Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ცნობად ვიღებთ“ - ბრიუსელმა „კოალიციას“ სოხუმი-ცხინვალის „აღიარების“ გაწვევის მოთხოვნაზე უპასუხა

„ჩვენ ცნობად ვიღებთ თქვენს მოსაზრებებს სირიის ხელისუფლებასთან კონტაქტების დროს ამ საკითხის დაყენების მნიშვნელობის შესახებ“ - უპასუხა EEAS-მა ოპოზიციურ გაერთიანებას
„ჩვენ ცნობად ვიღებთ თქვენს მოსაზრებებს სირიის ხელისუფლებასთან კონტაქტების დროს ამ საკითხის დაყენების მნიშვნელობის შესახებ“ - უპასუხა EEAS-მა ოპოზიციურ გაერთიანებას

ოპოზიციური პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის“ აცხადებს, რომ ბრიუსელმა უპასუხა ურზულა ფონ დერ ლაიენისადმი მათს მიმართვას სირიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების „აღიარების“ უკან გაწვევაზე მუშაობის საკითხთან დაკავშირებით.

„სირიის მთავრობასთან კომუნიკაციაში ევროკომისია აუცილებლად დააყენებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების საკითხს“, - განაცხადეს ოპოზიციურ გაერთიანებაში 15 სექტემბერს.

ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სირიასთან ევროკავშირის ნებისმიერი ურთიერთობის აგების ერთ-ერთი წინაპირობა უნდა იყოს აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება სირიის მიერ.

მთავარი შედეგი წინ არის - აღიარება უკან უნდა წაიღოს სირიამ“, - თქვა გვარამიამ და დასძინა, რომ ეს მარტივი არ არის, რადგან სირიაში ბევრი ეთნიკურად აფხაზი ცხოვრობს და დე ფაქტო ხელისუფლებას „ძლიერი ლობი“ ჰყავს.

„კოალიციამ ცვლილებებისთვის“ ასევე გამოაქვეყნა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისგან (EEAS) მიღებული პასუხი.

რა წერია ბრიუსელის პასუხში

15 სექტემბერს გასაჯაროვებულ წერილში EEAS-ის წარმომადგენელი დერენ დერია მადლობას უხდის „კოალიციას“ ფონ დერ ლაიენისათვის გაგზავნილი წერილისთვის და წერს:

„ჩვენ ცნობად ვიღებთ თქვენს მოსაზრებებს სირიის ხელისუფლებასთან კონტაქტების დროს ამ საკითხის დაყენების მნიშვნელობის შესახებ“.

იქვე წერია, რომ:

  • „ევროკავშირი გააგრძელებს საერთაშორისო სამართლის, გაეროს წესდებისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისადმი პატივისცემის ხელშეწყობას თავის საგარეო ურთიერთობებში“;
  • „ევროკავშირი მტკიცედ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.
  • „ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ უცვლელი რჩება“.

წერილის ავტორი, დერენ დერია არის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მმართველ დირექტორატში დეპარტამენტის ხელმძღვანელი საქართველოს, მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბელარუსის მიმართულებით.

რას წერდა „კოალიცია“ ფონ დერ ლაიენს

2026 წლის 21 ივნისს პარტიამ, - რომელიც თავს ახასიათებს, როგორც საქართველოში ყველაზე დიდი პროდასავლური პოლიტიკური კოალიცია, - ურზულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართა.

მათ მადლიერება გამოხატეს ევროკავშირისა და ლიეტუვის განცხადებების გამო, რომლებშიც ხაზგასმულია სირიის სახალხო ასამბლეასთან თანამშრომლობის მნიშვნელობა.

  • ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო 17 ივლისს აცხადებდა, რომ ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მზად არიან ითანამშრომლონ სირიის პარლამენტთან.
  • თანამშრომლობის მიზანია, გაუქმდეს ბაშარ ასადის დროს მიღებული ის გადაწყვეტილებები, რომლებიც არღვევდა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„მიგვაჩნია, რომ სირიის ახალ ხელისუფლებასთან ევროკავშირის კონსტრუქციული თანამშრომლობა ქმნის დროულ და ეფექტიან შესაძლებლობას, რათა გაუქმდეს აღნიშნული აღიარებები და აღდგეს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემა“, - წერდა პარტია ევროკომისიის პრეზიდენტს.

კოალიციამ მოვუწოდა ევროკავშირს, „სირიის სახალხო ასამბლეასა და სირიის ახალ მთავრობასთან ყველა შესაბამის დიპლომატიურ დონეზე კვლავაც დააყენოს სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარსულში აღიარების საკითხი“.

ასადის აღიარება და დამხობა

კრემლის მოკავშირე ბაშარ ასადის რეჟიმმა 2018 წელს აღიარა საქართველოს ორი ტერიტორიის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობაც.

პასუხად საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, 2025 წლის ივნისში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თურქეთს სთხოვეს შუამდგომლობა, რათა სირიამ გააუქმოს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება.

სირიის ხელისუფლებას მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდეს ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა და ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა.

სოხუმი შეხვედრებს აგრძელებს

ჯერჯერობით პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას გარდამავალ ადმინისტრაციას აღიარება არ გაუწვევია.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების წარმომადგენლები კი დამასკში შეხვედრებს კვლავ მართავენ.

ბოლოს 2026 წლის 24 აგვისტოს სირიაში „სამუშაო ვიზიტით“ იმყოფება „დელეგაცია“ ოკუპირებული აფხაზეთიდან დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ოგერ ბარციცის ხელმძღვანელობით.

  • დე ფაქტო უწყების ცნობით, დამასკში დელეგაციას დახვდა „სირიაში აფხაზეთის ელჩი“ მუჰამედ ალი.
  • ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაციის შემადგენლობაში არიან კულტურისა და ფინანსთა ე.წ. მინისტრები, ასევე „თურქეთში აფხაზეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი იბრაჰიმ ავიძბა“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG