კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახე და ტელეარხ RT-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი, საზოგადოების ყურადღებას სკანდალური და აგრესიული განცხადებებით იპყრობს. იგი ცნობილი გახდა საქართველოს მიმართ გაჟღერებული სარაკეტო მუქარებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომისა და „ბოლომდე ჩახოცვის“ მოწოდებებით, რის გამოც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ბრალი წაუყენა, და სომხეთის ხელისუფლების წინააღმდეგ მკვეთრი თავდასხმებით, რამაც ამ ქვეყანაში მისი პერსონა ნონ გრატად გამოცხადება გამოიწვია. ბრიტანული მედიის მიერ შერქმეული „მადამ თახვის“ (Madame Beaver) სახელით ცნობილი კრემლთან დაახლოებული ჟურნალისტის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა მისი პირადი ცხოვრების, მეუღლის გარდაცვალებისა და მძიმე სენთან - კიბოსთან ბრძოლის დეტალების ფონზე.
სიმონიანი საქართველოზე
მარგარიტა სიმონიანის ბოლო ნათქვამი საქართველოზე, მეფე ერეკლე მეორემ „მუხლებზე დამდგარმა სთხოვა რუსეთს“ მფარველობა, ”დედა-რუსეთი თავისას იბრუნებს“ და მომავალშიც გამოჩნდებიან „ახალი მეფე ერეკლეები“, რომლებიც რუსეთს „მუხლებზე დაჩოქილები სთხოვენ სახლში დაბრუნებასო“, ბლოგერმა თორნიკე რაზმაძემ უცენზურო ფრაზით გააკრიტიკა. ახლა რაზმაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სოც-ქსელების მონიტორინგის დეპარტამენტი წვრილმან ხულიგნობას ედავება ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის გამო.
ეს სიმონიანის პირველი განცხადება არ იყო საქართველოზე. აქ მხოლოდ რამდენიმეს ვიხსენებთ.
2023 წლის მარტში, საქართველოში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ფონზე, RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი თბილისს რაკეტების დარტყმით დაემუქრა. 10 მარტს სიმონიანმა თავის Telegram-არხზე დაწერა, რომ 2008 წლის მოვლენების განმეორების შემთხვევაში, „თბილისს უბრალოდ პირდაპირ თხლიშავენ“.
სიმონიანი ეჭვობდა, რომ თბილისში დაწყებული “მთელი ეს აჟიოტაჟი”, მათ შორის მომიტინგეთა სკანდირება: “სოხუმი! სოხუმი!”, რუსეთისთვის მეორე ფრონტის გასახსნელად იყო საჭირო.
“რადგან ჩემი დაუვიწყარი მეგობრის, სტივენ კოენის გარდაცვალების შემდეგ, მათ კრემლოლოგები აღარ დარჩათ და არც არავინაა, ვინც ეტყვის, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების განმეორების შემთხვევაში საქართველოსთან არავინ დაიწყებს ლოლიაობას და იქ ჯარების გაგზავნას - უბრალოდ, პირდაპირ თხლიშავენ თბილისს ისე, რომ დიდად არც კი დაგიდევენ, თუნდაც იმიტომ, რომ:
ა) ახლა სენტიმენტებისთვის არავის სცალია;
ბ) თბილისში კიევ-პეჩერის ლავრა არ არის;
გ) ჩვენთან არასოდეს არავის ჩაუთვლია და არც ახლა თვლის, რომ რუსები და ქართველები ერთი ხალხი ვართ, ხოლო რუსეთის ფედერაცია არასოდეს ყოფილა „თბილისის რუსეთი“.
ასე რომ, ტყუილად წამოიწყეთ ეს ყველაფერი. დაგენდოთ ეს ლამაზი ქალაქი და მისი ტემპერამენტიანი მოსახლეობა. მით უმეტეს, თუ თავად ისინი საკუთარ თავს არ უფრთხილდებიან”, - დაწერა მაშინ მარგარიტა სიმონიანმა.
თბილისის დაბომბვის შესახებ მან მომდევნო დღეებში რუსეთის ცენტრალური არხების არაერთ ეთერში ილაპარაკა.
