Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრობიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ

პროკურატურამ მას ბრალი შეუმსუბუქა.
პროკურატურამ მას ბრალი შეუმსუბუქა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გირაოს გარეშე გაათავისუფლეს 16 წლის მოზარდი, რომელსაც პროკურატურამ ბრალი შეუმსუბუქა - გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობა არა განზრახ ჩადენილი დანაშაული იყო, არამედ „აუცილებელი მოგერიების ფარგლებში“.

მისი საქმის განხილვა გაგრძელდება, თუმცა საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გარეშე.

საქმე ეხება 2026 წლის 5 ივნისს რუსთავში მომხდარ ფაქტს, როდესაც მოზარდმა საცხოვრებელ ბინაში აზერბაიჯანის მოქალაქე მოკლა:

  • თავდაპირველი ბრალდების მიხედვით, მოზარდს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა;
  • შეცვლილი ბრალდებით, 113-ე მუხლით განსაზღვრულია გამოსასწორებელი სამუშაო, შინაპატიმრობა ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ერთიდან სამ წლამდე.

პროკურატურა ამბობს, რომ 16 წლის ბიჭს ბრალი ახლად გამოვლენილი მტკიცებულებების საფუძველზე შეუმსუბუქდა. ამ გარემოებად ის „მიღებული ექსპერტიზის დასკვნასა და სხვა მტკიცებულებებს“ ასახელებს.

ამის გამო პროკურატურამ სასამართლოს სამი თვის წინ დაკავებული ბიჭისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართა.

„პროკურატურამ შეძლო და აღიარა 99% პროცენტით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბავშვის უდანაშაულობა - ბრალი არ არის მთლიანად მოხსნილი, მაგრამ ბევრი იურისტი დამეთანხმება ალბათ, რომ ეს არის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში განხორციელებული მოგერიება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას 16 წლის ბიჭის ადვოკატმა ალი ბადიროვმა.

„სექსუალური კონტაქტის დამყარება ძალის გამოყენებით სცადა“

სამი თვის განმავლობაში მოზარდი და მისი ადვოკატი ირწმუნებოდნენ, რომ აზერბაიჯანის მოქალაქემ, 50 წლამდე კაცმა, 5 ივნისის საღამოს მოზარდი ნაქირავებ ბინაში ჩაკეტა, სექსუალური ძალადობა სცადა და ბიჭი იძულებული გახდა, თავის დასაცავად დანა გამოეყენებინა.

არასრულწლოვანი ბრალდებულის საქმე, როგორც ამას კანონი ითხოვს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ დახურა. ანუ სხდომებზე ჟურნალისტები არ დაიშვებიან.

50 წლამდე კაცი, აზერბაიჯანის მოქალაქე, საქართველოში 2026 წლის გაზაფხულის მიწურულს ჩამოვიდა. მან რუსთავში მღებავად დაიწყო მუშაობა, ბინაც იქვე იქირავა და როგორც 16 წლის ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, დამხმარედ არასრულწლოვანი ბიჭები დაიქირავა:

„სამი დამხმარე ჰყავდა, სამივე არასრულწლოვანი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბიჭი ორი დღის აყვანილი ჰყავდა, როცა ეს შემთხვევა მოხდა“.

მისი თქმით, აზერბაიჯანელ მღებავს არასრულწლოვანი ბიჭები, რომლებიც გარდაბნის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობენ, იმავე სოფელში მცხოვრებმა ტაქსის მძღოლმა გააცნო.

„მოზარდი ყვება, რომ ბინაში შესვლის შემდეგ კაცმა კარი გასაღებით ჩაკეტა. ისინი იქ დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იყვნენ. თითქოს ქალებს ელოდნენ. შემდეგ კაცმა ბიჭს ტანსაცმლის გახდა შესთავაზა იმ მოტივით, რომ ქალებიც მალე მივიდოდნენ.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ტანსაცმელი თავად გაიხადა, რის შემდეგაც კაცმა მასთან სექსუალური კონტაქტის დამყარება ძალის გამოყენებით სცადა“, - ამბობს ადვოკატი.

მოზარდის მონათხრობით, მან კაცს თავი დააღწია, მაგრამ ბინიდან გასვლა ვერ შეძლო, კარი ჩაკეტილი იყო, მისი ტელეფონი კაცს ჰქონდა:

„ერთადერთი, რაც მოვიფიქრე, სამზარეულოში დანა ავიღეო“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG