ეუბნება აშშ-ის სტრატეგიული და ანალიტიკური კვლევების ცენტრის რუსეთის მიმართულების მკვლევარი ჯულიან უოლერი რადიო თავისუფლებას სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთ ვარიანტზე საუბრისას, რომელსაც გასულ ზაფხულს აშშ სთავაზობდა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს.
რატომ არ დათანხმდა პუტინი იმ შეთანხმებას, რომელიც, ერთი შეხედვით, მოსკოვისთვის საკმაოდ ხელსაყრელი იყო? რამდენად განსაზღვრავს რუსეთის პოლიტიკას თავად პუტინის ხედვები და რამდენად მის მიერ შექმნილი სისტემა? და რა შეიძლება მოხდეს პუტინის შემდეგ?
პუტინის შემდეგ - ასე ჰქვია ჯულიან უოლერის სტატიას, რომელიც 6 აგვისტოს გამოაქვეყნა Foreign Affairs-მა. ვაჟა თავბერიძე რუსეთის მკვლევარს მოსკოვსა და კიევში პრეზიდენტ ტრამპის მომლაპარაკებლების, სტივ უოტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტის დასრულების შემდეგ ესაუბრა.
ამერიკული მხარე მოქმედებს შემდეგი ლოგიკით: თუ გარიგებას საკმარისად მაცდურს გახდი და სხვადასხვა კომპრომისს შესთავაზებ, შენი წინადადება იმდენად ხელსაყრელი იქნება, რომ რუსები უარს ვეღარ იტყვიან".
რადიო თავისუფლება: უიტკოფისა და კუშნერის დიპლომატიური ვოიაჟით დავიწყოთ მოსკოვსა და კიევში - რას მიაღწიეს? რუსეთმაც და, რაც საინტერესოა, კიევმაც გარკვეული კმაყოფილება გამოთქვეს იმით, რომ შეხვედრა შედგა. ეს მხოლოდ პროტოკოლური თავაზიანობაა თუ მართლაც არის გარკვეული წინსვლა?
ჯულიან უოლერი: უკრაინის ომის დასრულება პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტია მას შემდეგ, რაც გასულ წელს ის ხელისუფლებაში დაბრუნდა. მთავარი განსხვავება წინა ადმინისტრაციის მიდგომისგან შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: მშვიდობა ნებისმიერ ფასად. წინა ადმინისტრაციის მიდგომა ასეთი იყო: განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა; მართალია, ბოლომდე ნათელი არ არის, როგორ უნდა მივიდეთ რუსეთის ჩამოშლამდე, მაგრამ იდეალურ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, რაღაც ამის მსგავსი მოხდება. მანამდე კი რუსეთი რაც შეიძლება მეტად უნდა დავასუსტოთ, ოღონდ ზედმეტი რისკების გარეშე.
გასულ წელს კი ტრამპის ახალი პოლიტიკის ამოქმედება ვიხილეთ და პირდაპირ უნდა ვთქვათ: ჯერ-ჯერობით მისი ადმინისტრაციის მიდგომა არ მუშაობს. წარუმატებლობას რამდენიმე მიზეზი აქვს, თუმცა უმთავრესი ისაა, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკაც და ზოგადად ომისადმი მიდგომაც ერთ კაცზეა მიბმული - ვლადიმირ პუტინის პირად გადაწყვეტილებებზე. ამერიკული მხარე მოქმედებს შემდეგი ლოგიკით: თუ გარიგებას საკმარისად მაცდურს გახდი და სხვადასხვა კომპრომისს შესთავაზებ, შენი წინადადება იმდენად ხელსაყრელი იქნება, რომ რუსები უარს ვეღარ იტყვიან. ეს სულაც არ არის გიჟური თეორია. პირიქით, საკმაოდ გონივრულია. და, გარკვეულწილად, იმუშავა კიდეც - გასული წლის გაზაფხულზე გვქონდა რამდენიმე საკმაოდ უხერხული მომენტი, როდესაც პუტინი 24 საათის განმავლობაში არაფერს ამბობდა, თუმცა საბოლოოდ რაღაცის თქმა მაინც უწევდა. შემდეგ იყო ალასკის სამიტი, სადაც თითქოს საქმის 90-პროცენტი მივიდა ბოლომდე, თუმცა საბოლოოდ ისიც წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ სამუშაო შეხვედრების დროს პუტინი, მოლაპარაკების ნაცვლად, დროის უმეტეს ნაწილს ისტორიულ წიაღსვლებში ხარჯავდა. იმავე წლის შემოდგომაზე კიდევ ერთხელ ვცადეთ, მაგრამ არც ამას არ მოჰყვა შედეგი.
ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ეს საგარეოპოლიტიკური მიდგომა ჩავარდა, მისი ლოგიკა გასაგებია. წარუმატებლობის მიზეზი კი, რა თქმა უნდა, თავად პუტინია. რუსეთის დანარჩენი ელიტა რომ გამოგვეკითხა, სრულიად განსხვავებულ პასუხს მივიღებდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ.
პუტინი „დიეტაზეა“ - ისეთ საინფორმაციო რაციონს აწვდიან, რომელიც პრობლემებს ან საერთოდ მიჩქმალავს, ანაც უქმნის განცდას, თითქოს მათი მოგვარება ახლოსაა".
რადიო თავისუფლება: რატომ არ თანხმდება პუტინი არცერთ კომპრომისს? რატომ არის მისთვის ასე წარმოუდგენელი, რომ შეიძლება იმდენად ხელსაყრელი შეთავაზება მიიღოს, რომ გამარჯვებადაც გაასაღებს და თანაც საშინაო ფრონტზე რუსების გულსაც მოიგებს?
ჯულიან უოლერი: ვფიქრობ, რამდენიმე მიზეზი არსებობს. ერთ-ერთი ომის დაწყების მიზეზებთან გვაბრუნებს: პუტინის მზარდ იდეოლოგიურ და ისტორიულ აკვიატებებთან, რომლებიც მას წლების განმავლობაში ჩამოუყალიბდა. და იმ სისტემაში, რომელიც პუტინმა ბოლო 25 წლის განმავლობაში შექმნა, პრეზიდენტს პრაქტიკულად არაფერი ზღუდავს, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის სფეროში.
ამან მიგვიყვანა გადაწყვეტილებებამდე, რომლებიც ლოგიკას არ ემორჩილება, თუ არ გავითვალისწინებთ, რომ ყველაფერი, ფაქტობრივად, ერთ ადამიანზეა დამოკიდებული, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ გამარჯვების მიღწევა შეუძლია.
პირველი მიზეზი, ამრიგად, პუტინის აკვიატებებია. მეორეა ინფორმაცია, რომელსაც ის იღებს. ეს ინფორმაცია რამდენიმე წყაროდან მოდის. პირველი „ეფესბეა“, შემდეგ კი გენერალური შტაბი. მთელი სადაზვერვო ინფორმაცია, რომელსაც პუტინს აწვდიან, წინასწარ არის დამუშავებული და შელამაზებული. ის „დიეტაზეა“ - ისეთ საინფორმაციო რაციონს აწვდიან, რომელიც პრობლემებს ან საერთოდ მიჩქმალავს, ანაც უქმნის განცდას, თითქოს მათი მოგვარება ახლოსაა.
ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ გენერალური შტაბი, განსაკუთრებით გერასიმოვი (რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი რ.თ.) და ყველა, ვინც პუტინთან უმაღლეს დონეზე ურთიერთობს, მას მუდმივი წინსვლის სურათს უხატავს და ეუბნება, რომ კიდევ ცოტა დრო და ძალისხმევაა საჭირო, კიდევ ცოტაც და უკრაინელები ჩამოიშლებიან.
პუტინის გარდა, რუსეთის ელიტის ნებისმიერი წარმომადგენელი იკითხავდა: რას ველოდებით? ხელი მოვაწეროთ, ეს ხომ შესანიშნავი შეთანხმებაა.
რადიო თავისუფლება: ეშმაკის ადვოკატის პოზიციიდან გკითხავთ - იქნებ არ უთმობთ საკმარისს? უფრო სწორად, იმდენს, რამდენსაც თვითონ თვლის, რომ უნდა დაუთმონ. პუტინმა მიანიშნა, რომ ალბათ დათანხმდებოდა შეთავაზებას, რომელიც მისთვის მთელი დონბასის გადაცემას გულისხმობს. და აშშ, როგორც ჩანს, ამის წინააღმდეგი არ არის. ამ შეთანხმებაზე თანხმობას უკრაინა და ევროპა არ იძლევიან. თუ ისინიც დათანხმდებიან და პუტინს ამ კომპრომისს შესთავაზებენ, საბოლოოდ მაინც უარს იტყვის?