ორიოდე დღით ადრე (08.03.2023) ოკუპირებული აფხაზეთის მაშინდელმა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამაც განაცხადა, რომ “მიმდინარე წლის მარტში ამერიკელები შეეცდებიან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას“ და, რომ “შეერთებული შტატების მთავარი მიზანი სამხრეთ კავკასიაში „მეორე ფრონტის“ გახსნაა”.
2023 წლის 12 მარტს ტვ „იმედის” ეთერში საუბრისას საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც მიანიშნა, რომ საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ უბიძგებდნენ.
“სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ჩვენ აქ არ დავუშვებთ მეორე ფრონტს. ეს არის გამორიცხული. ამაზე არავინ არ უნდა ფიქრობდეს, ილუზია არავის არ ჰქონდეს, - თქვა მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა, - ჩვენ არავის წინააღმდეგი არ ვართ. ყველა ქვეყანას და ყველა სახელმწიფოს აქვს თავისი ინტერესები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები და ჩვენ გვაქვს უფლება, გვქონდეს საკუთარი ინტერესები და დავიცვათ ჩვენი საკუთარი ინტერესები.“
სწორედ ამ „ჩვენი საკუთარი ინტერესების“ (როგორც ეკონომიკური, ასევე ომის თავიდან აცილების) არგუმენტით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, არ შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ორმხრივ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს. მოსკოვმა „ქართული ოცნების“ ეს პოზიცია დადებით სიგნალად მიიღო და პასუხად საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გაამარტივა.
2023 წლის 10 მაისს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის აღდგენას მიესალმა მარგარიტა სიმონიანი, რომელიც ორი თვით ადრე თბილისს სარაკეტო იერიშითა და განადგურებით ემუქრებოდა. სიმონიანის თქმით, საქართველომ უვიზო რეჟიმი თავისი “სწორი ქცევით” დაიმსახურა:
“პრეზიდენტი, რომელიც ჩვენს მშვიდობისმყოფელებს დაესხა თავს (იგულისხმება მ. სააკაშვილი. რ.თ.), ქართველებმა უკვე თავად ჩასვეს ციხეში; სანქციებს არ შეუერთდნენ, მეორე ფრონტი არ გახსნეს მიუხედავად იმისა, რომ ამის გასაკეთებლად საკმაოდ ძლიერად აწვებოდნენ და აიძულებდნენ. ასე თუ გაგრძელდა, იქნებ მომავალ 9 მაისს მოსკოვშიც ჩამოვიდნენ“.
რუსეთის მთავრობამ 2023 წლის 10 მაისს განაცხადა, რომ 15 მაისიდან აუქმებდა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს და პირდაპირ ავიამიმოსვლაზე დაწესებულ აკრძალვას ხსნიდა. განკარგულებებს ვლადიმირ პუტინმა მოაწერა ხელი.
უკრაინასა და უკრაინელ ბავშვებზე
2024 წლის 1 აპრილს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) RT-ის მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს, დაუსწრებლად წაუყენა ბრალი გენოციდის, ომის პროპაგანდისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მუხლებით.
„გამოძიების მონაცემებით, სიმონიანმა ერთ-ერთმა პირველმა დაუჭირა მხარი რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრასა და რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაშაულებს. ახალ დოკუმენტირებულ დანაშაულებს შორისაა სიმონიანის საჯარო მოწოდებები უკრაინელი ბავშვების მასობრივი მკვლელობისკენ, რომლებიც მან 2023 წლის დეკემბერში გააკეთა. გარდა ამისა, მან არაერთხელ მოუწოდა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმების გაგრძელებისკენ. მარგარიტა სიმონიანი რეგულარულად ავრცელებს კრემლის ნარატივებს როგორც საკუთარ Telegram-არხზე გამოქვეყნებული საავტორო პოსტებით, ისე რუსული ტელეარხების ეთერში. უპირველეს ყოვლისა, საუბარია მის მონაწილეობაზე პროპაგანდისტ ვლადიმირ სოლოვიოვის სატელევიზიო გადაცემაში“, - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
მარგარიტა სიმონიანმა ბრალდების პასუხად რუსეთის „პირველ არხს“ უთხრა, რომ არასოდეს მოუწოდებია არც ბავშვების დახოცვისკენ და არც გენოციდისკენ:
„რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ, რომ ჩემზე თავდასხმის მომზადება პირველად არ დაუწყიათ. მათ უნდა აჩვენონ, რომ ეს ქალი უბრალოდ ჟურნალისტი კი არა, უბრალოდ მრავალშვილიანი დედაც კი არა, არამედ ნამდვილად იმსახურებს, რომ მოკლან. და რით დაიმსახურა? იმით, რომ, აი, შეხედეთ, იგი უკრაინელი ბავშვების მოკვლისკენ მოუწოდებდა. მე საჯარო ადამიანი ვარ. ვინც მიცნობს, ყველამ შესანიშნავად იცის, რომ მე ამისკენ არ მომიწოდებია“.
