Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქუჩა უნდა დაიკავოს პატრიოტმა ხალხმა“ - თბილისში Eagle Hills-ის პროექტი გააპროტესტეს

აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე. 2026 წლის 20 სექტემბერი
აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე. 2026 წლის 20 სექტემბერი

„კონსერვატორები საქართველოსთვის“ „ქართული მიწების დაცვის ეროვნული ერთობის“ შექმნას აანონსებენ. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ქარდავამ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე განაცხადა.

ქარდავას თქმით, დაიწყება კონსულტაციები ყველა „ეროვნულ, ჯანსაღ პოზიციაზე მდგომ პოლიტიკურ ჯგუფთან“.

თბილისის ცენტრში აქცია კომპანია Eagle Hills-ის ინვესტიციისა და, ორგანიზატორების შეფასებით, „არაბული ქალაქების“ მშენებლობისა და „უკონტროლო მიგრაციის“ წინააღმდეგ გაიმართა.

არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან კომპანია მასშტაბური პროექტების განხორციელებას თბილისში, კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, ხოლო გონიოში, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე გეგმავს.

აქციაზე გამომსვლელები აკრიტიკებდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასა და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.

„თუ ამ „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილის თამადობით, არ მოვაცილებთ, ეს პროცესი არ გაჩერდება“, - თქვა გიორგი მარტინენკომ.

ორგანიზატორთა განცხადებით, საპროტესტო აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და მათი რაოდენობა და მასშტაბი ეტაპობრივად გაიზრდება: „ქუჩა უნდა დაიკავოს პატრიოტმა ხალხმა“.

თავისუფლების მოედანზე აქციის დასრულების შემდეგ შეკრებილებმა მსვლელობა გამართეს სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით.

„კონსერვატორები საქართველოსთვის“ ჰომოფობიური და პრორუსული ჯგუფის „ალტ-ინფოს“ დაფუძნებული პარტიაა. ისინი ებრძვიან ლიბერალურ ღირებულებებს. 2021 წლის 5 ივლისს მათი ორგანიზებით გაიმართა „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქცია, რა დროსაც დემონსტრანტებმა იძალადეს ათობით ჟურნალისტზე. ძალადობის ორგანიზატორებიდან დღემდე არავინ დასჯილა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების დეველოპერულ კომპანია Eagle Hills-სა და საქართველოს მთავრობას შორის საინვესტიციო შეთანხმებას 2025 წლის 22 ოქტომბერს მოეწერა ხელი. შეთანხმების მიხედვით, თბილისში და გონიოში ორი მსხვილი დეველოპერული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, რომელთა ჯამური ღირებულება 6,6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

პროექტის საწინააღმდეგო აქციებს პერიოდულად მართავენ სხვადასხვა ჯგუფები და საზოგადოების წარმომადგენლები, რომელთა პოლიტიკური შეხედულებები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება.

შეთანხმების გაფორმების შემდეგ პროექტთან დაკავშირებით არაერთი კითხვა გაჩნდა. იურისტებისა და ეკონომისტების ნაწილი მიუთითებდა ბუნდოვანებაზე როგორც მშენებლობის პირობებისა და ვადების, ისე სახელმწიფოს ფინანსური ვალდებულებებისა და მოსალოდნელი სარგებლის კუთხით. პროექტის კრიტიკოსთა ნაწილი მას ქვეყნისთვის შესაძლო ეკონომიკურ და სოციალურ რისკებსაც უკავშირებდა.

განსაკუთრებული დისკუსიის საგანი გახდა თბილისში დაგეგმილი Tbilisi Waterfront-ის პროექტი. გარემოსდამცველები ყურადღებას ამახვილებენ ტერიტორიის ეკოლოგიურ მნიშვნელობაზე და აცხადებენ, რომ კრწანისის ტყე-პარკისა და მტკვრისპირა ბუნებრივი სივრცის მასშტაბურმა განაშენიანებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს როგორც გარემოზე, ისე ქალაქის ინფრასტრუქტურაზე.

მათი შეფასებით, დამატებითი დატვირთვა შეიძლება შეიქმნას წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემებისთვის, სატრანსპორტო ქსელისა და სხვა საქალაქო ინფრასტრუქტურისთვის. პროექტის ირგვლივ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დისკუსიებში ასევე გაჩნდა დემოგრაფიულ გავლენასთან დაკავშირებული საკითხები. ხელისუფლება მსგავს შეფასებებს არ იზიარებს და პროექტის ეკონომიკურ სარგებელზე საუბრობს.

კრწანისის ტყე-პარკი
კრწანისის ტყე-პარკი

Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების სრული დეტალები საჯარო არ არის. ხელისუფლების განმარტებით, დოკუმენტის ნაწილი კომერციულ საიდუმლოებას შეიცავს, თუმცა პროექტის ძირითადი პირობები საზოგადოებისთვის ცნობილია.

2026 წლის თებერვლის დასაწყისში Eagle Hills-მა განაცხადა, რომ Tbilisi Waterfront-ის პირველი ფაზის ფარგლებში დაგეგმილი საცხოვრებლები გაყიდვების დაწყების პირველივე დღეს სრულად გაიყიდა. კომპანიის ინფორმაციით, პირველი ფაზა 300-ზე მეტ სხვადასხვა ტიპის უძრავ ქონებას, მათ შორის პრემიუმ კლასის აპარტამენტებს, თაუნჰაუსებსა და ვილებს მოიცავს.

Eagle Hills-ის ინფორმაციით, წინასწარი წესით გაყიდული უძრავი ქონების თითქმის 60% საქართველოს მოქალაქეებმა შეიძინეს.

2026 წლის დასაწყისში „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტის შედეგად საქართველოს ეკონომიკას წლის განმავლობაში 11 მილიარდი ლარი შეემატებოდა. მისი თქმით, პროექტის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში მომდევნო ათი წლის განმავლობაში საშუალოდ წელიწადში დაახლოებით 700 მილიონი ლარი შევა.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე, კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. როდის დაიწყება უშუალოდ პროექტის მშენებლობა, ჯერ უცნობია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG