2026 წლის 18-20 სექტემბერს რუსეთში მეცხრე მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები გაიმართება. 450 დეპუტატიდან 225-ს ერთმანდატიან ოლქებში აირჩევენ, კიდევ 225 მანდატი კი პარტიულ ფედერალურ სიებზე გადანაწილდება. სახელმწიფო სათათბიროს უფლებამოსილების ვადა ხუთი წელია. ამავე დღეებში რუსეთის რვა რეგიონში პირდაპირი კენჭისყრით აირჩევენ გუბერნატორებს, სამ რეგიონში კი - პარლამენტის ხელმძღვანელებს. 39 რეგიონში გაიმართება ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოების არჩევნებიც. ხმის მიცემა სამ დღეს გაგრძელდება. მოქალაქეებს შეუძლიათ ბიულეტენის შევსება როგორც საარჩევნო უბანზე, ისე ელექტრონულად .
არჩევნები არჩევანის გარეშე
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად, ომის, ეკონომიკური სტაგნაციის, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონებით თავდასხმების გამო საწვავის დეფიციტის ფონზე, რუსეთი სახელმწიფო სათათბიროს წევრებს ირჩევს.
პოლიტიკის ანალიტიკოსთან თქმით, მიუხედავად იმისა, ხმის მიცემის პროცესი სამი დღე (18–20 სექტემბერი) გაგრძელდება, ოფიციალური შედეგები კი 22 სექტემბრისთვის გამოცხადდება, წინასწარ ცნობილია, რომ მმართველი პარტია „ედინნაია როსსია“, რომელიც ოც წელზე მეტია დომინირებს როგორც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში, ისე ქვეყნის მასშტაბით საკანონმდებლო ორგანოებსა და რეგიონულ მთავრობებში, შეინარჩუნებს ან გაზრდის საპარლამენტო უმრავლესობას.
ვლადიმირ პუტინის 25 წლიანი მმართველობის განმავლობაში კრემლი თანმიმდევრულად და სულ უფრო ძლიერად ახშობდა განსხვავებულ აზრს, პოლიტიკური ცხოვრებიდან რიყავდა ოპონენტებს და მანიპულირებდა არჩევნებით, რის გამოც მოულოდნელობებისთვის სულ უფრო ნაკლები სივრცეა დარჩენილი. დღეს სახელმწიფო სათათბირო, ფაქტობრივად, აღარ წარმოადგენს დამოუკიდებელი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ცენტრს. პუტინის ადმინისტრაციამ დუმა აქცია ინსტიტუტად, რომელიც ფორმალურად ამტკიცებს კრემლის პოლიტიკურ კურსს და უსიტყვოდ ამტკიცებს კრემლის კანონებს.
მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ცნობილია გამარჯვებულის ვინაობა, რატომ არის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები მნიშვნელოვანი კრემლისთვის? - ამ კითხვის პასუხად რუსი პოლიტოლოგი, ივან პრეობრაჟენსკი ამბობს, რომ კრემლი ატარებს „სპეციალურ საარჩევნო ოპერაციას“ რამდენიმე მიზნით:
I - ეს რეჟიმის გარკვეული ლეგიტიმაციის საშუალებაა. რუსეთში არავის სჯერა, რომ არჩევნებზე რეალურად ვინმეს ირჩევენ. ამაში ამომრჩეველთა უმრავლესობასაც კი არ სჯერა. მაგრამ, ამავე დროს, ეს ერთგვარი ფიცის დადებაა: მიდიხართ არჩევნებზე და აჩვენებთ, თითქოს თავად აირჩიეთ ხელისუფლება. ამით კი საკუთარი ლოიალობა დაადასტურეთ. ეს მნიშვნელოვანი მომენტია.
