Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა აჩვენა გამოკითხვებმა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე?

ირაკლი ღარიბაშვილმა ლაზარე ჯორბენაძე ციხიდან გამოგზავნილ #5 წერილში ახსენა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ლაზარე ჯორბენაძე ციხიდან გამოგზავნილ #5 წერილში ახსენა.

მოქმედი თუ ყოფილი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ექსპერტები - ლაზარე [ზურაბ] ჯორბენაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხულია ყველა ის ადამიანი, რომლებიც პროკურატურის 3 სექტემბრის განცხადებაში იყვნენ ჩამოთვლილი. პროკურორი ყოველ ჯერზე აცხადებდა, რომ მათგან ღირებული ინფორმაცია ვერ მიიღეს.

ადამიანები გამოსაკითხად ძირითადად საჯარო კომენტარებისა თუ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სტატუსების გამო დაიბარეს. ამ დროს პროკურატურას უკვე ჰქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ ჯორბენაძემ თავი მოიკლა. შემაჯამებელი განცხადება არ გამოქვეყნებულა. პროკურატურაში დამატებითი ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

გამოკითხვების სერია „ქართული ოცნების“ ორგზის ექსპრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ მე-5 წერილს მოჰყვა, სადაც ის „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს” მომხდარ “საეჭვო” თვითმკვლელობებზე ლაპარაკობს და შეკითხვას სვამს ლაზარე ჯორბენაძის შესახებაც.

გამოკითხვაზე დაბარებულთაგან ბევრმა იკითხა - რატომ არ გამოჰკითხეს „ქართული ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და სუსის ყოფილი უფროსი, პოლიტიკიდან უკვე წასული მამუკა მდინარაძე.

ლაზარე [ზურაბ] ჯორბენაძე, რომელიც ღია წყაროებში პოლიტიკურ აქტივისტად, იურისტად, უფლებადამცველად და სასულიერო პირად არის მოხსენიებული, 2026 წლის აპრილში გარდაიცვალა და ოფიციალურად, თავიდანვე თვითმკვლელობის ვერსია განიხილებოდა. თუმცა ახლობლებს, მეგობრებსა და თანამოაზრეებს ამ ვერსიაში ეჭვი თავიდანვე ეპარებოდათ.

გამოკითხულთა შორის არის პარტიის „საქართველო“ ლიდერი - გიორგი ლილუაშვილი, რომელსაც არ სჯერა, რომ მისმა თანაპარტიელმა, ლაზარე [ზურაბ] ჯორბენაძემ თავი მოიკლა. ლილუაშვილი გვეუბნება, რომ გამოძიებას შეკითხვები ჰქონდა უშუალოდ სიკვდილის ფაქტთან დაკავშირებით და საუბრისას არ დაინტერესებულან გარემოებებით - რაც თვითმკვლელობის ვერსიას მისთვის საეჭვოს ხდის.

„რამდენიმე დღით ადრე, შეხვედრისას, ვადამდელ არჩევნებზე მელაპარაკა - დაინიშნებაო... არჩევნებისთვის ემზადებოდა. გეგმები ჰქონდა - პარლამენტში მოხვედრა უნდოდა და ამასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ... თავი ჩამოიხრჩოო და როგორ? ამას ხომ მომზადებაც უნდა - წონაში საკმაოდ მომატებული იყო და უჭირდა გადაადგილება... გასვენებაში და პანაშვიდზეც ვიყავი, სპეციალურად მივედი ახლოს და არ ეტყობოდა ყელზე კვალი, რაც რჩება ასეთ დროს“, - გიორგი ლილუაშვილის თქმით, მისი მონათხრობის დიდი ნაწილი გამოკითხვის ოქმში არ შეიტანეს.

ირკვევა, რომ ჯორბენაძის მეგობრებისთვის მოულოდნელი იყო, როდესაც ის ირაკლი ღარიბაშვილმა თავის წერილში ახსენა; ლილუაშვილი ვარაუდობს, რომ პატიმარმა ექსპრემიერმა ამ ფაქტთან დაკავშირებით იცის მეტი, ვიდრე წერილში დაწერა.

„არ გამოვრიცხავ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერაც იყო გარკვეული ინფორმაციები მიწოდებული მისთვის [ლაზარე ჯორბენაძისთვის]. ეს ჩემი ვარაუდია... როდესაც ღარიბაშვილმა ეს [დავით გარეჯის თემა] წამოსწია ზურაბს [ლაზარეს] ძალიან გაუხარდა. მისთვის ეს ეროვნული ღირსების საკითხი იყო... თორემ ჩვენ თავდაცვის სამინისტროს [ღარიბაშვილი ამ დროს თავდაცვის მინისტრი იყო] არაერთი საქმის გამო ვუჩიოდით“, - რამდენადაც ლილუაშვილმა იცის, ლაზარე ჯორბენაძე ირაკლი ღარიბაშვილს იცნობდა და ურთიერთობა ჰქონდა მისი ოჯახის წევრებთანაც.

ირაკლი ღარიბაშვილი 3 სექტემბერს გამოჰკითხეს.

