Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეგის ქარდავას ხუთ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მეგის ქარდავა წლების განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა, მასზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა იყო გამოცხადებული. მსჯავრდადებულის ექსტრადირება საქართველოში 2021 წლის 17 სექტემბერს განხორციელდა.
მეგის ქარდავა წლების განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა, მასზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა იყო გამოცხადებული. მსჯავრდადებულის ექსტრადირება საქართველოში 2021 წლის 17 სექტემბერს განხორციელდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 768 107 ლარის მითვისებისა და გაფლანგვის ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

2026 წლის 22 სექტემბერს მას 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პროკურატურის ვერსიით, - რაც სასამართლომაც გაიზიარა, - 2012 წლის 22 მაისს ქარდავამ, - რომელიც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო, - მაშინდელ თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას „სამხედრო პოლიციისთვის, ფარული ხარჯების მუხლით, სთხოვა 330 000 ლარის გამოყოფა“.

„მინისტრის თანხმობისა და თანხის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ ქარდავას დავალებით, ფული ერთ-ერთი ბანკიდან გამოიტანეს და უცხოურ ვალუტაში გადააკონვერტირეს. ამის შემდეგ ქარდავამ 200 000 აშშ დოლარი უკანონოდ მიითვისა“, - წერს პროკურატურა 22 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის პრესცენტრის ცნობით, სასამართლოში გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა დაადასტურა, რომ ქარდავამ „თავდაცვის სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების დახმარებით, 2011 წლის 16 ნოემბრიდან 2012 წლის აგვისტომდე, თითქოსდა ოპერატიული მიზნებისთვის, ჯამში მიითვისა და გაფლანგა 768 107 ლარი“.

უწყების თქმით, თანხების მითვისებისა და გაფლანგვის დასაფარად ქარდავას დავალებით მომზადდა ფიქციური დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც, თანხები თითქოს ავღანეთში მივლენილმა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ქვედანაყოფმა დახარჯა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისთვის.

„ამის საფუძველზე თანხები ჩამოიწერა და ბუღალტრულად გასწორდა“, - წერს უწყების პრესცენტრი.

  • მეგის ქარდავა მრავალი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ იმალებოდა.
  • საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ მეგის ქარდავა დამნაშავედ იყო ცნობილი რამდენიმე, მათ შორის, „ციხის ბუნტის“, ნავთლუღის სპეცოპერაციისა და პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეებზე და ყველა მათგანზე დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი თავისუფლების აღკვეთა.
  • მასზე 2013 წლიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იყო ძებნა გამოცხადებული.
  • მისი ექსტრადირება საქართველოში 2021 წლის 17 სექტემბერს განხორციელდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG