საქმე ეხება 2026 წლის 5 ივნისს რუსთავში მომხდარ ფაქტს, როდესაც მოზარდმა საცხოვრებელ ბინაში აზერბაიჯანის მოქალაქე მოკლა.
პროკურატურა ამბობს, რომ 16 წლის ბიჭს ბრალი ახლად გამოვლენილი მტკიცებულებების საფუძველზე შეუმსუბუქდა. ამ გარემოებად ის „მიღებული ექსპერტიზის დასკვნასა და სხვა მტკიცებულებებს“ ასახელებს.
15 სექტემბრიდან მოზარდს, განზრახ მკვლელობის ნაცვლად, წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით განსაზღვრული ბრალდება - მკვლელობა, ჩადენილი აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით. სასჯელად ეს მუხლი ითვალისწინებს გამასწორებელ სამუშაოს, შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე. თავდაპირველი ბრალდების მიხედვით, მოზარდს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის შეფარდებული პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით, გირაოთი შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს თავად მიმართა.
„ჩვენ შემდეგ პროცესზე გირაო გარანტირებული გვაქვს. საქმე ექვსი ტომისგან შედგება. გირაოს შემდეგ, როდესაც ბავშვი საპატიმროს დატოვებს, მე უკვე მშვიდი გონებით, დეტალურად ვიმუშავებ საქმის მასალებზე ბავშვის სრული გამამართლებელი განაჩენისთვის", - ამბობს მოზარდის ადვოკატი ალი ბადიროვი.
"კარგი ამბავი უნდა გახარო"
"მკვლელობის მუხლიც რომ დარჩენილიყო, მე სანერვიულო მაინც არ მქონდა და ოჯახსაც ვაძლევდი იმედს, რაც არ მჩვევია, რომ ასეთ ვითარებაში, მტკიცებულებებისგან დაცლილ საქმეზე, სადაც ყველა მტკიცებულება პირიქით, ბავშვის უდანაშაულობაზე მიუთითებდა, ყველა ვარიანტში ვიყავი დარწმუნებული, რომ ბავშვი ციხეს დატოვებდა.
ყველაფერს პროკურატურა ხომ ვერ იზამს. ახლა სამართლიანობა მოსამართლემ უნდა გამოიჩინოს. მე ვგრძნობ, რომ მოსამართლე ბავშვს სრულად გაამართლებს“, - უთხრა ადვოკატმა რადიო თავისუფლებას 14 სექტემბერს, გვიან საღამოს, როდესაც მისი თანდასწრებით ინტერვიუს ბრალდებულის დედასთან ვწერდით.
ამ ინტერვიუს დროს ალი ბადიროვის ტელეფონზე პროკურატურიდან ზარი შემოვიდა. პროკურორმა ადვოკატს მოზარდის ბრალის შემსუბუქების შესახებ აცნობა.
ეს ამბავი ადვოკატმა მოზარდის დედას რადიო თავისუფლების თანდასწრებით აცნობა:
ადვოკატი: შეიძლება კარგი ამბავი გაგიზიაროთ?
დედა: გისმენთ, გისმენთ.
ადვოკატი: თქვენ დედა ხართ, ამიტომ მინდა კარგი ამბავი გაგიზიაროთ. ოღონდ არ ინერვიულოთ. ეცადეთ, ძალიან არ აღელდეთ. უბრალოდ ღმერთს მადლობა გადაუხადეთ. ხვალ ო...ნ შევალ პროკურორთან ერთად. დიდი ალბათობით, თავად პროკურორი არ მოვა. მის ნაცვლად გამომძიებელს გამოგზავნის. შევალთ მასთან და ხელს მოვაწერთ საბუთებს, რომ ბრალი შეუმსუბუქდეს.
დედა: დღეში ხუთჯერ ვლოცულობ. თქვენთვისაც ვლოცულობ.
ადვოკატი: ეს ნიშნავს, რომ ყველაზე გვიან, 23-ში, თქვენს შვილს სასამართლოდან გაათავისუფლებენ - ღვთის ნებით. „ყველაზე გვიან“ იმიტომ ვამბობ, რომ არის შესაძლებლობა, თუმცა ძალიან დიდ იმედს ნუ დაამყარებთ, სხდომა 23-მდე ერთი ან ორი დღით ადრე გაიმართოს. მაგრამ, დიდი ალბათობით, 23-ში იქნება.
დედა: უზომოდ მადლობელი ვარ თქვენი.
ადვოკატი: თუ 23-მდე გაიმართება, დღესა და დროს შეგატყობინებთ. ღვთის ნებით, მალე ჩაეხუტებით თქვენს შვილს, არა ციხეში, არამედ აქ, გარეთ, თავისუფალს.
დედა: დიდი მადლობა. ღმერთმა დაგლოცოთ და აგისრულოთ ყველაფერი, რაც გულით გსურთ.