„მის მიერ საჯაროდ გავრცელებული წერილები ეყრდნობა სხვადასხვა მოარულ ინფორმაციას, რომელიც არის მიღებული სხვადასხვა გამოცემებიდან. შესაბამისად, მხოლოდ ამ ინფორმაციას ეყრდნობოდა მის მიერ გამოქვეყნებული საჯარო წერილები და არა რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას“, - როგორც პროკურორმა მედეა ცირამუამ 3 სექტემბერს უთხრა ჟურნალისტებს, ირაკლი ღარიბაშვილმა უარყო, რომ რაიმე ინფორმაციას ფლობდა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე.

7 სექტემბერს გამოქვეყნებულ კიდევ ერთ წერილში, პატიმარი ექსპრემიერი გამოკითხვების სერიას „არასერიოზულს“ უწოდებს და პროცესის მიზნად ასახელებს მის დაკავშირებას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და იმგვარად წარმოჩენას, "თითქოს ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და რადიკალურ ოპოზიციასთან კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო“.

„როგორც გავიგე, თითქმის ხუთი თვეა მიმდინარეობს გამოძიება ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე, თუმცა ის ადამიანები და ჟურნალისტები, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში საჯაროდ სვამდნენ კითხვებს, დღემდე არ დაუკითხავთ. სამაგიეროდ, ჩემი წერილის გამოქვეყნებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყეს ყველა იმ ადამიანის დაკითხვა, ვინც საჯაროდ გამოეხმაურა ჩემს წერილს. თავი დაანებეთ ჩემ წინააღმდეგ ამ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს!“ - წერს ღარიბაშვილი ჯერჯერობით ბოლო წერილში.

ღარიბაშვილის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებას აბსურდად თვლის ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანიც, რომელიც 4 სექტემბერს მაგისტრატმა მოსამართლემ გამოკითხა.

„ირაკლი კობახიძეს აქვს მცდელობა, რომ ირაკლი ღარიბაშვილისგან შექმნას „ნაცი“, მაგრამ არ გამოუვა იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გაცილებით უფრო მეტად „ქოცია“ ვიდრე ირაკლი კობახიძე, ამიტომ, ეს სპეცოპერაცია არ გამოვა“, - უთხრა ჟურნალისტებს ჟორჟოლიანმა.

„ამაოდ იხარჯება სახელმწიფო რესურსი ჩვენი დაბარებით“, – განაცხადა გამოკითხვის შემდეგ “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა. ის თვლის, რომ მთავარი გამოსაკითხი პირები - ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე არიან; ხოლო დავით გარეჯას თემაზე საზოგადოება კიდევ უფრო მეტ შეკითხვას დასვამს.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ლაზარე ჯორბენაძე აღმსარებელი და მაზიარებელი კაცი იყო და მისი თვითმკვლელობა იმთავითვე ეჭვს იწვევდა და უამრავ კითხვას ბადებდა“ - წერდა ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში, გამოკითხვაზე დაბარებამდე.

4 სექტემბერს გამოსაკითხად დაბარებული იყვნენ ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხატია დეკანოიძე („ნაციონალური მოძრაობა“) და თაზო დათუნაშვილი („ლელო“).

„საქმე არის მარტივად - ეს არის პროპაგანდისტული ხმაური, რომელიც შექმნეს ამ საქმის გარშემო. მიზანი არის ღარიბაშვილის „გაშავება“”, - თქვა თაზო დათუნაშვილმა გამოკითხვის დასრულების შემდეგ.

მანამდე, გამოიკითხნენ: ნიკა გვარამია - „კოალიცია ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარე; გია ხუხაშვილი - პოლიტოლოგი; გიორგი გიგაური - მწერალი.

3 სექტემბერს, გამოკითხვის შემდეგ, ნიკა გვარამიამ ივარაუდა, რომ ღარიბაშვილს ელის კიდევ ერთი ბრალი - ცრუ დასმენის მუხლით. ვიდრე გამოკითხვაზე დაიბარებდნენ, გვარამია, სოციალურ ქსელში, იხსენებდა თვითმკვლელობების ფაქტებს, რომლებთან დაკავშირებითაც საზოგადოებას შეკითხვები გაუჩნდა.

გამოკითხვაზე მიიყვანეს “ასავალ-დასავლის” ჟურნალისტები - ზაზა დავითაია და დიტო ჩუბინიძეც, რომელმაც ჩაწერა ღარიბაშვილის წერილში მოხსენიებული ინტერვიუ. ამ ინტერვიუში ლაზარე ჯორბენაძე დავით გარეჯას საკითხზე ლაპარაკობს - აქებს ირაკლი ღარიბაშვილს და ბრალდებებს უყენებს ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს.

“ხელისუფლებას ცოცხალი ლაზარე ჯორბენაძისთვის უნდა ეკითხა ჰქონდა თუ არა მტკიცებულება”, - უთხრა დიტო ჩუბინიძემ ჟურნალისტებს, 10 სექტემბერს.