თუმცა მარგარიტა სიმონიანის Telegram-არხზე იძებნება 2023 წლის 23 დეკემბრის პოსტი, რომელშიც მოცემულია მისი გამოსვლის ვიდეოფრაგმენტი НТВ-ის გადაცემიდან „საკუთარი სიმართლე“(„Своя правда“), სადაც ვერჩახოცილი უკრაინელებისა და მათი შთამომავლების განადგურების აუცილებლობაზე ლაპარაკობს:
„ეს ბანდეროვშინა შვიდი-რვა წლის წინ არ დაწყებულა. საერთოდაც, არანაირად არ არის შვიდი-რვა წლის ამბავი. ეს, ფაქტობრივად, იმ დროიდან არსებობს, რაც ბანდერა იყო. მახსოვს, დედაჩემი მიყვებოდა, მე პატარა ვიყავი, 90-იანი წლების დასაწყისში. როგორც ჩვენს ქვეყანაში ბევრი ადამიანი, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში უმუშევარი დარჩა, საბჭოთა კავშირი დაიშალა, ის კი ორი უმაღლესი განათლებით, დიპლომირებული თარჯიმანი და მასწავლებელი, იძულებული გახდა, ევაჭრა, გაურკვეველი ნივთებით სავსე ჩანთები ეტარებინა პოლონეთში და უკან - ლუკმა პურის საშოვნელად. მაშინ ის ამბობდა, რომ პოლონეთში რუსულად ლაპარაკი საშიში იყო, მაგრამ დასავლეთ უკრაინაში კიდევ უფრო საშიშიაო. 1992 წელია. საბჭოთა კავშირი ერთი წლის წინ დაიშალა. სტალინის დროს ისინი ათასობით, “პაჩკობით” ჩასვეს ციხეში, ხრუშჩოვის დროს კი ასევე მასობრივად გამოუშვეს, ხომ ასეა? და ვინ აღმოჩნდნენ ისინი? დასახოცები, ვინც ბოლომდე განადგურებას გადაურჩნენ. ამიტომ ეს არც შვიდი და არც რვა წლის ამბავია. ეს იმის შედეგია, რომ ამ დასახოცებს შვილები და შვილიშვილები ჰყავდათ, თავად კი თავის დროზე ბოლომდე ვერ ჩახოცეს. ამიტომ ამჯერად მათი ბოლომდე ჩახოცვა მოგვიწევს“.
სიმონიანი განსაკუთრებული აქცენტით სამჯერ იმეორებს სიტყვას „ვერჩახოცილები“ და პირდაპირ აცხადებს, რომ მოუწევთ დასავლეთ უკრაინელებისა და მათი შვილებისა და შვილიშვილების „ჩახოცვა“.
უკრაინელი ბავშვების დახოცვის მოწოდებამ ხმამაღლა გაიჟღერა (2022 წ.) მარგარიტა სიმონიანის დაქვემდებარებაში მყოფი RT-ის (Russia Today) ეთერიდანაც, როცა ამ პროპაგანდისტული არხის რუსულენოვანი მაუწყებლობის დირექტორმა, ანტონ კრასოვსკიმ “პროპაგანდის მსხვერპლი ბავშვების” შესახებ ასეთი აზრი გამოთქვა:
„ეს ბავშვები პირდაპირ უნდა დაახრჩო, მდინარეში დაახრჩო. ეს თქვენი მეთოდი არ არის, თქვენ ინტელიგენტი ადამიანები ხართ (გადაცემის სტუმარს მიმართავს. რ.თ.), მაგრამ ეს ჩვენი მეთოდია. როგორც კი იტყვიან, „მოსკალებმა მოახდინეს ოკუპაცია, მაშინვე უნდა აიღო და მდინარეში ჩააგდო, სადაც ძლიერი, მძლავრი დინებაა“. <...> მათთან ყველა ქოხს „სმერეკოვას ხატას“ ეძახიან. ჰოდა, პირდაპირ ამ „სმერეკოვას ხატაში“ უნდა შეყარო ისინი და დაწვა“.