II - ახალი პოლიტიკური ბალანსის ჩამოყალიბება. სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები, საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისთვის გავლენის გადანაწილების შესაძლებლობას ქმნის. ისინი ცდილობენ, ხელისუფლების სხვადასხვა ფრაქციის გავლითა და პარტიულ სიაში ჩაწერით, საკუთარი ხალხის პარლამენტში შეყვანას. საუბარია „ერთიანი რუსეთის“, რუსეთის კომუნისტური პარტიის, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიისა (ЛДПР) და „ახალი ადამიანების“ პარტიულ სიებზე, რომლებიც ასე თუ ისე გამოხატავენ პუტინის გარემოცვაში არსებული სხვადასხვა ჯგუფისა და რეგიონული ელიტების ინტერესებს. ეს უკანასკნელებიც ცდილობენ, თავიანთი ლობისტები სახელმწიფო სათათბიროში გაიყვანონ. შესაბამისად, მიმდინარეობს გავლენისთვის ბრძოლა.
III - ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ე.წ. „კრემლის კოშკებს” შორის ბრძოლა, როგორც ამას კონსპირაციულად უწოდებენ. კონკრეტულად ამ არჩევნებს, ჩემი აზრით, არა კრემლის ადმინისტრატორები ან პოლიტტექნოლოგები - სერგეი კირიენკო და მისი გუნდი აკონტროლებენ, არამედ უშუალოდ სპეცსამსახურები, პირველ რიგში, ФСБ, რომელიც ამ არჩევნების კურატორად ოფიციალურად დაინიშნა 2026 წლის გაზაფხულზე, კრემლში გამართულ თათბირებზე. ამიტომ მთავარი კითხვა ასეთია: არჩევნების შემდეგ ვის დარჩება კონტროლი რუსეთის შიდა პოლიტიკაზე? ეს პრინციპული საკითხია. 2012 წლის შემდეგ კრემლმა თანდათან დაიბრუნა შიდა პოლიტიკაზე კონტროლი, რომელიც მანამდე ძალოვან სტრუქტურებს ჰქონდათ. მაგრამ თუ წელს ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც ახლა ვითარდება, საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ ეს კონტროლი კვლავ ძალოვანების ხელში დარჩეს. შესაბამისად, ისინი შიდა პოლიტიკას იმ მეთოდებით წარმართავენ, რომლებიც მათთვის ყველაზე ნაცნობია - უხეში, სწორხაზოვანი, ხისტი და რეპრესიული მეთოდებით.
რატომ არ დაუშვეს „იაბლოკო“ - მეტ-ნაკლებად რეალური ოპონენტი?
რუსეთის მე-9 მოწვევის პარლამენტი თითქმის 100%-იანი ალბათობით ისეთივე იქნება, როგორც იყო მე-8 მოწვევის დუმა: მმართველი „ედინნაია როსსიას“ გარდა, ბარიერს გადალახავენ მხოლოდ კომუნისტები, ჟირინოვსკის ლიბერალ-დემოკრატები (ЛДПР) და ხელისუფლების მიერ 2020 წლის არჩევნების წინ შექმნილი ე.წ. პარტია-სპოილერი „ნოვიე ლიუდი“ („ახალი ადამიანების“). რუსეთის ხელისუფლების ადმინისტრაციული რესურსების, საინფორმაციო სივრცის სრული კონტროლისა და შეუზღუდავი ფინანსური რესურსების გათვალისწინებით, პარტია “იაბლოკოს”, რომელიც ღიად გამოდის ომის წინააღმდეგ, პარლამენტში მოხვედრის თითქმის ნულოვანი შანსი ჰქონდა, თუმცა მას რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.
რატომ?
პოლიტოლოგ, რუსლან აისინის თქმით, არჩევნები მთელი სისტემის, ნომენკლატურისა და პოლიტიკური კლასის ერთგვარი სტრეს-ტესტია.
„ცხადია, ხელისუფლებას აქვს ყველა შესაძლებლობა, არჩევნები გააყალბოს და მისთვის სასურველი შედეგი მიიღოს, - ამბობს პოლიტოლოგი, - მაგრამ ამ შემთხვევაში ის შეიძლება ძლიერ სოციალურ პროტესტს შეეჯახოს. მსგავსი რამ უკვე მოხდა 2011-2012 წლებში, როდესაც არჩევნებით გამოწვეულმა უკმაყოფილებამ გამოიწვია მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც მოგვიანებით „ბოლოტნაიას აქციების“ სახელით შევიდა ისტორიაში. დღეს რუსეთში, რა თქმა უნდა, ვითარება განსხვავებულია. მაგრამ მთლიანობაში ქვემოდან უკმაყოფილება იზრდება და მისი სრულად ჩახშობა შეუძლებელია. შეუძლებელია უბრალოდ აიღო და ყველაფერს „მოუჭირო“ და ამავდროულად არანაირი შედეგი არ მიიღო“.
პარტია „იაბლოკო“ - დიდი ხნის განმავლობაში რუსეთში ლიბერალური ბანაკის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი, რომელსაც 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან სახელმწიფო სათათბიროში (რუსეთის პარლამენტში) წარმომადგენლობა აღარ ჰყოლია. თუმცა პარტია მაინც ასრულებდა ერთგვარი „სარქვლის“ როლს, რომელიც საზოგადოებაში დაგროვილი დაძაბულობის განმუხტვის საშუალებას იძლეოდა. ომის მოწინააღმდეგე რუსებს შეეძლოთ საკუთარი პროტესტი „იაბლოკოსთვის“ ხმის მიცემით გამოეხატათ. 2026 წლის აგვისტოში მოსკოვის სასამართლომ პარტიას სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აუკრძალა და ამის მიზეზად გამოგონილი იურიდიული პრეტენზიები დაასახელა. „იაბლოკო“ ერთადერთი რუსული პარტია იყო, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტის მოთხოვნით გამოდიოდა. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტია ფედერალური საარჩევნო ბიულეტენიდან ამოიღო. რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტიის საჩივარი არ დააკმაყოფილა, ხოლო სასამართლოს შენობასთან, საქმის განხილვის დროს, 70-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
რუსლან აისინის თქმით, სწორედ საპროტესტო განწყობების ზრდის გამო დაიზღვია თავი რუსეთის ხელისუფლებამ, როცა არჩევნებიდან მოხსნა არასასურველი კანდიდატები და პარტია „იაბლოკო“, რომელსაც მანამდე სერიოზულ ძალად არ აღიქმებოდა:
“მიუხედავად იმისა, რომ „იაბლოკო“ მეინსტრიმული პოლიტიკური ცხოვრებიდან განდევნეს, მან ბოლო პერიოდში მხარდამჭერების შეძენა დაიწყო. არა იმიტომ, რომ ის უცებ ძალიან კარგი და შესანიშნავი გახდა, არამედ იმიტომ, რომ ადამიანებს სურთ პროტესტი გამოხატონ იმასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში ხდება. „იაბლოკო“, ასე თუ ისე, ამ პროტესტის მხარდამჭერ ხმებს აგროვებდა, რადგან დანარჩენი პარტიები ან კრემლის დღის წესრიგში არიან ჩართული, ან ღიად უჭერენ მას მხარს”.
არჩევნები, როგორც ომისა და პუტინის მხარდაჭერა
2026 წლის საპარლამენტო არჩევნები ეს არ არის პირველი საერთო-ეროვნული კენჭისყრა, რომელსაც რუსეთი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ ატარებს.
პუტინმა, რომელიც 1999 წლიდან რუსეთის მთავარი პოლიტიკური ფიგურაა, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით დაამარცხა სამი კანდიდატი, რომლებიც ფორმალურად ოპოზიციაში იმყოფებიან, თუმცა უმეტეს შემთხვევაში კრემლის ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ. მაშინაც კენჭისყრის წინ პუტინის გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის არჩევნებში პუტინმა ხმების 87,28% მიიღო, აქტივობამ კი 77,44% შეადგინა. ხმის მიცემა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ჩატარდა.
თუმცა კენჭისყრის შედეგების მიღმა, ასევე მნიშვნელოვანია სხვა მაჩვენებლებიც, რომლებსაც ყურადღებით აკვირდებიან, განსაკუთრებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, კრემლის გავლენიან სტრუქტურაში, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ რუსეთის შიდა პოლიტიკური სისტემა ლეგიტიმურობის თუნდაც გარეგნულ სახეს ინარჩუნებდეს. სპეციალისტების თქმით, დაბალი აქტივობა ნიშნავს აპათიურ ამომრჩეველს, ხოლო აპათია კრემლისა და მთლიანად პოლიტიკური სისტემის ლეგიტიმაციისთვის სახიფათოა.