ჯულიან უოლერი: ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჯერ უნდა გავიხსენოთ, რას მოიცავდა გასულ ზაფხულს შეთავაზებული შეთანხმება. ის ითვალისწინებდა ზოგიერთი მხარის მიერ ყირიმის დე იურე აღიარებას, დანარჩენების მიერ კი მის დე ფაქტო აღიარებას; დონბასში უკვე დაპყრობილი ტერიტორიების დე ფაქტო აღიარებას; სანქციების შემსუბუქებას; უკრაინის ნატოს მიღმა დარჩენას და გარკვეულ ლიმიტებს უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობაზე.
ეს უკვე უკიდურესად ხელსაყრელი შეთანხმებაა. პუტინის გარდა, რუსეთის ელიტის ნებისმიერი წარმომადგენელი იკითხავდა: რას ველოდებით? ხელი მოვაწეროთ, ეს ხომ შესანიშნავი შეთანხმებაა. ხუთ წელიწადში, თუ მოგვინდება, კიდევ ერთ ომს დავიწყებთ და ასე შემდეგ. მაგრამ პუტინი კვლავ დარწმუნებულია, რომ ეს ომი უნდა გაგრძელდეს და საბოლოოდ ის გაიმარჯვებს.
კრემლში, სულ მცირე, ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ სასარგებლო იქნებოდა ერთგვარი „პიარ-სვლა“, თითქოს ცეცხლის შეწყვეტისკენ მიმავალ გზაზე ვდგავართ.
რადიო თავისუფლება: მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, მოლაპარაკებების განახლება გარდაუვალია - რას უნდა ველოდოთ კიდევ ერთი რაუნდისგან? რა თამაშს ვუყურებთ, როგორია მისი წესები?
ჯულიან უოლერი: აქ რამდენიმე რამ ხდება. პირველი ისაა, რომ რუსეთში მალე (20 სექტემბერს რ.თ.) საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, საზოგადოებრივმა უკმაყოფილებამ კი უკვე იმ მასშტაბებს მიაღწია, რომ კრემლიც შეშფოთებულია.
კრემლისგან, შიდა პოლიტიკის კურატორებისგან, დეპუტატებისა და სხვებისგან საკმარისი სიგნალები მივიღეთ იმის დასანახად, რომ კრემლს ეს პრობლემა გაცნობიერებული აქვს. რომ კრემლში, სულ მცირე, ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ სასარგებლო იქნებოდა ერთგვარი „პიარ-სვლა“, თითქოს ცეცხლის შეწყვეტისკენ მიმავალ გზაზე ვდგავართ.
მეორე საკითხია ეკონომიკური ზიანი, რომელიც რუსეთს უკრაინის უაღრესად წარმატებული დარტყმების შედეგად მიადგა. რუსეთს ამ ზიანის შემცირება სურს. მაღალი დონის მოლაპარაკებების ერთ-ერთი შესაძლო სარგებელი კი ისაა, რომ ამან შეიძლება უკრაინული დარტყმების განრიგი გარკვეულწილად შეაფერხოს.
მესამე საკითხზე პასუხი ჯერ კიდევ არ გვაქვს: შეიცვალა თუ არა თავად კრემლის დამოკიდებულება ომისადმი; გაიზარდა თუ არა პუტინის უშუალო გარემოცვაში, გადაწყვეტილებების მიმღებ წრეში, იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც ომზე აზრი შეიცვალეს; ან შეიცვალა თუ არა პუტინისთვის მიწოდებული საინფორმაციო რაციონი.
ბიოლოგიურ კალენდარს თავისი გააქვს და მათი (პუტინის) თაობა უკვე სცენიდან მიდის. ეს გარდაუვალი პროცესებია: ზოგი გარდაიცვლება, ზოგს კოგნიტიური შესაძლებლობები დაუქვეითდება".
რადიო თავისუფლება: უკვე დიდი ხანია არსებობს მოსაზრება, რომ პუტინის მსოფლმხედველობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი დასავლეთის გამძლეობაში დაჯაბნაა. მას სჯერა, რომ ამ თამაშში დარჩენა დასავლეთზე დიდხანს შეუძლია. მინდა მოვიხმო თქვენი ბოლო სტატია Foreign Affairs-ში, სათაურით - „პუტინის შემდეგ“, სადაც ხაზს უსვამდით, თუ რამდენად გერონტოკრატიული გახდა მისი რეჟიმი: პუტინის უახლოეს გარემოცვაში 70 წელზე ახალგაზრდა აღარავინაა. მართლაც აქვს თუ არა მას იმდენი დრო, რამდენიც თავად ჰგონია?