ამ ეთერიდან ოთხი დღის შემდეგ მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიამ გაწყვიტა თანამშრომლობა ანტონ კრასოვსკისთან.
„ანტონ კრასოვსკის განცხადება უცნაური და ამაზრზენია. შესაძლოა, ანტონმა ახსნას, რამ გამოიწვია ეს დროებითი სიგიჟე. ძნელი დასაჯერებელია, რომ კრასოვსკი გულწრფელად თვლის, რომ ბავშვები უნდა დაიხრჩონ“, - თქვა მარგარიტა სიმონიანმა.
სომხეთზე
მარგარიტა სიმონიანს არაერთხელ გაუკეთებია მკვეთრი და სკანდალური განცხადებები სომხეთის, მისი ხელმძღვანელობისა და ისტორიის მისამართით.
სიმონიანი აცხადებდა, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებისა და „ანტირუსული კურსის“ შემთხვევაში, სომხეთი „როგორც სახელმწიფო, არსებობას შეწყვეტდა“ და ის „საერთოდ აღარ იქნებოდა“.
2020 წლის 18 ივლისს (მთიანი ყარაბაღის 44-დღიანი ომის დაწყებამდე ორი თვით ადრე) მარგარიტა სიმონიანმა საკუთარ Telegram-არხზე გამოაქვეყნა ვრცელი მიმართვა, რომლის ადრესატი სომხეთის პროდასავლური ხელისუფლება იყო:
“სომხეთის ხელისუფლებას მივმართავ. სწორედ ხელისუფლებას და არა ხალხს, რომლის ნაწილიც თავად ვარ. გარედან შეხედეთ საკუთარ თავს. შეხედეთ, რას აკეთებთ. როგორ იქცევით. როგორი სომხები ხართ?
სომხები პატიოსანი, კეთილშობილი და მადლიერი ხალხია. ყოველთვის ასეთი იყო. თქვენ კი იქცევით, როგორც …
რუსეთისგან მიღებული მრავალწლიანი სიკეთისა და დაცვის საპასუხოდ, თქვენ ყირიმი არ აღიარეთ. იმიტომ, რომ ეს სომხეთის შიდა საქმეა.
მხოლოდ პოლიტიკური შურისძიების გამო ციხეში ჩასვით რობერტ ქოჩარიანი - რუსეთის უცვლელი მოკავშირე. სპეციალურად, დემონსტრაციულად ჩასვით, პირდაპირ სახეში შეაფურთხეთ თქვენს „რუს მეგობრებს“. იმიტომ, რომ ეს სომხეთის შიდა საქმეა.
თქვენ ქვეყანა გაავსეთ ანტირუსული არასამთავრობო ორგანიზაციებით, რომლებიც თქვენს ტერიტორიაზე ახალგაზრდებს ასწავლიან, როგორ დაამხონ ხელისუფლება რუსეთში. თქვენ კავკასიაში ანტირუსული ძალების პლაცდარმად იქეცით. იმიტომ, რომ ეს სომხეთის შიდა საქმეა.
თქვენ რუსი ბიზნესმენები ქვეყნიდან გააძევეთ. სომხეთში არაფრის არსებობა არ გსურთ, რაც რუსეთთან არის დაკავშირებული. იმიტომ, რომ ეს სომხეთის შიდა საქმეა.
თქვენი მედიები და სოცქსელები ტალახს ესვრიან რუსეთს, პუტინს და ყველას, ვინც პუტინს უჭერს მხარს - განსაკუთრებით რუს სომხებს (მაგალითად, მე). თქვენ ისედაც გაქრობის პირას მყოფი სომეხი ხალხი დაყავით მტრებად - რუს სომხებად და „ნამდვილებად“ - მათ, ვინც თქვენი ხელისუფლების მხარდაჭერას განაგრძობს. იმიტომ, რომ ეს სომხეთის შიდა საქმეა.
ახლა კი, როცა თქვენს საზღვართან ომია, როცა თავად თქვენი რეჟიმის არსებობა საფრთხეშია, როცა მთელი მსოფლიოს სომხებმა უკვე დაინახეს გაცოცხლებული იანიჩარები და მათი მოხრილი ხმლების ლანდები, რომლებითაც ჩვენს წინაპრებს ხოცავდნენ, თქვენ გაგახსენდათ, რომ რუსეთმა კვლავ უნდა გიხსნათ. განა ეს სომხეთის შიდა საქმე არ არის?
ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის მიმართ გამოვლენილი მთელი იმ ბოროტებისა და დუჟმორეული ზიზღის შემდეგ, განა თქვენ და თქვენს საინფორმაციო ჯარებს დახმარების მოლოდინის უფლება გაქვთ?
სინამდვილეში, ყველაფრის შემდეგ, რაც გააკეთეთ, რუსეთს სრული მორალური უფლება აქვს, მოგაფურთხოთ და გაგსრისოთ. მაგრამ ის ასე არ მოიქცევა. დარწმუნებული ვარ. ამჯერადაც დაგეხმარებათ. იმიტომ, რომ რუსეთი ასეთია. დიდსულოვანი და კეთილშობილი, ჩემი სამშობლო, ჩემი მშვენიერი სამშობლო”.
რუსეთის ფედერალური ტელევიზიის ეთერში მარგარიტა სიმონიანი ასევე ამტკიცებდა, რომ რუსეთის იმპერიასთან „შეერთებამდე“ სომხეთი იყო მხოლოდ „ეთნოსი“, რომელსაც საკუთარი სახელმწიფოებრიობა არ გააჩნდა და, რომელმაც მხოლოდ რუსეთის დახმარებით შეძლო გადარჩენა და განვითარება.
„რას აკეთებდა რუსეთი? რუსეთი თავის შემადგენლობაში აერთიანებდა ერებს, ქვეყნებს, სახელმწიფოებრიობის არმქონე ტომთა გარკვეულ ერთობებს, მათ შორის ჩემს ეთნოსსაც - სომხებს, და ამ ეთნოსს საშუალებას აძლევდა, განვითარებულიყო თავისი კულტურის, თავისი ფასეულობებისა და თავისი ენის შესაბამისად“.
მარგარიტა სიმონიანის ამ განცხადების აბსურდულობაზე ყურადღება გაამახვილეს რუსმა ბლოგერებმა, რომელთა თქმით: „დიდი რუსეთის“ შესახებ ბოდვის გამო პუტინისტები საკუთარ ხალხზეც კი იტყუებიან. სომხეთის სახელმწიფო პირველად ძვ. წ. IV საუკუნეში წარმოიშვა - რუსეთის სახელმწიფოს წარმოშობამდე თითქმის ორი ათასწლეულით ადრე”.
2023 წლის მარტიდან მარგარიტა სიმონიანს სომხეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება - ქვეყნის შესახებ მანამდე გაკეთებული პროვოკაციული განცხადებების გამო.
„სომხეთი სუვერენული სახელმწიფოა და უფლება აქვს, მის მიმართ პატივისცემით მოპყრობას ელოდოს. ასევე, სომხეთს უფლება აქვს, თავისი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული განზრახვების შემთხვევაში, მის ხელთ არსებული სუვერენული მექანიზმები გამოიყენოს“, - განაცხადა სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
Madame თახვიჭამია
მარგარიტა სიმონიანს აქვს საქვეყნოდ ცნობილი მეტსახელი - თახვიჭამია (Боброедка), რომელიც მას პუტინის 2012 წლის ბოლოს შეარქვეს.
ახალი წლის წინ სიმონიანმა Twitter-ზე (ამჟამად X) დაწერა, რომ ცხოვრებაში პირველად აპირებდა თახვის ხორცის გასინჯვას და იქვე დეტალური კულინარიული რეცეპტიც გამოაქვეყნა:
„საბოლოოდ, ბულიონისთვის მოვხარშავ თახვის თავს ხახვთან, სტაფილოსა და დაფნის ფოთოლთან ერთად. დანარჩენ ხორცს დავამარინადებ მთელი ღამით... ხვალ ჯერ შევწვავ, შემდეგ კი მოვთუშავ“.