„ეს არჩევნები კრემლისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის რეჟიმისა და უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ფორმალური ლეგიტიმაციის შესაძლებლობას იძლევა - აჩვენებს, რომ საზოგადოება კვლავ მხარს უჭერს კრემლის მილიტარიზებულ პოლიტიკურ კურსს, - უთხრა რადიო თავისუფლება ლონდონის ანალიტიკური ცენტრის, Chatham House-ის, რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის მკვლევარმა ნატალია კოვალიოვამ, - კრემლი ცდილობდა რთული ბალანსის პოვნას: ერთი მხრივ, საზოგადოებაში ომის მხარდაჭერის მობილიზებას, მეორე მხრივ კი ისეთი არჩევნების თავიდან აცილებას, რომელიც უკმაყოფილების ზრდას ან ომით დაღლილობას გამოავლენდა“.
რუსეთის მმართველი პარტია „ედინნაია როსსია“, რომელიც საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ხაზგასმით აღნიშნავდა ყველგან, რომ „პუტინის პარტიაა“, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში უმრავლესობას 2003 წლიდან ფლობს და მისი მესვეურები იმედოვნებენ, რომ ასე იქნება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაშიც.
„ერთიანი რუსეთის“ შედეგები წინა არჩევნებში: 2003 წ - 37,57%; 2007 წ - 64,3%; 2011 წ - 49,31%; 2016 წ - 54,2%; 2021 წ - 49,82%. პოლიტოლოგ დმიტრი ორეშკინის თქმით, 2026 წლის არჩევნების წინ „ედინნაია როსსიას“ რეალური მხარდაჭერა, სავარაუდოდ, დაახლოებით 30%-ია, რასაც 15% ან მაქსიმუმ 20%-ს დაუმატებენ და ჯამში მიიღებენ 45%-ს, რაც, მისივე თქმით, საკმაოდ რეალისტური მაჩვენებელია, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ მოხდება ვულგარული გაყალბება და რიცხვების მიწერა.
როგორც წესი, მმართველი პარტიის საარჩევნო სიებში პირველ ადგილებს იკავებენ ხოლმე პოპულარული პოლიტიკოსები ან ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, ე.წ. პარავოზები (ორთქლმავლები), რომლებიც შემდეგ დეპუტატის მანდატზე უარს ამბობენ. თუმცა ამ ზაფხულს „ერთიანმა რუსეთმა“, თითქმის 20 წლის შემდეგ პირველად, განაცხადა, რომ ის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პარტიის სახელით გამოდის, თუმცა, ცხადია, თვითონ პუტინი პარტიულ სიაში არ არის. სამაგიეროდ არიან უკრაინაში შეჭრის (ე.წ. „СВО“-ს) გმირები: საზღვაო ქვეითი ვლადისლავ გოლოვინი და რუსეთის სამხედრო კორესპონდენტი და ВГТРК-ის პროპაგანდისტი ევგენი პოდდუბნი.
მნიშვნელოვანია, რომ კენჭისყრამდე ორი დღით ადრე პუტინმა პირადად მოუწოდა რუსეთის მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისაკენ და, საზოგადოების უკმაყოფილებისა და აპათიის დაძლევის მიზნით, არჩევნები ომის მხარდაჭერის მაჩვენებლად წარმოაჩინა.