ჯულიან უოლერი: მართებული შენიშვნაა. გერონტოკრატებისთვის მომავლის აჩრდილი თავზარდამცემია. ძალაუფლების დათმობა ყველას აშინებს. პროცესებზე კონტროლის დაკარგვის წარმოდგენაც კი ძრწოლით ავსებთ.
მაგრამ ბიოლოგიურ კალენდარს თავისი გააქვს და მათი თაობა უკვე სცენიდან მიდის. ეს გარდაუვალი პროცესებია: ზოგი გარდაიცვლება, ზოგს კოგნიტიური შესაძლებლობები დაუქვეითდება.
ისინი მემკვიდრეობით მიიღებენ ქვეყანას, რომელიც გაცილებით უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე 10 თუ 20 წლის წინ.
რადიო თავისუფლება: შემდეგ ასაკობრივ საფეხურზე დგანან 70 წლამდელი “ახალგაზრდები“ - მიშუსტინი (რუსეთის მთავრობის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი), ვოლოდინი (რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი), დიუმინი. თქვენ წერთ, რომ მათი უკმაყოფილება იზრდება, რადგან მათი რიგი ვერა და ვერ დადგა. მეტიც, ახლა მათ შეიძლება კიდევ უფრო უმცროსმა თაობამაც გადაასწროს. ამას გარდა, ალბათ მაინცდამაინც სასიამოვნო არ უნდა იყოს იმის ყურება და განცდა, რომ ქვეყანა, რომლის მართვაც ერთ დღეს თავად უნდა ჩაიბარონ, მათ თვალწინ ინგრევა, არა?
ჯულიან უოლერი: სწორედ ასეა. ისინი დაახლოებით ასე უყურებენ ვითარებას: საბოლოოდ ის, რისი მართვაც მომიწევს, ჩემი წილი „ნამცხვარი“ შესაძლოა უკვე გაფუჭებული იყოს და აღარც კი ვარგოდეს საჭმელად. მათ თვალწინ უფერულდება მომავლის პერსპექტივები - ისინი მემკვიდრეობით მიიღებენ ქვეყანას, რომელიც გაცილებით უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე 10 თუ 20 წლის წინ.
ამ განწყობას რუსულ საზოგადოებაშიც ძალიან მკაფიოდ ვხედავთ: ნათელი მომავალი არ ჩანს, წინსვლა არ არის. 2026 წელს ეს განცდა განსაკუთრებით გამძაფრდა, ყველგან იგრძნობა, რომ ძველი გვარდია ახალს გადაულოცავს ქვეყანას, რომელიც იმაზე უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე ადრე იყო. ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ რუსებს უცებ უკრაინელებისთვის ყველაფრის დათმობა ან დასავლეთთან დაახლოება მოუნდებათ. სულაც არა. თუმცა აშკარაა განცდა, რომ ახალ თაობას დაზიანებულ, გაუფასურებულ ქვეყანას აბარებენ.
არ არსებობს ერთი ცნობილი და მისაღები ფიგურაც კი, რომელსაც ხალხი ენდობა.
რადიო თავისუფლება: ამ ევოლუციურ ჩიხში, სადაც „მხცოვანთა“ ვიწრო წრემ ქვეყანაში არსებული ლეგიტიმურობის მთელი რესურსი მიითვისა, მათ შემდეგ მოსულ „ახალგაზრდა“ გვარდიას ალბათ ლეგიტიმურობის კრიზისთან გამკლავებაც მოუწევს?
ჯულიან უოლერი: დიახ. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთის მომავალ მმართველობას ძალიან გაუჭირდება: სისტემურ დონეზე ბუნებრივი კარიერული წინსვლა შეფერხდა და, ფაქტობრივად, ჩაიკეტა.
2000-იან და 2010-იან წლებში არაერთი ამომავალი ვარსკვლავი გამოჩნდა, თუმცა შემდეგ ისინი უბრალოდ გაქრნენ, გასაქანი არ მიეცათ. და პრობლემა მხოლოდ საზოგადოების თვალში ლეგიტიმურობის დეფიციტი არ იქნება. პრობლემაა ისიც, რომ არ არსებობს ერთი ცნობილი და მისაღები ფიგურაც კი, რომელსაც ხალხი ენდობა. პუტინის სისტემის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ასეთი ადამიანების გამოჩენა-აღმოცენების არდაშვებაა.