"იმიტომ არა, რომ ჩემი შვილია, მაგრამ ძალიან ჭკვიანი, მშვიდი ბავშვია, უფროსებს პატივისცემით ეპყრობა. როდესაც მისი ამბავი შემატყობინეს, საშინლად განვიცადე, მაგრამ თან დარწმუნებული ვიყავი, რომ მან ეს განზრახ არ ჩაიდინა და მხოლოდ თავის დაცვას ცდილობდა, რადგან ჩემი შვილი არასდროს ყოფილა მოძალადე და წარმომიდგენია, რა ტრავმა განიცადა.
შეიძლება ვინმეს სუბიექტური მოვეჩვენო, რადგან დედა ვარ, მაგრამ თავად გაიკითხეთ სკოლაში, სამეზობლოში, სამეგობროში, სიტყვიერი კონფლიქტიც კი არავისთან ჰქონია, არათუ ჩხუბი და ძალადობა.
იმედია, რომ მოსამართლეს თავადაც ჰყავს შვილები და როგორც დედა დედას უფრო კარგად გამიგებს, ჩემმა შვილმა ეს თავის დასაცავად გააკეთა და აღიარებს მის უდანაშაულობას", - უთხრა რადიო თავისუფლებას 16 წლის ბიჭის დედამ.
სამი თვე წინასწარ პატიმრობაში
სამი თვის განმავლობაში მოზარდი და მისი ადვოკატი ირწმუნებოდნენ, რომ აზერბაიჯანის მოქალაქემ, 50 წლამდე კაცმა, 5 ივნისის საღამოს მოზარდი ნაქირავებ ბინაში ჩაკეტა, სექსუალური ძალადობა სცადა და ბიჭი იძულებული გახდა, თავის დასაცავად დანა გამოეყენებინა.
არასრულწლოვანი ბრალდებულის საქმე, როგორც ამას კანონი ითხოვს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ დახურა. ანუ სხდომებზე ჟურნალისტები არ დაიშვებიან.
შესაბამისად, როგორც 2026 წლის 5 ივნისის გვიანი საღამოს, ისე სასამართლო პროცესის სურათის აღდგენა მხოლოდ მხარეების მონათხრობზე დაყრდნობით შეგვიძლია.
საქმის დეტალებზე, მასში არსებულ მტკიცებულებებზე, რადიო თავისუფლებას ალი ბადიროვი, 16 წლის ბრალდებულის ადვოკატი, ბრალის შემსუბუქებამდე ორი დღით ადრე ელაპარაკა.
5 ივნისის საღამოს დეტალებს და იმას, თუ როგორ გაიცნო და დაიქირავა დამხმარედ 16 წლის მოზარდი აზერბაიჯანიდან ჩამოსულმა მღებავმა, ბრალდებულის ადვოკატის მონათხრობის მიხედვით გიყვებით. ადვოკატი, თავის მხრივ, საქმეში არსებულ მასალებს ეყრდნობა.
რას ჰყვებიან საქმის მოწმეები - არასრულწლოვანი ბიჭები?
50 წლამდე კაცი, აზერბაიჯანის მოქალაქე, საქართველოში 2026 წლის გაზაფხულის მიწურულს ჩამოვიდა. მან რუსთავში მღებავად დაიწყო მუშაობა, ბინაც იქვე იქირავა და როგორც 16 წლის ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, დამხმარედ არასრულწლოვანი ბიჭები დაიქირავა:
„სამი დამხმარე ჰყავდა, სამივე არასრულწლოვანი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბიჭი ორი დღის აყვანილი ჰყავდა, როცა ეს შემთხვევა მოხდა“, - ამბობს ადვოკატი.
ის გვიყვება, რომ აზერბაიჯანელ მღებავს არასრულწლოვანი ბიჭები, რომლებიც გარდაბნის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობენ, იმავე სოფელში მცხოვრებმა ტაქსის მძღოლმა გააცნო.
სასამართლოს დარბაზში უკვე გამოიკითხნენ ტაქსის მძღოლიცა და ის მოზარდებიც, რომლებიც მღებავს იცნობდნენ და მასთან მუშაობდნენ. გამოკითხულებს შორისაა 11 წლის მოზარდი:
„ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, თუ როგორ გაიცნო ამ მამაკაცმა 11 წლის ბიჭი. ბავშვმა სასამართლოში მოყვა, რომ მაღაზიაში იყო, როცა ეს ადამიანი მიუახლოვდა და უთხრა, მე გიყიდი ლიმონათსო. შემდეგ გარეთ კიდევ 5 ლარი აჩუქა. როდესაც მისმა უფროსმა ძმამ, 14 წლის ბიჭმა შეამჩნია, რომ ბავშვი უცხო ადამიანს ელაპარაკებოდა, მათთან მივიდა, ჰკითხა, ვინ იყო. „მალიარი“ თვითონ გაესაუბრა მას და უთხრა, ზუსტად შენი ასაკის ბიჭებს ვეძებ დამხმარედ, შენი ძმა ცოტა პატარა არისო. ასე დასაქმდა მასთან 14 წლის ბიჭი“, - გვიყვება ადვოკატი.