„თქვენი არჩევანი და თქვენი ნება კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ჩვენი ჯარის უკან მილიონობით ადამიანი დგას, რომ ჩვენ ერთი ხალხი ვართ, გაერთიანებული საერთო ღირებულებებით, ისტორიული მეხსიერებითა და სამშობლოს სიყვარულით, და ვერავინ შეძლებს ჩვენს დაყოფას ან დაშინებას, ჩვენი სუვერენიტეტის ან ჩვენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობის შერყევას“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
„ვინც ხმებს ითვლის, ის წყვეტს ყველაფერს“
რუსეთის არჩევნები წლების განმავლობაში განმავლობაში იწვევს დამკვირვებლების ეჭვს. წარსულში დამოუკიდებელი საარჩევნო დამკვირვებლები, ისევე როგორც სტატისტიკოსები, აფიქსირებდნენ ათობით შემთხვევას, როდესაც კენჭისყრის შედეგები, როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგის მისაღებად ყალბდებოდა. არსებობს საარჩევნო მანიპულაციის სხვა ფორმებიც - მაგალითად, ე.წ. „კარუსელები“, როდესაც ამომრჩევლები ავტობუსებით ერთი უბნიდან მეორეზე გადაჰყავთ, რათა მათ რამდენჯერმე მისცენ ხმა. კიდევ ერთი ფორმაა საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლების მოსყიდვა ან მათზე ზეწოლა, რათა მათ კონკრეტულ კანდიდატს მისცენ ხმა.
2022 წლის შემდეგ რუსეთში ჩატარებულ არჩევნებს დამოუკიდებელი დამკვირვებლები ვეღარ აკვირდებიან. რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯგუფი, „გოლოსი“ ხელისუფლებამ ფაქტობრივად გააქრო. უცხოურ სტრუქტურებს, როგორიცაა ეუთო, ან ევროპულ თუ ამერიკულ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს, არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობა წლების განმავლობაში არ ეძლევათ.
დამოუკიდებელმა მოძრაობა „გოლოსმა“, რომელიც 25 წლის განმავლობაში საარჩევნო უფლებების დაცვითა და არჩევნებზე დაკვირვებით იყო დაკავებული, 2025 წლის ივლისში ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გამო გამოაცხადა, რომ მუშაობას წყვეტდა. მანამდე ორი თვით ადრე მის თანათავმჯდომარეს, გრიგორი მელქონიანცს ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს „არასასურველ ორგანიზაციასთან“ ურთიერთობის ბრალდებით. ასევე აიკრძალნენ არჩევნების მონიტორინგით დაკავებული სხვა ჯგუფებიც, მაგალითად ალექსეი ნავალნის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური ორგანიზაცია და სხვ.
„რა თქმა უნდა, არის რეგიონები, სადაც ხელისუფლება ყოველგვარი განსაკუთრებული წინააღმდეგობის გარეშე იღებს ნებისმიერ [შედეგს], რომელიც სურთ, - უთხრა რადიო თავისუფლების მიერ დაფუძნებულ The CurrentTimes-ს „გოლოსის“ ყოფილმა თანათავმჯდომარემ, სტანისლავ ანდრეიჩუკმა, - მაგრამ არიან რეგიონებიც, სადაც ისინი სასურველ შედეგს ვერ მიიღებენ; იქ კანდიდატთა გუნდიც კი არ იქნება, რომელსაც ამის უზრუნველყოფა შეეძლებოდა“.
„ცხადია, ხელისუფლებას აქვს არჩევნების გაყალბების ყველა შესაძლებლობა, რათა სასურველი შედეგი მიიღოს“, - ამბობს პოლიტიკური ანალიტიკოსი რუსლან აისინი.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ჩატარება რთულია, ზოგიერთი კვლევა ომის მხარდაჭერის შესამჩნევ შემცირებაზე მიუთითებს. ასევე იკლებს თავად პუტინის მხარდაჭერაც, „ედინნაია როსსია“ კი, საარჩევნო სლოგანის მიხედვითაც, პუტინის პარტიაა.
მობილიზაცია იქნება?
2026 წლის რუსეთის პარლამენტის საარჩევნო ბიულეტენში არაფერი წერია მობილიზაციის შესახებ, თუმცა ყველა ანალიტიკოსი ხედავს, რომ ეს კითხვა ჰაერში ჰკიდია: მოჰყვება თუ არა არჩევნებს კიდევ ერთი ნაწილობრივი ან საყოველთაო მობილიზაცია?