კიდევ ერთი სირთულე ისაა, რომ თავად ამ ახალი გვარდიის წარმომადგენლებს შორის არ არსებობს ისეთი პირადი ნდობა, როგორიც პუტინის გარემოცვაში მყოფ ვეტერან "სილოვიკებს" აკავშირებთ. ისინი ერთ გარემოში გაიზარდნენ, ერთ სისტემაში მუშაობდნენ და მათ აერთიანებთ ვლადიმირ პუტინი, ცენტრალური ფიგურა, რომელთანაც თითოეულს არაფორმალური პირადი ურთიერთობა აკავშირებს. მათ ქვემოთ მდგომი თაობა კი ასეთი გარემოდან აღარ მოდის და მსგავსი კავშირებით ვერ დაიკვეხნის.
მიშუსტინს შანსი აქვს, რადგან ის ავტომატურად ხდება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. სხვა მოთამაშეებთან შედარებით, ის საკმაოდ სუსტი ფიგურაა, მას ძლიერი და მრავალრიცხოვანი ერთგული გუნდი არ ჰყავს. შედარებით მცირე პოლიტიკური წონის ტექნოკრატია და შეიძლება სწორედ ამან აქციოს დანარჩენებისთვის მისაღებ, კომპრომისულ კანდიდატად".
რადიო თავისუფლება: თქვენს სტატიაში მიანიშნებთ, რომ შესაძლოა მემკვიდრეობის კრიზისი ვიხილოთ, და პარალელებს ავლებთ სტალინის სიკვდილის შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან. თუ წარმოვიდგენთ, რომ ეს ხვალ მოხდა, პუტინი აღარ არის: ვის რა როლში ხედავთ? ვინ იქნება მალენკოვის მსგავსი კომპრომისული კანდიდატი, ბერიას მსგავსი საერთო საფრთხე და ხრუშჩოვი - საბოლოო გამარჯვებული?
ჯულიან უოლერი: პირველ რიგში, ალბათ ის უნდა აღვნიშნოთ, რომ მის ნებისმიერ პოტენციურ მემკვიდრეთაგან ყველას ექნება სურვილი, საჯაროდ სტაბილურობის ფასადი შეინარჩუნონ და სისტემა დაშლისგან დაიცვან. არავის სურს ახალი „სმუტა“, არავის სურს 1990-იანი წლებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის გამეორება. ეს ყველას კარგად აქვს გააზრებული, სულელები არ არიან.
პრეზიდენტის პოსტის გათავისუფლებისთანავე არჩევნები უნდა დაინიშნოს. ის სამ თვეში უნდა გაიმართოს, ამიტომ კანდიდატის შერჩევა ძალიან სწრაფად მოუწევთ. ვფიქრობ, რამდენიმე რეალისტური სცენარი არსებობს.
პირველი კომპრომისული ფიგურის არჩევაა, მაგრამ ეს უნდა იყოს საკმარისად სუსტი ფიგურა, რომელსაც არ ექნება ისეთი ლეგიტიმურობა, როგორიც პუტინივით მოქმედების საშუალებას მისცემდა. შესაძლოა კოლექტიური მმართველობის გარკვეული ფორმაც კი ვიხილოთ. ასეთ შემთხვევაში მიშუსტინს შანსი აქვს, რადგან ის ავტომატურად ხდება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. სხვა მოთამაშეებთან შედარებით, ის საკმაოდ სუსტი ფიგურაა, მას ძლიერი და მრავალრიცხოვანი ერთგული გუნდი არ ჰყავს. შედარებით მცირე პოლიტიკური წონის ტექნოკრატია და შეიძლება სწორედ ამან აქციოს დანარჩენებისთვის მისაღებ, კომპრომისულ კანდიდატად.
მეორე ვარიანტია ისეთი ადამიანი, რომელიც სისტემის რომელიმე განსაკუთრებით ძლიერ ფრთას განასახიერებს. ეს უკვე უფრო ბერიას მოდელს ჰგავს. თუმცა ამ სცენარის რეალობად ქცევა დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მოიფიქრებენ ელიტები იმ კონკრეტულ მომენტში: გადაწყვეტენ, რომ კომპრომისული კანდიდატი სჭირდებათ, თუ ფრაქციათაშორისო ბრძოლის დაწყებას ამჯობინებენ.
