16 სექტემბერს ევროპარლამენტმა დაამტკიცა თავდაცვით სფეროში ინვესტიციების ზრდის ხელშემწყობი საკანონმდებლო ცვლილებები.
საკანონმდებლო წინადადებები შეადგენს ევროკავშირის თავდაცვითი მზადყოფნის ზომების ე.წ. “Omnibus V”-ს ნაწილს, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში არაფორმალურად შეთანხმდა ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს შორის. ახალი ზომების მიზანია თავდაცვასთან დაკავშირებულ პროექტებზე ნებართვების გაცემისა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის თავდაცვითი ტექნიკის ექსპორტის გაიოლების ხელშეწყობა. ამავე კანონმდებლობით უნდა გამარტივდეს უსაფრთხოებისა და თავდაცვითი შესყიდვების პროცედურები და ევროკავშირის თანამშრომლობა თავდაცვით კონტრაქტებზე, უნდა უზრუნველყოს, რომ ევროკავშირის ქიმიურ ნივთიერებებზე რეგულაციებში ადეკვატურად იყოს ასახული თავდაცვითი საჭიროებები და გააიოლოს „ევროპის თავდაცვითი ფონდის“ მუშაობა.
საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 800 მილიარდი ევროს მობილიზაცია “ევროპის გადაიარაღების გეგმის/მზადყოფნა 2030“(ReArm Europe Plan/Readiness 2030)-ის ინიციატივის ფარგლებში, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და თავდაცვით მრეწველობას მისცემს უსაფრთხოების მზარდ გამოწვევებთან უკეთესად გამკლავების შესაძლებლობას.
რაც შეეხება თავდაცვით პროექტებზე (მაგალითად, ახალი ქარხნების მშენებლობებზე) ნებრათვების გაცემის პროცედურის დაჩქარებას: ახალი წესებით ევროკავშირის ფარგლებში ნებართვის გაცემის სტანდარტული ვადა იქნება 42 სამუშაო დღე. განსაკუთრებით კომპლექსურ პროექტებთან დაკავშირებულ გამონაკლის შემთხვევებში, ეროვნულ ხელისუფლებებს შეეძლებათ მაქსიმუმ ორჯერ 60 დღემდე ვადით გაახანგრძლივონ ნებართვის გაცემის პერიოდი. ასეთ შემთხვევებში ნებართვის გაცემის პროცესმა არ უნდა გადააჭარბოს 102 სამუშაო დღეს. თუკი წევრი სახელმწიფოების ხელისუფლებები ვერ ჩაეტევიან დაწესებულ ვადაში, ამოქმედდება უსიტყვო თანხმობის პრინციპი. ამის შემდეგ ეროვნულმა ხელისუფლებებმა, პროექტის წარმდგენს ვადის ამოწურვიდან რვა სამუშაო დღეში უნდა უნდა მიაწოდონ მოთხოვნები, რომლებიც კონკრეტულ ნებართვას ეხება.
ახალი კანონმდებლობით, მარტივდება ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვით კომპანიებს შორის თანამშრომლობა. აგრეთვე, წევრი სახელმწიფოები უფრო ადვილად შეძლებენ ერთობლივი შესყიდვების განხორციელებას.
უკრაინულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განსამტკიცებლად, ევროპარლამენტარები და ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატ უკრაინაში ტესტირების ხარჯების დაფინანსება შესაძლებელი იქნება „ევროპის თავდაცვის ფონდიდან“ (EDF).
ფორუმი