როდესაც პუტინმა ბოლოს, 2022 წლის სექტემბერში, მობილიზაცია გამოაცხადა (საუბარია დაახლოებით 300 ათას მამაკაცზე, ძირითადად რეზერვისტებზე) ამ გადაწყვეტილებამ რუსეთი შოკში ჩააგდო. ქვეყანა დატოვა ასობით ათასმა ადამიანმა.
ოთხი წლის შემდეგ რუსეთის ჯარები კვლავ უზარმაზარ დანაკარგებს განიცდიან: გასულ კვირას ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა სამხედრო პირმა განაცხადა, რომ დაღუპულია სულ მცირე 500 ათასი რუსი სამხედრო. სხვა შეფასებების თანახმად, სულ მცირე კიდევ ერთი მილიონი დაიჭრა.
სამხედრო რეკრუტერებმა ჯერჯერობით მოახერხეს ფრონტზე მოხალისეთა ნაკადის შენარჩუნება, ძირითადად, უკიდურესად მაღალი ხელფასებისა და შეღავათების ხარჯზე; ზოგიერთ შემთხვევაში, გადასახდელი თანხა ერთი წლის საშუალო ხელფასს აღემატება. ასევე მნიშვნელოვანი თანხები გაიცემა ბრძოლებში დაღუპული სამხედროების ქვრივებისა და ოჯახის წევრებისთვის.
მაგრამ, როგორც ექსპერტები ამბობენ, ამ ხარჯებმა მრავალი რეგიონის ბიუჯეტი გამოფიტა და ადგილობრივ ხელისუფლებას ფინანსური პრობლემები შეუქმნა. შედეგად მკვეთრად შემცირდა ახალი რეკრუტების რაოდენობა.
ბოლო თვეებში გახშირდა ვარაუდი, რომ პუტინი ომის ესკალაციაზე წავა და სახელმწიფო სათათბირო არჩევნებიდან გარკვეული დროის შემდეგ ახალ მობილიზაციას გამოაცხადებს.
„დღევანდელი მდგომარეობით, არ არსებობს სცენარი, რომელიც მობილიზაციას მოითხოვს“, - განაცხადა პუტინმა არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ვლადივოსტოკში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე. დამკისრებლებმა შენიშნეს, რომ პუტინის ნათქვამში საკვანძო სიტყვებია „დღევანდელი მდგომარეობით“.
„ჩემი დაკვირვებით, არჩევნები ომისა და კრემლის პოლიტიკის შესახებ ერთგვარი საყოველთაო პლებისციტია, - თქვა ალექსანდრ კოლიანდრმა, Eurasia Group-ის დირექტორმა და ვაშინგტონში მდებარე ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (CEPA) მკვლევარმა, - მეორე მხრივ, ეს ბიუროკრატიის საყოველთაო აღლუმია: რამდენად შეუძლია ბიუროკრატიას ნორმალურობის ამ იერსახის შენარჩუნება, რამდენად შეუძლია ბიუროკრატიას უზრუნველყოს ყველაფრის შეუფერხებლად ჩატარება“.
ახალი რეპრესიული კანონებიც?!
პოლიტოლოგ ივან პრეობრაჟენსკის ვარაუდით, არჩევნების შემდეგ რუსეთის მოქალაქეები ბევრად უფრო რეპრესიულ ქვეყანაში გაიღვიძებენ:
„გაიღვიძებენ ქვეყანაში, სადაც პოლიტტექნოლოგებმა პოლიტიკაზე კონტროლი დაკარგეს და ეს კონტროლი საბოლოოდ სპეცსამსახურებმა გადაიბარეს. ასეთი რამ, ალბათ, გვიანდელ საბჭოთა კავშირშიც კი არ ხდებოდა: იქ, ყოველ შემთხვევაში, კომუნისტური პარტიის პოლიტიკური ორგანოები ცდილობდნენ, კგბ-ზე კონტროლი შეენარჩუნებინათ. რუსეთის რეპრესიული ორგანოების ყოვლისშემძლეობის ხარისხი მკვეთრად გაიზრდება, რასაც შესაბამისი შედეგებიც მოჰყვება, რადგან ჩვენ რუსეთის „ჩეჩენიზაციის“ პროცესს ვაკვირდებით. უპირველესად, რეპრესიების გამკაცრებას ველით“.