თუ არჩევანი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელზე შეჩერდება, საქმე კიდევ უფრო რთულდება. ყველა მთავარი ძალოვანი ხანდაზმულია და თითოეულ მათგანს საკუთარ უწყებაში შიდა პრობლემები აქვს, რადგან ამ ორგანიზაციებში უკვე 15 წელია რეალური საკადრო წინსვლა არ მომხდარა.
ეს უზარმაზარი პრობლემაა, რადგან სრულიად გაუგებარია, ვინ გახდება ფიგურა, რომელსაც უშიშროების სამსახურები დაემორჩილებიან. კიდევ ერთი საინტერესო კითხვაა, ვინ ითამაშებს ჟუკოვის როლს? ასეთი ფიგურა შეიძლება სუროვიკინი იყოს, თუმცა ის ჯერ კიდევ ჩრდილოეთ აფრიკაშია „გადასახლებული“.
სუროვიკინი ერთადერთი ოთხვარსკვლავიანი გენერალია რუსეთში, რომელსაც შესაძლოა პრეტენზია ჰქონდეს გარკვეულ პოლიტიკური წონაზე".
რადიო თავისუფლება: იქნებ სუროვიკინიც ისეთივე შემართებით და რიხით დაბრუნდეს, როგორითაც ჟუკოვი შემოდის არმანდო იანუჩის ცნობილ ფილმში?
ჯულიან უოლერი: შესაძლოა. ფაქტია, პრიგოჟინმა სცენა დატოვა, სუროვიკინი კი ერთადერთი ოთხვარსკვლავიანი გენერალია რუსეთში, რომელსაც შესაძლოა პრეტენზია ჰქონდეს გარკვეულ პოლიტიკური წონაზე. თუმცა ეს მაინც საკმაოდ არაორდინარული სცენარი იქნებოდა.
კიდევ ერთი კითხვაა, ვინ იქნება ხრუშჩოვის ფიგურა? ვინ არის პარტიული აპარატის ჯილა? საბოლოოდ ხომ სწორედ ხრუშჩოვმა გაიმარჯვა. დღევანდელ სისტემაში მთავარი პარტიული და პოლიტიკურ-ორგანიზაციული ფიგურა, სავარაუდოდ, კირიენკოა. იდეოლოგიური კურსის ფორმირებისას ის მოვლენების ეპიცენტრშია. მისი მფარველობითა და რესურსებით მუშაობს არაერთი აკადემიური და ანალიტიკური ინსტიტუტიც. რუსეთში სხვა, ნაკლებად ხისტი პოლიტიკური სისტემა რომ ყოფილიყო, კირიენკო ძალიან ძლიერი კანდიდატი იქნებოდა.
მაგრამ ამ უმოწყალო სისტემის პირობებში ჩემთვის გაუგებარია, როგორ უნდა მოხვდეს ის ხელისუფლების სათავეში, თუ ელიტის საკვანძო წევრები მის წინ წამოწევაზე წინასწარ არ შეთანხმდებიან. დაბოლოს, უნდა ვახსენოთ დიუმინიც, რომელიც საკმაოდ უჩვეულო ეგზემპლარია. ბოლომდე ნათელი არ არის, როგორ ჯდება ის ამ სურათში, თუმცა პოსტსაბჭოთა რუსეთის პოლიტიკაში ანტურაჟისა თუ პირადი დაცვის ყოფილი წევრების მიერ განსაკუთრებული გავლენების მოპოვების ტრადიცია უკვე ჩამოყალიბდა, თუნდაც იგივე პუტინი რომ გავიხსენოთ, რომელიც თავის დროზე სობჩაკის ჩემოდნებს დაათრევდა.
საგულისხმოა ისიც, რომ ბევრი რუსი ჟურნალისტი დიუმინს მუდმივად სწორედ ამ კონტექსტში ახსენებს. ამავდროულად, ორი წლის წინ, კრემლში განხორციელებული საკადრო გადაადგილებების დროს, ის სახელმწიფო საბჭოში გადაიყვანეს.
სახელმწიფო საბჭო და უშიშროების საბჭო პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ორგანოებია. ავტორიტარულ იერარქიაში ისინი პრეზიდენტს ექვემდებარებიან, თუმცა სწორედ მათშია თავმოყრილი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ელიტა.
გარკვეული თვალსაზრისით, ეს თითქმის მონარქის კარის სათათბიროს ჰგავს, ადგილს, სადაც მკაფიოა, სინამდვილეში ვის რა წონა აქვს. ამიტომ დიუმინის იქ გადაყვანა, ალბათ, გაცილებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
ფორუმი