ის ამბობს, რომ კიდევ ერთმა მოზარდმა, 15 წლის ბიჭმა, სასამართლოში თქვა, რომ კაცმა „ცუდი მოფერება იცოდა“:
„ერთხელ ხელიც ვკარი, ასე ნუ მეფერებიო. მოყვა, რომ ეხებოდა კონკრეტულ ადგილებზე, რაც ბავშვს ეჩვენებოდა უცნაურად და არასასიამოვნოდ“, - ამბობს ბრალდებულის ადვოკატი.
რა მოხდა 5 ივნისის გვიან საღამოს?
ალი ბადიროვის მონათხრობის თანახმად, სამუშაოს დასრულების შემდეგ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოზარდი, აზერბაიჯანელი ხელოსანი და ტაქსის მძღოლი რესტორანში წავიდნენ, სადაც დაახლოებით ნახევარი საათი გაატარეს. ამის შემდეგ კი ტაქსის მძღოლმა ბიჭი და კაცი რუსთავში, გარეჯის ქუჩაზე, ნაქირავებ სახლთან დატოვა.
ადვოკატის თქმით, კაცმა მოზარდს უთხრა, რომ საღამოს სახლში „ქალები უნდა მისულიყვნენ“ და თავისთან მიიპატიჟა:
„მოზარდი ყვება, რომ ბინაში შესვლის შემდეგ კაცმა კარი გასაღებით ჩაკეტა. ისინი იქ დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იყვნენ. თითქოს ქალებს ელოდნენ. შემდეგ კაცმა ბიჭს ტანსაცმლის გახდა შესთავაზა იმ მოტივით, რომ ქალებიც მალე მივიდოდნენ.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ტანსაცმელი თავად გაიხადა, რის შემდეგაც კაცმა მასთან სექსუალური კონტაქტის დამყარება ძალის გამოყენებით სცადა“, - ამბობს ადვოკატი.
მოზარდის მონათხრობით, მან კაცს თავი დააღწია, მაგრამ ბინიდან გასვლა ვერ შეძლო, კარი ჩაკეტილი იყო, მისი ტელეფონი კაცს ჰქონდა.
„ერთადერთი, რაც მოვიფიქრე, სამზარეულოში დანა ავიღეო“, - ასე აღწერს ადვოკატი მოზარდის გამოკითხვის ამ ნაწილს.
ჭიდაობისას, ბიჭმა კაცს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ამის შემდეგ სისხლი ჩამოიბანა, ძმასა და ბიძაშვილს დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ უამბო. ისინი იმავე ღამეს მივიდნენ პოლიციის განყოფილებაში.
ადვოკატის თქმით, მოზარდი ოთხჯერ გამოიკითხა - პირველად დაკავებამდე, შემდეგ ბრალის წარდგენისას, მოგვიანებით ციხეში და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დროს. ალი ბადიროვი ირწმუნება, რომ ოთხივე შემთხვევაში ბიჭის მონათხრობი თანმიმდევრულია.
„მოზარდს აუცილებელი მოგერიების ფარგლებისთვის არ გადაუჭარბებია“, - ადვოკატი გამამართლებენ განაჩენს ითხოვს.
ალი ბადიროვი ამბობს, რომ საქმეში იმთავითვე არ არსებობდა განზრახ მკვლელობის დამადასტურებელი მტკიცებულებები და მისი დაცვის ქვეშ მყოფი საკუთარ უფლებებს, მათ შორის სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებას იცავდა.
„მე ვფიქრობ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა დაიცვა საკუთარი სიცოცხლე, რადგან არავინაა დარწმუნებული, რომ თუკი კაცი ბავშვს გააუპატიურებდა, შემდეგ მას წასვლის უფლებას მისცემდა და არ მოკლავდა. მეორე მხრივ, დაიცვა თავისი თავისუფლებაც, რადგან ჩაკეტილ სივრცეში იყო და იყო უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის მსხვერპლი. მესამე, მან დაიცვა სქესობრივი თავისუფლების უფლება და ამით ამ ბავშვმა სხვა არასრულწლოვნების სქესობრივი თავისუფლებაც დაიცვა“, - ამბობს ადვოკატი.
ბრალდებულის ადვოკატი ბრალის შემსუბუქებამდეც და ახლაც აცხადებს, რომ პროკურატურამ ბრალდება სრულად უნდა მოხსნას. ის ამბობს, რომ მოზარდს აუცილებელი მოგერიების ფარგლებისთვის არ გადაუჭარბებია.
რას ამბობენ სასამართლო-სამედიცინო და ფსიქიატრიული ექსპერტები?
როგორც ადვოკატი გვეუბნება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნის თანახმად, რომელიც სხდომათა დარბაზშიც გამოიკითხა, ბავშვს სხეულზე „ნაკაწრები ჰქონდა“, თუმცა, მისი თქმით, ექსპერტი ვერც უარყოფდა და ვერც ადასტურებდა სექსუალური ძალადობის ფაქტს:
„ჩვენი კანონმდებლობით, ყველანაირი გონივრული ეჭვი წყდება ბრალდებულის სასარგებლოდ. ის, რომ ექსპერტი ვერ გამორიცხავს ძალადობის ფაქტს, ესეც სრულიად საკმარისია, ვინაიდან როგორც საქმეში, ისე ბუნებაში არ არსებობს ისეთი მტკიცებულება, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს ბავშვის მონათხრობს და მის ჩვენებას. ასეთი მტკიცებულება პროკურატურას არ აქვს“, - ამბობს ადვოკატი.
რაც შეეხება ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, ალი ბადიროვის თქმით, დასკვნის თანახმად, მოზარდი იყო შოკურ მდგომარეობაში და იმ მომენტისათვის მის მდგომარეობას ნაწილობრივ შერაცხადად აფასებენ: „ეს წერია დასკვნაში. თუმცა, ამჟამად ბავშვი სრულად შერაცხადია“.
„პროკურატურას ევალებოდა, რომ როდესაც მოზარდის გამამტყუნებელი მტკიცებულებები მოიძია, გამამართლებელი მტკიცებულებებიც დროულად უნდა მოეძიებინა“
სისხლის სამართლის სპეციალისტს, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტს, თამარ ზარქუას, სქესობრივი დანაშაულების არაერთ საქმეზე უმუშავია.
მისი განმარტებით, სქესობრივი დანაშაულები სხვა ტიპის დანაშაულებისგან იმითაც განსხვავდება, რომ ასეთ საქმეებზე ხშირად საკმაოდ მწირია პირდაპირი მტკიცებულებები - მაგალითად, თითქმის არასდროს არსებობს თვითმხილველი ან სხვა უშუალო მტკიცებულება. ამიტომ ასეთ საქმეებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სავარაუდო დაზარალებულის მონათხრობის თანმიმდევრულობას და იმას, ემთხვევა თუ არა მისი ჩვენება სხვა მტკიცებულებებს.
სწორედ ამიტომ, იურისტი ამბობს, რომ 16 წლის მოზარდის საქმეში, პროკურატურას პირველივე ეტაპზე უნდა გაეთვალისწინებინა ბრალდებულისა და მისი ადვოკატის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, განსაკუთრებით იმ მოცემულობაში, როდესაც საქმე შესაძლოა ეხებოდეს სექსუალური ხასიათის დანაშაულს და როდესაც საქმეში არასრულწლოვანი ფიგურირებს:
„მოზარდს ყველაზე მძიმე მუხლი წაუყენეს, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ზოგადად, თავდაპირველად გამოძიება მსუბუქი მუხლით იწყება ხოლმე და შემდეგ შეიძლება დამძიმება და ასეთი რამ ბევრ სისხლის სამართლის საქმეში გვხვდება და აქ პირიქით მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვიც და მისი ადვოკატიც ამბობდნენ, რომ ადგილი ჰქონდა აუცილებელ მოგერიებას, პირდაპირ განსაკუთრებით მძიმე ბრალი წაუყენეს.
ეს გარემოება თავიდანვე უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. მით უმეტეს, როდესაც არასრულწლოვანთან გვაქვს საქმე. პროკურატურას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ისედაც ევალება, რომ როდესაც ბავშვის გამამტყუნებელი მტკიცებულებები მოიძია, გამამართლებელი მტკიცებულებებიც, რა თქმა უნდა, უნდა მოეძიებინა“.
ადვოკატის თქმით, როდესაც არსებობს ეჭვი, რომელიც მტკიცებულებით ვერ მყარდება, ეს ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. და ეს არაერთ საქმეში გამოუყენებიათ მოსამართლეებს:
„მოზარდი 5 ივნისიდან ჰყავთ დაკავებული. ექსპერტიზები ზოგადად ერთი-ორი თვე იწელება ხოლმე, მაგრამ ამ დროს აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ თუკი რაიმე ეჭვი არსებობს, ეს, რა თქმა უნდა, ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს“.
ბრალდებულისთვის შეფარდებული პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით, გირაოთი შეცვლის საკითხზე სხდომა რუსთავის საქალაქო სასამართლოში 15 სექტემბერს, 16 საათზე ჩატარდება.
ფორუმი