რაც შეეხება, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ეჭვებს, ჩუბინიძემ გაიხსენა გაზეთ ასავალ-დასავალში 7 სექტემბერს გამოქვეყნებული მისი ინტერვიუ ლაზარე ჯორბენაძის მეორე ცოლთან - მზეონა ჟიჟილაშვილთან, რომელიც ფიქრობს, რომ მისი ქმარი მოწამლეს და შემდეგ „სცენარი გაითამაშეს“, რომ თითქოს ის „შეურაცხადი იყო და თავი ჩამოიხრჩო!“

ლაზარე ჯორბენაძის მეგობრებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ - თვითმკვლელობის ფაქტის გამორიცხვისას, გამოძიება პირველი მეუღლის ჩვენებას ეყრდნობა. როგორც გვეუბნებიან, გარდაცვალების დღეს ჯორბენაძე პირველი მეუღლის ბინაში იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, პირველ მეუღლესთან ჯორბენაძეს - სამოქალაქო, ხოლო მეორესთან საეკლესიო ქორწინება აკავშირებდა.

“2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოკითხულია გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეუღლე, რის საფუძველზეც, ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი”, - აცხადებდა პროკურატურა ჯერ კიდევ გამოკითხვების დაწყებამდე, 3 სექტემბერს.

გამოკითხულია თუ არა ლაზარე ჯორბენაძის მეორე მეუღლე - მზეონა ჟიჟილაშვილი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში?

„თავის დროზე - კი“ - მისგან მოკლე პასუხი მივიღეთ. არ დაგვიზუსტა - როდის გამოჰკითხეს და ტელეფონი გაგვითიშა.

ახლობლები და მეგობრები ამბობენ, რომ ლაზარე ჯორბენაძე სასულიერო პირი იყო. გიორგი ლილუაშვილი აზუსტებს, რომ ნანახი აქვს მისი ბერად აღკვეცის საბუთიც. თუმცა საპატრიარქოში ამ ფაქტს არ ადასტურებენ.

„არ მსმენია არასდროს მისი [ლაზარე ჯორბენაძის] სასულიერო პირობის შესახებ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.


11 სექტემბერს, სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ბოდვა“ უწოდა გარდაცვლილი ლაზარე ჯორბენაძის განცხადებებს, რომელიც მან დავით გარეჯას თემაზე გაზეთ „ასავალ-დასავალთან” 2 თებერვლის ინტერვიუში გააკეთა.

„როდესაც ადამიანი იტყვის, რომ აქვს საიდუმლო კოდები, რომლითაც სადღაც შეძვრა, რაღაცა ნახა, ხოლო ის, რაც ნახა, არავის ანახებს, უნდა მივხვდეთ, რომ ეს არის ბოდვა“, - თქვა პაპუაშვილმა.

“ასავალ-დასავალში” 2 თებერვალს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ლაზარე ჯორბენაძე ამბობს, რომ აქვს წვდომა გასაიდუმლოებულ დოკუმენტებზე „#1 დაშვება“, რომლითაც შეუძლია გახსნას „ნებისმიერი სახელმწიფო უწყების საიდუმლო ინფორმაცია“ და სწორედ ამ გზით ნახა „საიდუმლო დოკუმენტი“, რომლის მიხედვითაც, 2025 წელს, ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს ჩიჩხიტურის კოშკი, უდაბნოს მონასტერი და აღდგომის ტაძარი გადასცა.

„ადამიანი გარდაცვლილია, არ მინდა ახლა მასზეც რაიმე ისეთი ვთქვა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი მეშვეობით გავრცელდა უმარტივესი ტყუილი, რომელიც უმარტივესად გაშიფვრადია“, - განაცხადა 7 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ ლაზარე ჯორბენაძეზე. მან ასევე თქვა, რომ “ასეთი ხელშეკრულება საიდუმლოდ ვერ ფორმდება” და "მთავრობის ყველა გადაწყვეტილება, ყველა აქტი არის ღია და გამჭვირვალე”.

გიორგი ლილუაშვილი გვეუბნება, რომ ლაზარე ჯორბენაძე წინა ხელისუფლების დროს სპეცსამსახურში მუშაობდა, ამის შესახებ მან საჯარო განცხადებაც გააკეთა და გასაკვირად არ ეჩვენება წვდომა საიდუმლო ინფორმაციებზე; თუმცა, როგორც ლილუაშვილი ამბობს, ამის გადამოწმება შეუძლებელი იყო.

“დავით გარეჯი ირაკლი ღარიბაშვილის თემაა”, “ირაკლი მიხედავს დავით გარეჯს” - ასე შეხვდნენ მხარდამჭერები ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ დანიშვნას პრემიერ-მინისტრის პოსტზე, 2021 წლის თებერვალში. მანამდე, ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი იყო და სწორედ ამ პოსტზე მუშაობის დროს, მისი მიმართვის საფუძველზე დაიწყო პროკურატურამ ე.წ. კარტოგრაფების საქმის გამოძიება - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. სწორედ მაშინ გამოჩნდა “ქართული ოცნების” ცნობილი სლოგანიც - “გარეჯი საქართველოა”.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG