Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

AfD-მ გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა ფრიდრიხ მერცის წინააღმდეგ

AfD-ს მომხრეთა აქცია. ბერლინი, 23 მაისი, 2014.
AfD-ს მომხრეთა აქცია. ბერლინი, 23 მაისი, 2014.

გერმანულმა ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის წინააღმდეგ. „ალტერნატივამ“ მთავრობის მეთაურს ცილისწამებაში დასდო ბრალი მას შემდეგ, რაც მერცმა განაცხადა, რომ პარტიის პოლიტიკა „ეთნიკურ წმენდას“ გულისხმობს.

საჩივრის ავტორია ბუნდესტაგში AfD-ს ფრაქცია. მისი აღშფოთება გამოიწვია მერცის გამოსვლამ 8 სექტემბერს, ბიუჯეტის განხილვისას. კანცლერმა მკვეთრად გააკრიტიკა AfD-ს პოლიტიკა და, კერძოდ, მემარჯვენეების მიერ შეთავაზებული „რემიგრაციის“ კონცეფცია, რაც გერმანიიდან იმიგრანტების გაძევებას გულისხმობს. AfD „რემიგრაციას“ განმარტავს, როგორც „ყველა ღონისძიებასა და სტიმულს იმ უცხოელთა კანონიერი და კანონმდებლობის შესაბამისი დაბრუნებისთვის, რომლებიც ვალდებულნი არიან, დატოვონ ქვეყანა და სამშობლოში დაბრუნდნენ“. პარტია გამოდის ინიციატივით, მკვეთრად შემცირდეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლები, გაძევდნენ ის ომს გამოქცეული პირები, ვის ქვეყნებშიც ომი უკვე დასრულდა, შემცირდეს ან გაუქმდეს სოციალური დახმარებები უმუშევარი უცხოელებისთვის და გამკაცრდეს გერმანიის მოქალაქეობის მიღების მოთხოვნები.

ბუნდესტაგში დებატებისას მერცმა განაცხადა: „მიგრაციული წარსულის მქონე მილიონობით ადამიანი მაღალკვალიფიციურ პოზიციებზე მუშაობს. ქალბატონებო და ბატონებო, „რემიგრაცია“ სხვა არაფერია, თუ არა წარმოშობისა და კანის ფერის ნიშნით განხორციელებული ეთნიკური წმენდის სინონიმი“. პარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, ბუნდესტაგის პრეზიდენტ იულია კლეკნერს კი რამდენჯერმე დასჭირდა AfD-ს წევრებისთვის წესრიგისკენ მოწოდება.

ბუნდესტაგში AfD-ს ფრაქციის ხელმძღვანელმა შტეფან ბრანდნერმა მერცის განცხადებებს მიუღებელი და „სისხლისსამართლებრივი ელფერის მქონე“ უწოდა. მან აღნიშნა, რომ ეს განცხადებები მიმართულია „არა მხოლოდ AfD-ს ფრაქციის თითოეული წევრის, არამედ, საბოლოო ჯამში, პოლიტიკურად მილიონობით მოქალაქის წინააღმდეგაც“.

ფრიდრიხ მერცი, როგორც ბუნდესტაგის წევრი, სპეციალური დაცვით სარგებლობს. გერმანიის კონსტიტუციის 46-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრი ვერ მიეცემა პასუხისგებაში იმ განცხადების გამო, რომელიც მან პარლამენტში გააკეთა (პასუხისმგებლობისგან დაცვა). თუმცა არსებობს ერთი გამონაკლისი: ცილისმწამებლური შეურაცხყოფა. როგორც Handelsblatt-ი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას შეუძლია პარლამენტის წევრის მიმართ გამოძიება ჩაატაროს, ბრალის წარდგენის შემთხვევაში ბუნდესტაგმა კენჭი უნდა უყაროს მისთვის იმუნიტეტის მოხსნას.


ფორუმი

XS
SM
MD
LG