Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო

რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები 18-20 სექტემბერს ტარდება
რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები 18-20 სექტემბერს ტარდება

18 სექტემბერს რუსეთში დაიწყო სახელმწიფო დუმის არჩევნები, რომელიც სამ დღეს გასტანს და 20 სექტემბერს დასრულდება.

საპარლამენტო არჩევნები ტარდება უკრაინის წინააღმდეგ ომის, რუსეთის ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ სისტემაზე კონტროლის და რეპრესიების გაძლიერებისა და ოპონენტების კიდევ უფრო შეზღუდვის და ქვეყანაში რეალური პოლიტიკური კონკურენციის არარსებობის პირობებში.

რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და საერთაშორისო სამართლის ხელყოფით ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ვადაზე ადრე, აგვისტოს ბოლოდან დაიწყო უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და საერთაშორისო სამართლის დარღვევით რუსეთმა ე.წ. საარჩევნო უბნები გახსნა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, სადაც ადგილობრივ მცხოვრებთა დიდ ნაწილს რუსეთის მოქალაქეობაც აქვს.

ვინ იყრის კენჭს

რუსეთის 450-წევრიან სახელმწიფო დუმას პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ.

კენჭისყრაში მონაწილეობს 10 პარტია: პუტინის პარტიად წოდებული „ედინაია როსია“(ერთიანი რუსეთი), კომუნისტური პარტია, ლიბერალ-დემოკრატიული პარტია, „ახალი ხალხი“ და „სამართლიანი რუსეთი“, რომლებიც წინა, მერვე მოწვევის დუმაშიც წარმოდგენილი იყვნენ და „პენსიონერთა პარტია სოციალური სამართლიანობისთვის“, „რუსეთის კომუნისტები“, „როდინა“(სამშობლო), „მწვანეები“ და „პირდაპირი დემოკრატიის პარტია“.

არჩევნებში მონაწილე პარტიებს შორის არცერთი არ წარმოადგენს პუტინის ხელისუფლების რეალურ ოპოზიციას.

„ედინაია როსიას“ პირველი ხუთეული

პუტინის პარტიად წოდებული „ედინაია როსიას“ საარჩევნო სიის პირველი ნომერია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

სიის პირველ ხუთეულში ლავროვს მოსდევენ:

  • მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი;
  • სამხედრო კორესპონდენტი და პროპაგანდისტი, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის და რადიოს გენერალური დირექტორის მოადგილე ევგენი პოდდუბნი;
  • ბავშვთა ომბუდსმენი მარია ლვოვა-ბელოვა, რომლის დაპატიმრების ორდერიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აქვს გაცემული;
  • რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით შექმნილი, ბავშვთა და მოზარდთა სამხედრო-პატრიოტული მოძრაობის, „იუნარმიის“ მთავარი შტაბის უფროსი ვლადისლავ გოლოვინი.

„იაბლოკო“ არჩევნებს მიღმა

რუსეთის ერთადერთ პარტიას, რომელიც უკრაინაში ომს აკრიტიკებს და მის შეწყვეტას მოითხოვს, „იაბლოკოს“, დუმის არჩევნებში პროპორციული სისტემით მონაწილეობის უფლება არ მისცეს. „იაბლოკოს“ წევრები ზოგიერთ ოლქში კენჭს მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით იყრიან.

  • 2026 წლის 10 აგვისტოს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ულტრამემარჯვენე პოპულისტური პარტია „როდინას“ საჩივარი „იაბლოკოს" ფედერალური საარჩევნო სიის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
  • „როდინას“ საჩივრის თანახმად, „იაბლოკო" სოციალურ ქსელებში ავრცელებდა აგიტაციას საარჩევნო ფონდიდან დაფინანსების გარეშე, არღვევდა საავტორო უფლებებს, პარტიის დონორებს შორის კი არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებდნენ. მომჩივანი „იაბლოკოს" ბრალს სდებდა ექსტრემიზმშიც.
  • პარტიის თავმჯდომარე ნიკოლაი რიბაკოვმა განაცხადა, რომ „იაბლოკოს" ოპონენტები თავისი ვიწროპარტიული ინტერესებითა და პატიოსანი, ღია და საჯარო დისკუსიების შიშით ანგრევენ რუსეთის სამართლებრივი სისტემის საფუძვლებს და რუსეთის სახელმწიფოსაც.

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, სახელმწიფო დუმის წინა არჩევნები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე, 2021 წლის სექტემბერში ჩატარდა. ოფიციალური შედეგებით, უმრავლესობა მოიპოვა პუტინის მხარდამჭერმა პარტიამ „ედინაია როსია".

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის დუმამ მიიღო უკრაინაში ანექსირებული ახალი ტერიტორიების დაკანონებასთან დაკავშირებული არაერთი დოკუმენტი და რუსეთის მოქალაქეების უფლებების კიდევ უფრო შემზღუდავი არაერთი კანონი.

მათ შორისაა ე.წ. ფეიკების კანონი, რომლის საფუძველზეც, თუ რუსული არმიის შესახებ გავრცელებული ცნობები ოფიციალურ ინფორმაციას არ ემთხვევა, გამავრცელებელი ჯარიმით ან პატიმრობით ისჯება.











ფორუმი

XS
SM
MD
LG