ჟურნალისტის ამგვარმა უჩვეულო გასტრონომიულმა გემოვნებამ მომხმარებლები შოკში ჩააგდო და ხუმრობების, პაროდიებისა და კრიტიკის დაუსრულებელი ტალღა გამოიწვია. რუსეთის ოპოზიციის მაშინდელმა ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ და მისმა მხარდამჭერებმა ეს თემა აქტიურად აიტაცეს, რის შემდეგაც სიმონიანს მეტსახელი „თახვიჭამია“ სამუდამოდ მიეკრა.
2021 წელს მარგარიტა სიმონიანმა ნავალნის, რომელიც მაშინ სასჯელაღსრულების კოლონიაში იმყოფებოდა, გაუგზავნა კულინარიული დელიკატესებით სავსე ამანათი, რომელშიც თახვის ხორცის ძეხვი და თახვის შებოლილი კუდი იყო.
2024 წლის თებერვალში ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ The Times-მა გამოაქვეყნა რუსული პროპაგანდის შესახებ სტატია, რომელშიც RT-ის (Russia Today) ხელმძღვანელი პირდაპირ მოიხსენია როგორც „Bobroedka“ („თახვიჭამია“, ინგლისური განმარტებით beaver-eater) და „Madame Beaver“ („მადამ თახვი“).
The Times-ის პუბლიკაციას Telegram-არხზე გამოეხმაურა მარგარიტა სიმონიანი, რომლის თქმითაც, „ინგლისური იუმორი კნინდება“.
პირადი ცხოვრება და კიბოსთან ბრძოლა
მარგარიტა სიმონიანი აცხადებდა, რომ იურიდიული ქორწინების მიმართ ყოველთვის ფრთხილი დამოკიდებულება ჰქონდა: „ბევრი უბედური გათხოვილი ქალი მინახავს, ამის გამო ქორწინების მიმართ ზიზღი გამიჩნდა“. ოფიციალური ქორწინება რომ მისი საქმე არ იყო, სიმონიანმა 2012 წლის ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, ექვსი წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში ვიმყოფებოდი ჟურნალისტ და პროდიუსერ ანდრეი ბლაგოდირენკოსთანო.
2022 წლიდან სიმონიანი ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა (თუმცა ერთად ცხოვრობდნენ 2012 წლიდან) რეჟისორ, პროდიუსერ და ტელეწამყვან ტიგრან კეოსაიანთან (1966–2025). 2013 წლის აგვისტოში წყვილს შეეძინა ქალიშვილი მარიანა, 2014 წლის სექტემბერში - ვაჟი ბაგრატი, ხოლო 2019 წლის 19 ოქტომბერს - ქალიშვილი მარო.
2024 წლის დეკემბრის ბოლოს კეოსაიანმა, რომელიც ასევე პუტინის რეჟიმის მხურვალე მხარდამჭერი და პროპაგანდისტი იყო, კლინიკური სიკვდილი გადაიტანა და კომაში ჩავარდა. ცხრა თვის შემდეგ, 2025 წლის 26 სექტემბერს, იგი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
2025 წლის 7 სექტემბერს (ქმრის გარდაცვალებამდე სამი კვირით ადრე) მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა, რომ მას „საშინელი, მძიმე დაავადება“ დაუდგინეს და, რომ გულმკერდის არეში ოპერაციის გაკეთება უწევდა. 9სექტემბერს დაწერა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
2026 წლის 8 სექტემბერს (დიაგნოზის დასმიდან ერთი წლის თავზე) მარგარიტა სიმონიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება უწევდა და, რომ პროცედურის შემდეგ მისი „განაჩენი“ გამოცხადდებოდა.
„მეტყვიან, ვიცოცხლებ თუ არ ვიცოცხლებ“, - აღნიშნა მან.
რამდენიმე საათის შემდეგ სიმონიანმა თავის Telegram-არხზე გამოაქვეყნა ხმოვანი შეტყობინება: „მადლობა, მადლობა ყველას. მადლობა ღმერთს, ყველაფერი სუფთაა“.
ფორუმი