Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუშნერი: უკრაინას არ სურს ტერიტორიების დათმობა, ვეძებთ შემოქმედებით გამოსავალს

მარცხნიდან: აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარგზავნილები ჯარედ კუშნერი და სტივენ უიტკოფი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 6 სექტემბერი, 2026.
მარცხნიდან: აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარგზავნილები ჯარედ კუშნერი და სტივენ უიტკოფი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 6 სექტემბერი, 2026.

უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის გზების ძიებისას ტერიტორიული საკითხი კვლავაც ყველაზე რთულ პრობლემად რჩება. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა და მისმა სიძემ, ჯარედ კუშნერმა, რომელიც ცოტა ხნის წინ სტივენ უიტკოფთან ერთად ესტუმრა მოსკოვსა და კიევს. „ჩვენი, როგორც შუამავლების ამოცანაა - ვიპოვოთ შემოქმედებითი გამოსავალი, რომელიც უკრაინის ინტერესებს არ შელახავს“, აღნიშნა კუშნერმა YES Annual Meeting 2026-ის ფორუმზე ვიდეოკავშირით ჩართვისას და ფორუმის დამფუძნებლის, უკრაინელი ბიზნესმენის, ვიქტორ პინჩუკის კითხვებზე პასუხის გაცემისას.

„[რუსეთის] პრეზიდენტმა პუტინმა უკვე გამოკვეთა საკუთარი პოზიცია იმის თაობაზე, თუ რის მიღწევა სურს. უკრაინას ამ საკითხში დათმობაზე წასვლა რომ სურდეს, შეთანხმების დანარჩენ პუნქტებს უკვე შევათანხმებდით. თუმცა, უკრაინას ამჟამად ამის გაკეთება არ სურს“, აღნიშნა კუშნერმა. მისი თქმით, ბოლო 9 თვის განმავლობაში აშშ-მა რუსეთსა და უკრაინასთან მოლაპარაკებებში მიაღწია წინსვლას იმ „გარიგების დანარჩენი ნაწილის“ ფორმირებაში, რომელიც უშუალოდ ტერიტორიულ საკითხებს არ ეხება.

რუსეთის ოფიციალური მოთხოვნები მოიცავს ყირიმისა და სევასტოპოლის, ასევე იმ ოთხი ოლქის გადაცემას, რომელთა ანექსიის შესახებაც გამოაცხადა მან. ამასთან, რუსეთის წარმომადგენლები მიანიშნებდნენ, რომ ანკორიჯის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოითხოვა მხოლოდ დონბასის დათმობა, ხოლო ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში დათანხმდა ფრონტის ხაზის გაყინვას. უკრაინის ხელისუფლება გაყინვაზე თანახმაა, თუმცა ეწინააღმდეგება რუსეთისთვის იმ ტერიტორიების გადაცემას, რომლებსაც ის არ აკონტროლებს. გარდა ამისა, კიევი უარს ამბობს, აღიაროს მოსკოვის სუვერენიტეტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

კუშნერის განცხადებით, აშშ-ის ადმინისტრაციას სჯერა, რომ შეძლებს ეკონომიკური სტიმულების საფუძველზე მხარეების დარწმუნებასა და ომის დასრულებას: „ორივე ქვეყანამ უნდა იფიქროს, თუ როგორ გამოიყენოს მშვიდობა ომის დასრულების შემდეგ ინვესტიციების მოსაზიდად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ხელფასებისა და კეთილდღეობის გასაზრდელად. სწორედ ეს არის ის, რაც საზოგადოებას რთავს სამშვიდობო პროცესში და უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიად იქცევა“, აღნიშნა მან. „ეს ჩვენი პრიორიტეტია: თუ აქ შევძლებთ მშვიდობის მოტანას, ეს გამოავლენს ორივე ქვეყნის უზარმაზარ პოტენციალს“.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია აშშ-ის წინადადების შესახებ, რომ დონბასის ტერიტორია გადაიქცეს სპეციალური მართვის ქვეშ მყოფ დემილიტარიზებულ ან თავისუფალ ეკონომიკურ ზონად. კიევში, პრინციპში, არ ეწინააღმდეგებიან ამ წინადადებას, თუმცა მოითხოვენ, რომ ის უნდა შეეხოს იმ რაიონებსაც, რომლებიც ამჟამად არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რუსეთის კონტროლის ქვეშაც იმყოფება.

კუშნერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შუამავლების აზრით, ორივე მხარეს სურს მშვიდობის დამყარება, თუმცა ჯერ ვერ ახერხებენ პარამეტრებზე შეთანხმებას. „ჩვენ უბრალოდ უნდა ვიპოვოთ სწორი ფორმულა, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს“, განაცხადა მან.

მოსკოვსა და კიევში კუშნერისა და უიტკოფის ვიზიტთან დაკავშირებით კვლავ გააქტიურდა დისკუსიები სამმხრივი მოლაპარაკებების შესაძლო განახლების შესახებ. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა იმავე ფორუმზე (YES) განაცხადა, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა ოქტომბერში გაიმართოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა გუშინ გაიმეორეს, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა შეიძლება გაიმართოს მხოლოდ მოსკოვში. ფლორიდაში, G20-ის სამიტზე, როგორც მოსკოვში განაცხადეს, მსგავსი შეხვედრა გამორიცხულია. ამასთან, რუსეთის მხარემ დაადასტურა, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების განახლების შემთხვევაში, ის შესაძლოა გაიმართოს აბუ-დაბიში - არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლება ამაზე თანახმაა. პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა კვირას განაცხადა, რომ პუტინი მალე დანიშნავს სამმხრივ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG