ დოკუმენტურ კადრშიც ჩანს და მისი სამუდამოდ აყრა დაუშვებელია.
“შეიძლება დროებით აყარო და შემდგომ ხელმეორედ, უკეთ დააგო, მაგრამ არაფრით ამ ქუჩის სახის შეცვლა არ შეიძლება. არ ვიცი ინ და რატომ მიიღეს გადაწყვეტილება, ძალიან არასწორია, რადგან ეს არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. ნახეთ ევროპაში, როგორ უფრთხილდებიან ასეთ ადგილებს”.
არქიტექტორ-რესტავრატორი შენიშნავს, რომ არც სატრანსპორტო საკითხების სპეციალისტებს უნდა ანდონ კულტურული მემკვიოდრეობის ბედის გადაწყვეტა.
“და არც ის არის არგუმენტი, რომ თანამედროვე ეპოქაში სხვა სტანდარტები არსებობს. მაშინ, რატომ ვუფრთხილდებით ძეგლებს? რატომ ვიცავთ სიძველეებს? იმიტომ, რომ მათ აქვთ ფასეულობა და ასევეა ის გზაც. გზა ისეთივე მემკვიდრეობვა როგორც შენობა. ეს გზა შესანარჩუნებელია და იქ უნდა დაიგოს ისევ ქვაფენილი”.
მაინც სად შეიძლება დარჩეს და სად აღარ არის საჭირო ქვაფენილი თბილისში?
ქალაქმგეგმარებელი, არქიტექტორი ირაკლი ჟვანია რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა გაკეთდეს ძველ ქალაქში საფეხმავლო ქუჩების გეგმა - სად შეიძლება გადაიკეტოს მოძრაობა მანქანებისთვის და სად არა. როგორც ეს არის ევროპული ქალაქების უმეტესობაში, ქალაქის ისტორიულ გულში, სადაც ფეხით მოსიარულეები დადიან.
„ასეთ ადგილებში შეხვდებით ქვაფენილს და მეც, პირადად, თბილისის შემთხვევაში, ამ საჭიროებას ვხედავ ქალაქის ისტორიულ ნაწილში. ძველ ქუჩებში. უნდა განვსაზღვროთ, სად არის ხმაური, სად - არა, როგორი დატვირთულია ქუჩა და ა.შ. თუმცა აქაც გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი: მაგალითად, როგორც შეძლებენ იქ გადაადგილებას ეტლით მოსარგებლე ადამიანები. ამიტომ, იქაც სპეციალური ზოლი უნდა არსებობდეს, სადაც ეტლი თავისუფლად გაივლის. ამის გამოცდილება ყველა ევროპულ ქალაქს აქვს“.
ირაკლი ჟვანიას აზრით, დღეს უკვე მოძველებულია ქვაფენილის სასარგებლოდ არსებული არგუმენტები, რაც მე-20 საუკუნის შუა წლებამდე არსებობდა, რომ ის აღმართზე დაცურებას უშლიდა ხელს, წყლის შემაკავებელი ფუნქცია ჰქონდა და აშ. თანამედროვე სატრანსპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურა დღეს ამ რისკების თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა. ამიტომ, არქიტექტოირი ფიქრობს, რომ ჯობს ქვაფენილი, როგორც ქალაქის მეხსიერება და ესთეტიკური სახე იქ შევინარჩუნოთ, სადაც მისი არსებობა გამართლებულია.
„პატარა-ქუჩებზე, სოლოლაკის მიდამოებში, მთაწმინდაზე, სადაც მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის მანქანა შეიძლება შედიოდეს, სადაც შემაწუხებელი მოძრაობა არ არის, იქ ქვაფენილი შესაძლოა იყოს. მაგრამ იქ, სადაც აქტიური სააავტომობილო მოძრაობაა, 21-ე საუკუნეში ქვაფენილი არ არის მიზანშეწონილი“.
სატრანსპორტო პოლიტიკის სპეციალისტების აზრითაც, თანამედროვე ტენდენციებით, მთელ მსოფლიოში, ძველ უბნებში, სადაც, როგორც წესი, ქვაფენილებია შემორჩენილი, პრიორიტეტია მანქანების გადაადგილების შეზღუდვა.
“დღევანდელი მიდგომა ასეთია, რომ სადაც ქვაფენილი ზედმეტ ხმაურს ქმნის, იქ მისი არსებობა საჭირო არ არის. მხოლოდ სილამაზით ვერ ვიმსჯელებთ", - ამბობს გელა კვაშილავა.
ქვაფენილი, როგორც ქალაქის მეხსიერება
საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიუხედავად, ურბანისტები და ხელოვნებათმცოდნეები მაინც ხშირად უსვამენ ხაზს იმას, რომ ქვაფენილი ქალაქის კულტურული კოდისა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია და მისი სრულად გაქრობით თბილისი თავის უნიკალურ ხასიათს კარგავს. იკარგება მეხსიერება.
ძველ ქვაფენილს შეხვდებოდით იოანე შავთელის ქუჩაზე, ერეკლე II-ის მოედანსა და მის ახლოს, ძველი სიონის უბანში, სოლოლაკის ვიწრო ქუჩებსა და ჩიხებში, გალაკტიონის, ამაღლებისა და მიმდებარე ქუჩებში, სადაც ადრე თითქმის ყველა გზა კუბური გრანიტით იყო მოკირწყლული. ქვაფენილი იყო დაგებული თბილისის ციცაბო ფერდობებზე ასასვლელადაც - მთაწმინდაზე, ვერასა და ჩუღურეთში. მაშინ ეს ერთადერთი საინჟინრო გამოსავალი იყო.
რატომ ცვლიან ქვაფენილს?
ქვაფენილის აყრის საბაბი ხშირად ხდება ხოლმე ხმაური, ვიბრაცია ან ის, რომ ფეხით მოსიარულეებისთვის იქ გადაადგილება კომფორტული არ არის.
დასავლეთში ეს პრობლემა ე.წ. კომბინირებული ქუჩებით (Shared Space) წყდება - ძირითად სავალ ნაწილს უტოვებენ ქვაფენილს, ხოლო შუაში ან გვერდებზე აკეთებენ გლუვი, დამუშავებული ქვის ვიწრო ზოლებს (ან ტროტუარებს), სადაც მარტივია გადაადგილება.
ევროპის არაერთ ძველ ქალაქში ისტორიული ქვაფენილებს კანონით იცავენ - როგორც როგორც კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს. ამიტომაც, პრაღის, რომისა თუ პარიზის ისტორიულ უბნებში, ქვაფენილის ასფალტით შეცვლა თავში არავის მოუვა - ყველას კარგად ესმის, რომ ტურისტები სწორედ ასეთ ატმოსფეროს ეძებენ. ადგილობრივებისთვის კი ეს მათი ქალაქის ხასიათის ნაწილია.
რატომ ირჩევდნენ ქვაფენილს ძველად?
ადრეც ქვაფენილს აგებდნენ არა ესთეტიკისთვის, არამედ პრაქტიკული, საინჟინრო მიზეზების გამო. ასფალტი და ბეტონი ჯერ არ არსებობდა, მაშინდელი მიწის გზები კი პირველივე წვიმის დროს ატალახდებოდა ხოლმე, სადაც ცხენები და მძიმე ურმები იძირებოდნენ.
ქვაფენილს (ბუნებრივი ქვა, გრანიტი) ინჟინრები მისი გამძლეობის გამოც ირჩევდნენ ის საუკუნეებს უძლებდა და არ იცვითებოდა, კუბური ფორმის ქვები ერთმანეთს მყარად ებჯინებოდა და მძიმე ურმებისა და ცხენების ეტლების გადაადგილებას უძლებდა. თან, ცხენოსანი ტრანსპორტისა და ურმებისთვის, ქვაფენილის რელიეფური ზედაპირი იყო ერთადერთი საშუალება, რომ ციცაბო დაღმართებზე მათ კონტროლი არ დაეკარგათ.
მას ბუნებრივი დრენაჟის ფუნქციაც ჰქონდა - წვიმის წყალი ქვებს შორის მცირე ნაპრალებში ჟონავდა, გრუნტში ჩადიოდა და გზაც არ იტბორებოდა.
კარგად დაგებული ქვაფენილი ნებისმიერ კლიმატურ პირობებს უძლებდა ყინვას, ძლიერი სიცხეს, წყალდიდობას.
ის, რომ ქვაფენილის აყრას თუ ქალაქის ცვლილებასთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ გადაწყვეტილებას, დაგეგმილი რეაბილიტაცია იქნება ეს თუ სხვა დიდი პროექტი, ხშირად მოსდევს თბილისის მოსახლეობის პროტესტი, არ არის უსაფუძვლო - ფიქრობს ირაკლი ჟვანია. ამის მიზეზი ხშირად არის ის, რომ არც ხალხს და არც სპეციალისტებს - ქალაქმგეგმარებლებს, არქიტექტორებს, ხელოვნებათმცოდნეებს არაფერს ეკითხებიან:
„თითქოს არასოდეს ვიცით რა და როგორ კეთდება, რა კვლევა უძღვის წინ რომელიმე დიდ სარეაბილიტაციო პროექტს, როგორ შეიცვლება მოძრაობა, როგორი იქნება ქუჩის მოწყობის პრინციპი, ამიტომ ბრაზდება ყველა და არსებობს განცდა, რომ რაღაც აუცილებლად გაფუჭდება. ეს რომ ასე არ იყოს, იქნებ მიგვეღწია იმისთვის, რომ პროფესიონალებს, მერიის გარეთ, მეტი სცოდნოდათ და მოქალაქეებისთისაც აეხსნათ გადაწყვეტილებების კარგი და ცუდი მხარეები. თუნდაც, ქვაფენილის შემთხვევაში”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი ჟვანიამ.
ჩვენ ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრებ რამდენიმე ადამიანსაც ვკითხეთ, რას ფიქრობენ იმაზე, რომ მალე ამ ქუჩაზე ქვაფენილის ნაცვლად ასფალტი დაეგება - ზოგმა გვითხრა, რომ “დაისვენებს ბრაგუნისგან”, ნაწილს კი მაინც გული სწყდება, რომ “ძველებური ჭავჭავაძე გაქრება" და ეს ქვაფენილი მათ ყველა მოგონებს თან წაიღებს.