ემიგრაციაში მცხოვრები რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დმიტირი გუდკოვი 100%-ით არის დარწმუნებული, რომ რეპრესიები გაძლიერდება.
„მით უმეტეს, რომ უკვე ისედაც არსებობს „დეგენერატების კანონი“, რომელიც ძალოვნებისა და სპეცსამსახურების ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას გულისხმობს. იგულისხმება ყველა პარტია, რომელიც მხარს უჭერს ომს და რეპრესიულ კანონებს“, - ამბობს ის.
კიდევ რა იქნება?
არჩევნების შემდეგ (1 ოქტომბრიდან) რუსეთში ასევე მნიშვნელოვნად, მიმდინარე წლის განმავლობაში უკვე მეორედ, გაიზრდება საბინაო-კომუნალური მომსახურების ტარიფები. როგორც სპეციალისტები შენიშნავენ, რუსეთში კომუნალური ქსელები უკიდურესად გაცვეთილია, რეგიონები კი ბიუჯეტის დეფიციტს მათი მოვლა-პატრონობისა და შეკეთების ხარჯების შემცირებით ფარავენ.
რუსეთის მთავრობის ინფორმაციით, საბინაო-კომუნალური მომსახურების საშუალო ტარიფები, რეგიონის მიხედვით, 8%-დან 22%-მდე გაიზრდება. ყველაზე მეტად კომუნალური მომსახურების ფასები სტავროპოლის მხარეში მოიმატებს - 22%-ით, დაღესტანში - 19,7%-ით, ხოლო ტამბოვის ოლქში - 17,5%-ით. მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ტარიფები, შესაბამისად, 15 და 14,6 პროცენტით გაიზრდება. ყველაზე მცირე მატება ჩუკოტკაზე იქნება - 8%.
თავდაპირველად კომუნალურ მომსახურებაზე გადასახადების გაზრდა 2026 წლის ივლისში იგეგმებოდა, თუმცა შემდეგ ვადა ოქტომბრამდე გადაიწია (სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების დასრულების შემდეგ). “საბინაო-კომუნალური მომსახურების ტარიფებთან ერთად ფასებიც გაიზრდება, რადგან ბიზნესიც ახალი ტარიფით გადაიხდის”, - ამბობს რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის ეკონომიკური მიმომხილველი მაქსიმ ბლანტი:
„თუ გადავხედავთ ინფლაციის ყოველკვირეულ მონაცემებს, რომლებსაც როგორც „როსსტატი“, ისე ცენტრალური ბანკი აკვირდება, საკმარისია, შარშანდელ მონაცემებს შევხედოთ, რათა დავინახოთ ინფლაციის „კუზი“, რომელმაც მყისიერად შემატა რამდენიმე პროცენტული პუნქტი ინფლაციას“.
ექსპერტთა დაკვირვებით, რუსეთის მთავრობა საბინაო-კომუნალურ მეურნეობაზე სულ უფრო ნაკლებ ფულს ხარჯავს. ასე, მაგალითად, 2022 წლის შემოდგომაზე რუსეთის მთავრობამ გამოთვალა, რომ 2030 წლისთვის კომუნალური ქსელების განახლებაზე 9 ტრილიონი რუბლის (დაახლოებით 107 მილიარდი დოლარის) გამოყოფა იყო საჭირო, თუმცა 1,5 წლის შემდეგ ვლადიმირ პუტინმა ამ მიზნებისთვის მთავრობას ორჯერ ნაკლები თანხის გამოყოფა დაავალა.
რუსეთში კომუნალური ქსელების ცვეთის დონე დაახლოებით 40%-ს შეადგენს, ზოგიერთ რეგიონში კი 80%-საც აღწევს. ამიტომ სპეციალისტებს არ უკვირთ, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთის მოქალაქეების მიერ საბინაო-კომუნალურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების საშუალო წილმა მათი მთლიანი ხარჯების 12,8%-ს შეადგინა.
ფორუმი