Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დიდი ალბათობით, ნოროვირუსი იყო“ - NCDC ბავშვების მოწამვლის შემთხვევებზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, საბოლოო შედეგების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, საბოლოო შედეგების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) განცხადებით, თბილისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა შორის გასტროენტერიტის შემთხვევების ძირითადი მიზეზი, დიდი ალბათობით, ნოროვირუსი იყო.

NCDC-ის ცნობით, ცენტრი კვლევაში 17 სექტემბერს, საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა შორის გასტროენტერიტის შემთხვევების გამოვლენისთანავე ჩაერთო.

„დაავადებასთან დაკავშირებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცენტრში ამბობენ, რომ შემთხვევების კლინიკური მიმდინარეობა ამ დროისთვის კეთილსაიმედოა, მნიშვნელოვანი ან საშიში გართულება არცერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა, ბავშვების უმრავლესობა კი უკვე გამოჯანმრთელების ფაზაშია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, კვლევების საბოლოო შედეგების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

ნოროვირუსი ვირუსული გასტროენტერიტის ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევია. მას ახასიათებს ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა და ზოგჯერ ტემპერატურის მატება. NCDC-ის თანახმად, საქართველოში ვირუსული გასტროენტერიტების 40-45%-ის მიზეზი სწორედ ნოროვირუსია.

ცენტრი აცხადებს, რომ, როგორც წესი, ორგანიზმი ინფექციას 1-3 დღეში თავად უმკლავდება. მკურნალობისას მნიშვნელოვანია სწორი ჰიდრატაცია და ორგანიზმში სითხის აღდგენა, ასევე კვების რეჟიმის დაცვა. NCDC-ის რეკომენდაციით, მინიმუმ 3-4 დღის განმავლობაში რაციონიდან უნდა ამოიღონ რძის პროდუქტები, ცხიმიანი, შემწვარი და ცხარე საკვები. დიარეისა და ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება კი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მოხდეს.

100-ზე მეტმა ბავშვმა მიმართა კლინიკებს

საბავშვო ბაღებში ავადმყოფობის სიმპტომებით კლინიკებს მიმართული ბავშვების რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. ეს მონაცემი არ მოიცავს იმ ბავშვებს, რომლებსაც მშობლები სახლში მკურნალობენ.

თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვების სავარაუდო მოწამვლის შესახებ პირველი ცნობები 18 სექტემბრის დილას გავრცელდა. ათობით ბავშვი სხვადასხვა კლინიკაში მსგავსი სიმპტომებით, მათ შორის პირღებინებით, მაღალი ტემპერატურითა და ფაღარათით გადაიყვანეს.

18 სექტემბერს, „ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით“, შვიდმა საბავშვო ბაღმა აღსაზრდელები არ მიიღო.

საქმეზე გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლისთვის საშიში პროდუქციის დამზადებასა და რეალიზაციას ეხება.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ოთხ ბაგა-ბაღსა და მათთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ სამ კომპანიაში ჩხრეკა ჩატარდა. ასევე გამოიკითხა 50-ზე მეტი ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.

გამოძიების საწყის ეტაპზე უწყება აცხადებდა, რომ არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდა, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები იყო.

19 სექტემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ამ ეტაპზე მტკიცებით იმის თქმა, პრობლემა საკვებმა გამოიწვია თუ არა, ნაადრევი იყო და შესაბამისი სამსახურების კვლევის შედეგებს უნდა დალოდებოდნენ.

NCDC-ის განცხადებით, საბავშვო-სააღმზრდელო დაწესებულებებში კვების უსაფრთხოების შესწავლის მიზნით კვლევაში პირველივე ეტაპზე ჩაერთნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურებიც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG