Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა რუსული რაკეტებით და დრონებით შეტევას

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, კიევის დნეპრის რაიონში ნაწილობრივ დანგრეულია ხუთსართულიანი სახლი
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, კიევის დნეპრის რაიონში ნაწილობრივ დანგრეულია ხუთსართულიანი სახლი

რუსეთის ჯარებმა 21-დან 22 სექტემბრის ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე და დნეპროპეტროვსკის ოლქზე. არის მსხვერპლი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, კიევის დნეპრის რაიონში დარტყმა იყო 5-სართულიან სახლზე, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა. სახლის ნაწილი დანგრეულია. დაშავდა 4 ადამიანი. 15 მაშველებმა გადაარჩინეს.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რაკეტებით შეტევა იყო ქალაქებზე, დნეპრზე, კრივოი-როგსა და პავლოგრადზე. ძირითადი სამიზნე საწარმოები იყო.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსანდრ განჟას ტელეგრამ-არხზე 22 სექტემბერს დილის შვიდი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქალაქ დნეპრში 2 ადამიანი დაიღუპა და 6 დაიჭრა. ერთ-ერთი დანგრეული საწარმოს ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

განახლება: დილის ათი საათისთვის განჟამ ტელეგრამზე დაწერა, რომ მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიტანეს ორი ცხედარი. დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.

სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს არ დაუსახელებია კონკრეტული საწარმოები, რომლებზეც რუსეთის ჯარებმა შეტევა მიიტანეს.

  • უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში ბევრი საწარმოა, მათ შორის მეტალურგიული და მანქანათმშენებელი ქარხნები.

გამოცემა Financial Times-ის ცნობით, 2026 წლის სექტემბრის დასაწყისიდან რუსეთმა სარაკეტო შეტევებით მწყობრიდან გამოიყვანა უკრაინის ბოლო სამი მსხვილი მეტალურგიული ქარხანა, რომლებიც დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს ოლქებშია.

ეს ქარხნები უკრაინაში ფოლადის 90%-ს აწარმოებდნენ. მათი მფლობელი კომპანიის, „მეტინვესტის“ წარმომადგენელმა ოლექსანდრ ვოდოვიზმა გამოცემას უთხრა, რომ უკრაინას მეტალურგიული მრეწველობა აღარ აქვს.

  • რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის ერთ-ერთი ძირითადი სამიზნე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებია.

სამრეწველო საწარმოსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტზე შეტევის შესახებ 22 სექტემბერს დილით განაცხადა უკრაინის პოლტავის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამაც. კონკრეტული ობიექტები არც მას დაუსახელებია. მსხვერპლი არ არის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური არხებით 22 სექტემბერს დილით გავრცელებული ცნობით, ღამის განმავლობაში რაკეტებით და დრონებით დაარტყეს კიევში მდებარე საწარმო „ფაიერ პონტს“, რომელიც „ფლამინგოს“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მაკომპლექტებლებს აწარმოებს, ქალაქ კრივოი-როგის მეტალურგიულ კომბინატს, ქალაქ დნეპრის ქარხანას, რომელიც დრონების ნაწილებს აწარმოებს, ქალაქ პავლოგრადში მდებარე ქარხანას, რომელიც აწარმოებს სარაკეტო საწვავს და დენთს და პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუგის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.

უკრაინის კომპანია „ნაფტოგაზის“ ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა პოლტავის ოლქში სულ მცირე ხუთი ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს ნავთობისა და გაზის კომპლექსის ტექნოლოგიურ ობიექტებს, რომლებიც ათეულობით ადრინდელი შეტევის შედეგად დიდი ხანია ისედაც გაჩერებულია. კომპანიის თანახმად, 22 სექტემბრის შეტევამ გამოიწვია „კრიტიკული ნგრევები“, რაც ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის ობიექტის აღდგენას.

უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრენერგოს“ ცნობით, ენერგოობიექტებზე რუსეთის ჯარების მასირებული შეტევის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა კიევის, ვინიცის, ჟიტომირის, ნიკოლაევის, ჩერნიგოვის, სუმის და დნეპროპეტროვსკის ოლქებს.






ფორუმი

​
XS
SM
MD
LG